ჩოხელი ფინალური ოთხეულისთვის იბრძვის

მაკედონიაში სახელბურთო სეზონი ევროპაში ყველაზე გვიან განახლდა. შესვენების შემდეგ პირველი მატჩი გამართა მედეა ჩოხელის გუნდმა პელისტერმა და ლიდერთან, სკოპიეს მეტალურგთან დამარცხდა – 23-33. 

ჩოხელმა შეუცვლელად ითამაშა, 4 გოლი გაიტანა (სეზონში 56 გატანილი ბურთი აქვს), ხოლო კლუბი 15 თამაშიდან 9 მოგებით მეხუთე ადგილზეა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება მეოთხეზე მყოფ სტრუჟანკას.  სწორედ ოთხი გუნდს გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის ორწრიანი რეგულარული სეზონის შემდეგ, რომლის დასრლებამდეც 3 ტური დარჩა.

დანარჩენზე თავად საქართველოს ნაკრების კაპიტანი გვესაუბრება.

მედეა ჩოხელი: –  ლიდერთან წაგება მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდში ფინანსური პრობლემებია, რის გამოც 5 მოთამაშე გაუშვეს. პელისტერის ქალთა და კაცთა კლუბები ცალ-ცალკე იყო დაფუძნებული, ახლა კი სტრუქტურულად კაცთა გუნდს შეგვიერთეს. გეგმები დიდი აქვთ – მომავალი სეზონიდან სულ სხვა დაფინანსება გვექნებაო და დარჩენა შემომთავაზეს. პასუხი არ მითქვამს,  სეზონის ბოლომდე ვიფიქრებ – სულ ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, ჩემზე უმცროსები და ასე გაგვიჭირდება, თუმცა, ოთხეულისთვის, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ. მე შუა სეზონში მქონდა წინადადება ერთი ბერძნული კლუბიდან, შემდეგ, ჩელენჯ კაპზე, სერბულ ნაისა ნიშთან პირველ თამაშში კი 6 გოლი გავიტანე და მეორე დღესვე დაელაპარაკნენ ჩვენებს სერბეთში გადასვლაზე. ასე რომ, არჩევანი მაქვს და სეზონის ბოლოს გადავწყვე, როგორ მოვიქცე. თუ პელისტერმა ძლიერი მოთამაშეები დაიმატა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავრჩები მაკედონიაში.

მაკედონიის ქალთა სუპერლიგა. 15 ტურის შემდეგ. 1. მეტალურგ სკოპიე 39 ქულა – 2. კუმანოვო 27 – 3. ვარდარი 31 – 4. სტრუჟანკა 28 — 5. პელისტერი 27 – 6. სპარტაკი 23– 7. დესპინა 16 – 8. გევგელია 12 – 9. ცემსი 9 – 10. ოვჩე პოლე 0

Leave a Reply