ქვიშის ხელბურთი ევროპული თამაშების პროგრამაში შეიტანეს
ევროპის მესამე თამაშებზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართება 2023 წელს, დებიუტი ექნება ქვიშის ხელბურთს.
გადაწყვეტილებას EHF პრეზიდენტმა მიხაელ ვიდერერმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა ნილს ნიუგორმა მოაწერეს ხელი EHF აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დანიაში.
მიხაელ ვიდერერი EHF პრეზიდენტი: „დიდი ნაბიჯია ქვიშის ხელბურთის განვითარებისთვის. ორი წლის წინ, ბუენოს აირესში, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ჩვენმა სახეობამ დიდ წარმატებას მიაღწია, ჩვენ კი ვაგრძელებთ მუშაობას რათა ქვიშის ხელბურთის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილი გახდეს“.
ევროპული თამაშები პირველად 2015 წელს გაიმართა ბაქოში (აზერბაიჯანი), 2019 წელს თამაშებს ბელარუსის დედაქალაქმა მინსკმა უმასპინძლა, ხოლო 2023 წლის 9-25 ივნისს, მესამე შეჯიბრების მასპინძელი კრაკოვი და პოლონეთის მალოპოლსკის რეგიონი იქნება. ქვიშის ხელბურთთან ერთად თამაშების პროგრამას დაამატეს კარატე, თანამედროვე ხუთჭიდი, კანოე და ტაეკვონდო.
ქვიშის ხელბურთში ევროპის ჩემპიონატები 2000 წლიდან იმართება, მსოფლიო ჩემპიონატი – 2004 წლიდან. 20012 წელს ბათუმმა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა ჭაბუკებსა და გოგონებს შორის, 2020 წელს კი იქვე უნდა გამართულიყო ევროპის ჩემპიონატი ქალთა და კაცთა შორის, მაგრამ შეჯიბრება კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა. 2014 წლიდან ზედიზედ შვიდჯერ გაიმართა საქართვლოს ჩემპიონატი ხელბურთის ამ ნაირსახეობაში.