ჩიქოვანის კლუბი ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

ირაკლი ჩიქოვანის  რუმინული კლუბი EHF თასის ჯგუფურ ეტაპზეა – კონსტანცამ შინაც დაამარცხა შვედეთის მალმე, 34-28, ხოლო ქართველი ხელბურთელი 5 გოლით მეორე მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო.

პირველი თამაში კონსტანცამ სტუმრად 23-22 მოიგო, ხოლო EHF თასი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მეორე ევროტურნირია, სადაც გრანდებიც თამაშობენ. უძლიერეს 16 გუნდს შორის წლევანდელ გათამაშებაში გავიდნენ: კილი, ფუხსე ბერლინი, ჰანოვერი (გერ), ლოგრონიო, გრანოლერსი, კუენკა (ესპ), სენ რაფაელი (საფ), ჰოლსტებრო, GOG (დან), ნექსე (ხორ), ბალატონფურედი, ტატაბანია (უნგ), რაბოტნიკი (მკდ), პულავი (პოლ), პორტუ (პორ) და კონსტანცა. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 29 ნოემბერს გაიმართება. 

ხელბურთი. EHF თასი, კაცები. 3 საკვალიფიკაციო რაუნდი

კონსტანცა (რუმ) – მალმე (შვდ) 34-28 (პირველი მატჩი 23-22)

კონსტ: მიტრევსკი, იანკუ – ჩიქოვანი 5, კევიჩი 5, ბურიჩეა 3, ჩოგი 3, მალინოვიჩი 3, მოკანუ 3, ნიკოლიჩი 3, ჩერნოგლავაცი 2, მლადენოვიჩი 2, ვუიოვიჩი 2, ჩუტურა 1, მარკოსკი 1, ტომა 1, ნისტორი

კიდევ ორი ქართველი თამაშობს ქალთა ჩელენჯ კაპზე. მერვედფინალში, მედეა ჩოხელის მაკედონიური კლუბის, პელისტერის მეტოქე იქნება სერბეთის ნაისა ნისი, ხოლო ქეთევან ვენეცკის გუნდი, კოსოვოს ისტოგუ შეხვდება ესპანეთის მალაგას. მატჩები გაიმართენა 2-3 და 9-10 თებერვალს, თუმცა, ვენეცკი თამაშს ვერ მოახერხებს, რადგანაც იტალიის კასანო მანიანოსთან მეორე მატჩში ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.

ქართველი ხელბურთელების ბოლო კვირის ამბები ეროვნული ჩემპიონატებიდან კი ასეთია.

რუმინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ირაკლი ჩიქოვანის კლუბმა სტუმრად 27-25 დაამარცხა შოთა თევზაძის ფოჩანი, ჩიქოვანმა ერთხელ გაიტანა, სულ სეზონში 35 გოლი აქვს, კონსტანცამ კი ზედიზედ მეექვსედ მოიგო და 11 თამაშიდან 27 ქულით მეორე ადგილზეა, ფოჩანი მეცხრეა 16 ქულით. შესვენებამდე, ანუ 12 დეკემბრამდე კიდევ სამი ტური და თასის მერვედფინალია სათამაშო. 29 ნოემბერს კონსტანცა ლიდერს, CSM ბუკურეშტის მასპინძლობს.   

მაკედონია. აქ ორი ტური გაიმართა. მედეა ჩოხელის პელისტერი ჯერ დამარცხდა სპარტაკთან (22-24), შემდეგ კი მოუგო კუმანოვოს, 25-22. მედეამ ამ ორ მატჩში ექვსჯერ გაიტანა დაა თავისი პირადი ანგარიში 48 გოლამდე გაზარდა, მისი კლუბი კი მატჩიდან 8 მოგებით მე-5 ადგილზეა. პელისტერის კაცთა გუნდმა, სადაც რევაზ ჭანტურია თამაშობს,  პირველი ქულა დააკარგვინა ლიდერ რაბოტნიკს (24-24) და პროლეტთანაც ფრედ ითამაშა (27-27). ორჯერ მოიგო სტრუგამ – (ბორეცთან 40-22,  ვარდარ ჯუნიორთან 29-19), თუმცა, აქ გიორგი დიხამინჯიამ ტრავმის გამო ორივე მატჩი გამოტოვა, ლექსო წითელიშვილმა – იმავე მიზეზით – ერთი და მეორეში 1 გოლი გაიტანა.  აქ ჩემპიონობისთვის ბრძოლას 4 გუნდი გააგრძელებს, პელისტერი ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა, სტრუგა – მეექვსეზე. აქ შესვენება 8 დეკემბერს დაიწყება, ქალებს 1 ტური აქვთ სათამაშო, კაცებს – 2.

უნგრეთი. ფერენცვაროშმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო – დაამარცხა ცეგლედი, თეიმურაზ ორჯონიკიძემ ორჯერ გაიტანა და სეზონში 28 გოლი აქვს, კლუბი მეხუთე ადგილზეა 9 მატჩიდან 6 მოგებით და თასზეც მეოთხედფინალშია გასული. საშობაო არდადაგებამდე კიდევ 4 ტური დარჩა.

საბერძნეთი. დიომიდის არგუსმა  სტუმრად 24-23 მოუგო პილეასს, ერეკლე არსენაშვილმა გაიტანა 5 გოლი,  მის კლუბს 7 მატჩში 4 მოგება აქვს, ქართველ ხაზის მოთამაშეს კი – 5 მატჩში გატანილი 14 გოლი.

Leave a Reply