ჩოხელი და ვენეცკი მერვედფინალში გავიდნენ  

შაბათ-კვირას ევროტურნირებზე ქართველი ხელბურთელების სამმა კლუბმა ოთხივე მატჩი მოიგო. მედეა ჩოხელის პელისტერი და ქეთევან ვენეცკის ისტოგუ ჩელენჯ კაპის მერვედფინალში გავიდნენ, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცამ EHF თასის ბოლო საკვალიფიკაციო რაუნდში პირველი მატჩი სტუმრად მოუგო შვედეთის მალმეს (23-22) და საპასუხო თამაშის წარმატებით დასრულების შემთხევაში ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

EHF თასი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მეორე საკლუბო შეჯიბრებაა და წლეულს აქ გერმანული გრანდი, კილიც თამაშობს. ჩიქოვანის გუნდს საპასუხო მატჩი 25 ნოემბერს აქვს რუმინეთში, პირველ შეხვედრაში კი ირაკლიმ 1 გოლი გაიტანა და თითქმის შეუცვლელად ითამაშა დაცვაში. 

მედეა ჩოხელის მაკედონიურ კლუბს პირველი მატჩი 30-24 ჰქონდა მოგებული მალტაში. ჩოხელმა იმ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ტრავმაც მიიღო, თუმცა, ითამაშა მეორე მატჩშიც, რომელიც პელისტერმა 27-20 მოიგო და მერვედფინალში გავიდა. პელისტერი ახალგაზრდული გუნდია და 19 წლის მედეა ჩოხელი მასში  ერთდერთი უცხოელია. 

ქეთევან ვენეცკი ერთ-ერთი საუკეთესო იყო კოსოვოს ისტოგუსა და იტალიის კასანო მანიანოს პირველ მატჩში, რომელიც ისტოგუმ 26-24 მოიგო, ქართველმა ხელბურთელმა, რომელიც მარჯვენა გარემარბისა და მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობდა, 4 გოლი გაიტანა.  კლუბში სულ ორი უცხოელია – ქართველი და მონტენეგროელი სუზანა უიკიჩი. ორივე მატჩი კოსოვოს ქალაქ პეიაში გაიმართა – ვენეცკიმ შეუცვლელად ითამაშა პირველი 3 ტაიმი, შემდეგ კი შეცვალეს. მეორე თამაშში ისტოგუს გაუჭირდა, მაგრამ ესეც ორბურთიანი სხვაობით მოიგო, 23-21 და კოსოვოს ქალთა ხელბურთის ისტორიაში პირველი კლუბია, რომელმაც ევროტურნირების ეტაპი გაიარა.

ჩელენჯ კაპის კიდევ ერთ წყვილში ბაქოს აზერიოლს, რომელიც თბილისის ოლიმპიასთან ერთად თამაშობს საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ჩემპიონატში, ორივე მატჩი თურქეთში ჰქონდა. აზერბაიჯანელებმა პირველი თამაში მოუგეს ანკარა იენიმაჰალეს (30-29), მაგრამ მეორეში დამარცხდნენ (24-31) და მერვედფინალში თურქები გაუშვეს. ამ ორი მატჩის ტექნიკურ დელეგატად მუშაობდა ლევან გელაშვილი.

ხელბურთი. EHF თასი, კაცები. 3 საკვალიფიკაციო რაუნდი

17 ნოე. მალმე (შვდ) – კონსტანცა (რუმ) 22-23 – საპასუხო მატჩი 25 ნოემბერს

კონსტ: მიტრევსკი, იანკუ – მალინოვიჩი 7, ნიკოლიჩი 4, ნისტორი 4, ჩერნოგლავაცი 2, მოკანუ 2, ჩიქოვანი 1, ჩუტურა 1, კევიჩი 1, ვუიოვიჩი 1…

ჩელენჯ კაპი. ქალები. მეთექვსმეტედფინალი

17 ნოე. ისტოგუ (კოს) – კასანო მანიანო (იტა) 26-24

ისტ: კელმენდი, შეჰდადი – რუგოვა 8, კამერი 6, რამა 5, ვენეცკი 4, უიკიჩი 2, ფერატაი 1… 

18 ნოე. ისტოგუ (კოს) – კასანო მანიანო (იტა) 23-21

ისტ: კამერი 10, კრასნიჩი 4, რუგოვა 4, რამა 2, უიკიჩი 2, ფერეტაი 1, ვენეცკი…

18 ნოე. პელისტერი (მკდ) – ლა სალი (მლტ) 27-20 (პირველი მატჩი 30-24)

პელ:  დურლანოვა, კისეცკა, რისტოვა – იანკულოვსკა 6, კარანფილოვსკა 6, ბოზინოვსკა 5, ბელევსკა 4, ტალევსკა 2, რაიფი 2, ნიკოლოვსკა 1, ფილიპოსკა 1, ჩოხელი, აპოსტოლოვსკა

Leave a Reply