ჭაბუკები კაცების წინააღმდეგ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, რომელიც მთლიანად ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდის,  მარცხით დაიწყო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატი – ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტირნოვოში 29-35 წააგო ლუქსემბურგთან. ხვალ ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ბრიტანეთს ვეთამაშებით, ზეგ – მალტას. ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 გუნდი გადის.    

ტურნირზე ასეთი ასაკობრივი შეზღუდვა – თამაშობენ ხელბურთელები, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 25 წელი, მწვრთნელებს კი 3 უფროსი მოთამაშის დამატებაც  შეუძლიათ. რადგანაც ტურნირზე მთავარი ჯილდოს გარდა თამაშდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდის 3 საგზური, ამ უფლებას ყველა იყენებს, შესაბამისად – თითქმის ყველა ნაკრები ფაქტიურად ეროვნული გუნდით გამოდის. თურქეთის გუნდს, მაგალითად ნაკრების ლიდერი, 36 წლის რამაზან დიონე ჰყავს დამატებული.

ჩვენს გუნდში კი განსხვავებული სიტუაციაა – რადგანაც სეზონის ბოლო ნაკრების ლიდერების უმეტესობა ტრავმირებული იყო, მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, ბულგარეთში წაეყვანათ 19-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრები, რომელსაც აგვისტოში თბილისში მსოფლიო ჩემპიონატი აქვს. დაგვემატა მხოლოდ ორი უფროსი – 20 წლის დიხამინჯია და 21 წლის ორჯონიკიძე. ამათგან პირველ მატჩში დიხამინჯია სიცხიანი იყო და არ უთამაშია, ჭაბუკებმა კი თავიდან ბოლომდე იბრძოლეს და მხოლოდ ბოლოში გატყდნენ – 29-35. ჩვენი ეროვნული გუნდი იანვარში ზუსტად ამ ანგარიშით დამარცხდა ლუქსემბურგში, თბილისში კი სხვაობა მეტი იყო – 24-31. იმ შემადგენლობიდან ველიკო ტირნოვოში ლუქსემბურგს სულ 3-4 კაცი აკლდა და, ფაქტობრივად, აქაც ეროვნული ნაკრებით გვეთამაშა.

ქართველი ჭაბუკები პირველ ტაიმში რამდენჯერმე იყვნენ წინ. ბოლოს თამაშში კარგად ჩართულმა ბულბულაშვილმა დაგვაწინაურა (8-7, 13 წუთი), მაგრამ აქ მეტოქემ მცირე სპურტი მოგვიწყო, 14-10 დაწინაურდა და ტაიმი 18-14 მოიგო. შესვენების შემდეგ ორჯონიკიძემ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (18-19), გამთამაშებელმა ბაინაზიშვილმა კიდევ ორჯერ დაგვაახლოვა მეტოქეს, ლუქსემბურგმა კი საბოლოოდ 53-ე წუთზე, ზედიზედ სამი გოლის შემდეგ დაიბევა მოგება, როცა 5 ბურთით გავიდა წინ 30-25.

მეტოქემ აშკარად გვაჯობა პივოტის პოზიციაზე, სადაც ძალიან ხშირად ორი მოთამაშე ეყენა და ჯამში 6 მეტრიდან 13 გოლი გაგვიტანა, ძირითადად გამათამაშებელ ალენ ზეკანის პასების შემდეგ (6 გოლი, 9 პასი, ზეკანი ლუქსემბურგელთა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ჩვენგან გამოარჩიეს 16 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც  თეიმურაზ ორჯონიკიძესთან ერთად ჩვენგან ყველაზე მეტი, 6 გოლი გაიტანა). ხაზიდან გატანილ 13 ბურთს მარცხენა ინსაიდმა მარტინ მიულერმა დაამატა 10 გოლი და თამაშის ბედი ლუქსემბურგელთა სწორედ ამ ორმა ზრდასრულმა მოთამაშემ, 27 წლის ზეკანმა და 29 წლის მიულერმა გადაწყვიტა. მეოთხედფინალში გასასვლელად ჩვენებს ხვალ პრინციპული მატჩი აქვთ ბრიტანეთთან, ზეგ ვეთამაშებით მალტას.

ადრიან სტოტი, მწვრთნელი, ლუქსემბურგი: – ჩვენ იანვარში ორჯერ დავამარცხეთ საქართველო, მაგრამ ამჯერად ბრმად გამოვედით თამაშზე, რადგანაც არ ვიცოდით, რა შემადგენლობა ეყოლებოდა მეტოქეს. თამაშის ბედი ალენ ზეკანმა და მარტინ მიულერმა გადაწყვიტეს.

ალენ ზეკანი, ლუქსემბურგი: – მძიმე თამაში იყო. საქართველოს იანვარში მოვუგეთ, მაგრამ ახლა ახალგაზრდული გუნდი ჰყავდათ. ჩვენ პირველი ადგილის დაკავება გვინდოდა ჯგუფში და უნდა მოგვეგო. საბოლოო მიზნად სამეულში შესვლა და ევრ 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურის მოპოვება გვაქვს. 

ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი, საქართველო: – ჩვენ ჭაბუკთა გუნდით ვართ ჩამოსული და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით. კმაყოფილი ვარ რომ გუნდმა იბრძოლა, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, თუმცა, მოსაგები თამაშებიც გვექნება. ჩვენი კონკრეტული მიზანია ჯგუფიდან გასვლა.

სანდრო ხანდოლიშვილი, საქართველო – კმაყოფილი არა ვარ – წავაგეთ, თუმცა, კარგი მომენტებიც გვქონდა ამ მატჩში. ჯგუფიდან გასვლა გვინდა, გვინდა, რაც შეიძლება კარგი შედეგი ვაჩვენოთ. არ ვიცი,  სადამდე მივალთ, რადგანაც ახალგაზრდა გუნდი გვყავს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და წინასწარ არავის არ დავნებდებით.

ტურნირს ორი ქართველი მსაჯი ემსახურება. თამარ ჩოგოვაძე და ლუკა მამაგეიშვილი გაბროვოსა და ველიკო ტირნოვოში IHF დელეგატების კურსს გადიან და ტურნირის მატჩებზეც მუშაობენ ტაიმკიპერად და თამაშის მდივნად.

ბოლოს, ინფორმაცია ქალთა ხელბურთის შესახებ. ჩვენმა ქალთა ნაკრებმა, როგორც მოგეხსენებათ, მესამე ადგილი დაიკავა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. ბოლო მატჩში ტურნირის მასპინძელმა, კოსოვომ 32-25 მოუგო ისრაელს და მეორე შესარჩევი ეტაპის საგზური მოიპოვა.

ხელბურთი. IHF განვითრებადი ქვეყნების ჩემპიონატი (24 წ, კაცები)

გაბროვო, ველიკო ტირნოვო (ბულგარეთი), 12-18 ივნისი, 2017

B ჯგუფი: ლუქსემბურგი, საქართველო, მალტა, დიდი ბრიტანეთი (ველიკო ტირნოვო)

ლუქსემბურგი-საქართველო 35-29

ლუქ: ჰერმანი, მიხელსი – მიულერი 10, ა. ზეკანი 6, ვაიერი 6, შრიოდერი 5, კრირი 3, ფ. იპერი 2, იაკობი 2, მოლიტორი 1, შაიდი, ი. იპერი, ა. ზეკანი, ფრერესი – მწვ.  სტოტი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – ორჯონიკიძე 6, ცხოვრებაძე 6, რუსტამოვი 5, ბაინაზიშვილი 3, ბულბულაშვილი 3, არსენაშვილი 3, გოგავა 2, მერკვილაძე 1, მიქავა, ყორიაული, იობაშვილი, დიხამინჯია – მწვ. ორჯონიკიძე, პორტნოი

მსაჯები: დოიჩინოვი, გორეცოვი (ბულ)

მალტა-ბრიტანეთი 18-24

13 ივნ. 19:00 საქართველო-ბრიტანეთი, 21:00 ლუქსემბურგი-მალტა

14 ივნ. 19:00 ბრიტანეთი-ლუქსემბურგი, 21:00 საქართველო-მალტა

ჯგუფი: თურქეთი, კოსოვო, ალბანეთი, ირლანდია (ველიკო ტირნოვო)

12 ივნ. თურქეთი-კოსოვო 25-24, ალბანეთი-ირლანდია 33-50

C ჯგუფი: კვიპროსი, ბულგარეთი, ანდორა, აზერბაიჯანი (გაბროვო)

12 ივნ. კვიპროსი-ბულგარეთი 25-22, ანდორა-აზერბაიჯანი 23-31

D ჯგუფი: ჩინეთი, ფარერის კუნძულები, სომხეთი, მოლდოვა (გაბროვო)

12 ივნ. სომხეთი-მოლდოვა 13-46, ჩინეთი-ფარერები 23-30

2-2 გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში

16 ივნისი – მეოთხედფინალი 1-8 და 9-16 ადგილებისთვის

A1-B2, B1-A2 (ტირნოვო), C1-D2, D1-C2 (გაბროვო)

17 ივნისი – ნახევარფინალი

1-4, 5-8 ადგილები (გაბროვო): A1-B2/ C1-D2, B1-A2/ D1-C2

9-12, 13-16 ადგილები (ტირნოვო)

18 ივნისი – ფინალი

1-2, 3-4, 5-6, 7-8 ადგილები (ტირნოვო), 9-10, 11-12, 13-14, 15-16 ადგილები (გაბროვო)

სამი საუკეთესო ევროპული გუნდი იღებს ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს

ევრო 2018, ქალები. პირველი შესარჩევი ეტაპი. 9-11 ივნისი, 2017

მეორე ეტაპზე გადიან ჯგუფების გამარჯვებულები

B ჯგუფი: ისრაელი, კოსოვო, საქართველო (კოსოვოში)

11 ივნისი. ისრაელი – კოსოვო 25-32

10 ივნისი, პრიშტინა. კოსოვო – საქართველო 30-19

9 ივნისი, 20:00, ჯაკოვე. საქართველო – ისრაელი 27-31

A ჯგუფი: ფინეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი (საბერძნეთში)

11 ივნისი. ფინეთი-ფარერები 17-20

10 ივნისი. ფარერები – საბერძნეთი 25-24

9 ივნისი. საბერძნეთი-ფინეთი 29-20

მეორე შესარჩევი ეტაპი. სექტემბერი 2017-ივნისი  2018

1 ჯგუფი: ნორვეგია, ხორვატია, უკრაინა, შვეიცარია

2 ჯგუფი: მონტენეგრო, პოლონეთი, სლოვაკეთი, იტალია

3 ჯგუფი: შვედეთი, სერბეთი, მაკედონია, ფარერის კუნძულები

4 ჯგუფი: რუმინეთი, რუსეთი, ავსტრია, პორტუგალია

5 ჯგუფი: დანია, ჩეხეთი, სლოვენია, ისლანდია

6 ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, ლიტვა

7 ჯგუფი: ჰოლანდია, უნგრეთი, ბელარუსი, კოსოვო

ფინალურ სტადიაზე გავა 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამე ადგილი.

ევრო 2018: საფრანგეთი, 2018 წლის დეკემბერი

Leave a Reply