ჩიქოვანმა და ორჯონიკიძემ კლუბები შეიცვალეს
ევროპის საკლუბო სახელბურთო სეზონი დასრულდა. ქართველი ლეგიონერებიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა რატი მსხვილიძის კლუბმა ეუროფარმმა, რომელიც მაკედონიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზირი გახდა. ორმა ქართველმა ხელბურთელმა უკვე გამოიცვალა კლუბi – თეიმურაზ ორჯონიკიძე მაკედონიის პელისტერიდან უნგრეთის ფერენცვაროშში გადავიდა, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი რუმინეთში რჩება, ოღონდ მომავალი სეზონიდან კონსტანცაში ითამაშებს.
ტრადიციულად, მაკედონიის ჩემპიონატი სკოპიეს ვარდარმა მოიგო, მეორე ადგილზე კი მეტალურგი გავიდა. მესამე იყო რატი მსხვილიძის კლუბი, ეუროფარმ რაბოტნიკი, რევაზ ჭანტურიასა და თემო ორჯონიკიძის პელისტერმა კი ფინალურ ტურნირზე ათიდან მხოლოდ 3 მატჩი მოიგო და მეხუთე ადგილზე დარჩა. კლუბის საუკეთესო ბომბარდირს, ორჯონიკიძეს, სკოპიეს მეტალურგიც იწვევდა, მაგრამ 22 წლის ქართველმა უკანახაზელმა გადაწყვიტა, უფრო ძლიერ, უნგრეთის ჩემპიონატში მოსინჯოს ძალა და კონტრაქტი გააფორმა ფერენცვაროშთან, რომელიც ბოლო სეზონში მე-12 ადგილზე კი გავიდა, მაგრამ სერიოზულად გეგმავს გაძლიერებას.
რუმინეთის ჩემპიონი გახდა ბუქარესტის დინამო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის კლუბი, დუნარეა კელერაში პლეიოფს პირველი წრიდან, მეოთხედფინალიდან გამოეთიშა პოტაისა ტურდასთან 0-2 დამარცხების შემდეგ. საბოლოოდ კელერაშიმ მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრების ლიდერმა ჩემპიონატის 33 მატჩში 128 გოლი გაიტანა.
ჩიქოვანს დაუმთავრდა ორწლიანი კონტრაქტი დუნარეასთან და მომავალი სეზონიდან გადავა უკეთეს კლუბში, კონსტანცაში, რომელმაც წლეულს რუმინეთის თასი მოიპოვა, ხოლო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა. კლუბი ზედიზედ მეორედ ითამაშებს EHF თასზე, სადაც წლეულს მეამე წრემდე მიაღწია და ერთი ბურთით დამარცხდა გერმანიის მაგდებურგთან. კონსტანცა 2014 წელს რუმინეთის ჩემპიონი იყო და EHF თასის ფინალურ ოთხეულშიც გავიდა, მაგრამ შემდეგ გაკოტრდა და მეორე სეზონია, ახალი სახელით გამოდის – დობროჯია ზუდ კონსტანცა.
ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და მეკარის, შოთა თევზაძის კლუბმა, ფოჩანიმ, შეინარჩუნა ადგილი რუმინეთის ნაციონალურ ლიგაში მას შემდეგ, რაც პლეი-აუტში მეორე ადგილი დაიკავა და უშუალოდ გასავარდნ ტურნირში მონაწილეობა თავიდან აიცილა.
დანიის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გიორგი დიხამინჯიას კლუბმა, მიდტიულანდმა პლეიაუტში სულ ერთი მატჩი ჩაატარა და გაკოტრებულად გამოცხადდა. დიხამინჯიამ 7 მატჩის თამაში და 19 გოლის გატანა მოასწრო და ახალი კლუბის ძიებაშია.
თურქეთის ჩემპიონატში, მე-9 ადგილი დაიკავა ლექსო წითელიშვილისა და უჩა მაისურაძის გუნდმა, MYK ჰენტბოლმა. ჩვენმა ყველაზე ახალგაზრდა ლეგიონერმა, 17 წლის გიორგი ცხოვრებაძემ სეზონი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, მონპელიეს მეორე გუნდში გაატარა საფრანგეთის ნაციონალ 1 დივიზიონში, ახალ სეზონისთვის მზადებას კი ძირითად გუნდთან დაიწყებს მას შემდეგ, რაც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. მონპელიემ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული ბოლოსწინა ტურში დაკარგა, როდესაც სტ. რაფაელთან დამარცხდა და საბოლოოდ პირველი ადგილი უარესი პირადი ბალანსით დაუთმო პარი სენ ჟერმენს.