ცვლილებები საერთაშორისო კალენდარში  

ევროპის ქალთა ჩემპიონატის დროს პარიზში გაიმართა ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელიმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – საქმე ეხება ცვლილებებს ევროტურნირებისა და ევროპის ჩემპიონატების ფორმატში.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციიდან ფინალური ოთხეულის მატჩებსა და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და ქალთა ხელბურთის კომიტეტის თავმჯდომარე, ლანა მარგიანი, რომლებიც მოგვითხრობენ ცვლილებებზე.

ლანა მარგიანი: – აღმასკომმა მიიღო დადგენილება, რომ დაიწყოს ევროპის ქალთა ჩემპიონატის 2024 წლიან 24-გუნდიან ფორმატზე გადასვლის განხილვა. კაცები ამ ფორმატზე, როგორც იცით, 2020 წლის ჩემპიონატიდან გადავლენ. მაშინვე წამოიჭრა ქალთა საკითხიც, თუმცა, ქალთა ხელბურთში 24 ძლიერი გუნდის შეგროვება ამ მომენტისთვის გაჭირდება. ევროპის ფედერაციას კონსულტაციები ჰქონდა თავი ფინანსურ პარტნიორებთან, მათგან დადებითი გამოხმაურება მიიღო გაფართოების შესახებ  და გადაწყდა, საქმეს მსვლელობა მიეცეს. შემდეგ შეხვედრაზე,  ჰამბურგში, 2019 წლის იანვარში, კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის დროს, EHF წარმოადგენს ქალთა 24-გუნდიანი ევროპის ჩემპიონატის სპორტულ  და ფინანსურ ანალიზს და გაიმართება შემდგომი მსჯელობა. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატები, როგორც ქალთა, კაცთა, ასევე ქალთა შორის, 2021 წლიდან უკვე გადადიან 32-გუნდიან ფორმატზე, ასე რომ, ქალთა ევროპის ჩემპიონატის 24 გუნდამდე გაფართოება უახლოესი დროის საკითხია და ალბათ ეს 2024 წლიდან დაიწყება.

ეს, რა თქმა უნდა, ქალთა ხელბურთის განვითარების მეტ შანსსა და მოტივაციას მისცემს ბევრ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც. ვერ გეტყვით, რომ ჩვენი ქალთა ნაკრები მაინცდამაინც 2024 წლისთვის მზად იქნება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, ვნახოთ, მაგრამ, თუ განვითარება ჩვენს მიერ დასახული გეგმის მიხედვით წარიმართა, მომდევნო წლებში შანსი ნამდვილად გაგვიჩნდება. 

ქეთევან კობერიძე: – მნიშვნელოვანია, რომ, 2020-21 წლების სეზონიდან მთლიანად იცვლება ევროტურნირების სტრუქტურა. ჩემპიონთა ლიგა გადადის 16 გუნდიან ფორმატზე და მეორე დონეზე იქმნება ახალი ტურნირი – ევროპის სახელბურთო ლიგა.

 ჩემპიონთა ლიგაში დღევანდელი 28-გუნდიანი ფორმატიდან დარჩება ორი, A და B რვაგუნდიანი ჯგუფი, რომელიც, ჩვეულად, ორ წრედ ითამაშებს. ორ-ორი საუკეთესო გავა პირდაპირ მეოთხედფინალში, ხოლო მე-3-6 ადგილები პლიოფში მერვედფინალიდან ჩაერთვებიან. ჯამში, სეზონში გუნდებს მოუგროვდებათ იგივე რაოდებობა – 14-22 მატჩი, ოღონდ ეს იქნება ნამდვილად ელიტარული 16 გუნდის ტურნირი. ზუსტად ასეთივე ფორმატი ექნება ქალების ჩემპიონთა ლიგასაც.

დანარჩენი კლუბები იასპარეზებენ მეორე დონეზე, ევროპის ლიგაში. კაცებში აქ 4 ჯგუფად ყოფილი 24 გუნდი იქნება, ქალებში – 16, მათგან ნახევარი ბრძოლას გააგრძელებს პლეიოფში. რაც შეეხება დღევანდელ ტურნირებს, EHF თასსა და ჩელენჯ კაპს, მესამე დონის ტურნირს, რომელსაც ახლა ჩელენჯ კაპი ქვია, დაერქმება EHF თასი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროტურნირების მატჩების დიდი ნაწილი მთლიანად გადავა შუა კვირაში. კაცთა ჩემპიონთა ლიგის მატჩები იქნება ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ევროპის ლიგისა – სამშაბათსა და ოთხშაბათს. ქალთა ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის და EHF თასის ორივე გათამაშების მატჩები შაბათ-კვირას გაიმართება. დაზუსტდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეულის  ვადებიც – ქალები ითამაშებენ მაისის ბოლოს/ივნისის დასაწყისში და კაცები – ივნისის შუაში და ამით სეზონი დასრულდება: ივნისის სანაკრები მატჩები გადატანილია აპრილის ბოლოს/მაისის დასაწყისში.

გაიზარდა პლაჟის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატების მონაწილეების რიცხვი – უკვე 2019 წლიდან აქ ქალთა და კაცთა 20-20 ნაკრები ითამაშებს.

და ბოლოს, ხელბურთის ხელბურთის მსოფლიო ფედერაციამ უკვე დაამტკიცა რომ 2021 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატებში 32-32 გუნდი ითამაშებს როგორც ქალთა, ისევე კაცთა შორის. ჯერ ცნობილი არაა, როგორ გადანაწილდება დამატებითი 8 ადგილი კონფედერაციებს შორის, მაგრამ ცხადია, რომ შერჩევის ფორმატი ნაკლებად მკაცრი იქნება. შესაბამისად, ჩვენი კაცთა ეროვნული ნაკრები უკვე გაისიდან უნდა ჩაერთოს ბრძოლაში – 2019 წლის შემოდგომაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია, 2020 წლის ივნისში – პლეიოფი.

Leave a Reply