ფრანგი ხელბურთელების სტუმრობა საქართველოში
ხელბურთის ფედერაციის მოწვევით საქართველოში სტუმრად იყვნენ საფრანგეთის ქალაქ სენ დიე დე ვოჟის ჭაბუკთა და გოგონათა გუნდები. ეს იყო საპასუხო ვიზიტი. აპრილში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთის ამ ქალაქს სტუმრობდნენ ჩვენი ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებები.
თავდაპირველი იდეა ფრანგებს ეუთვნოდათ: სენ დიე დე ვოჟში მიგვიწვიეს იქაური სახელბურთო კლუბის პრეზიდენტმა პატრიკ ძანკეტამ, მწვრთნელებმა ალექს ბერნარმა და ჩვენმა თანამემამულემ ლარა ალბოროვამ. ორივე ნაკრებისთვის ეს პირველი გასვლა იყო უცხოეთში, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატშიც იასპარეზეს. მაშინვე დაითქვა, რომ ოქტომბერში ფრანგების საპასუხო ვიზიტი შედგებოდა.
ფრანგ გოგონათა და ჭაბუკთა გუნდებმა გამართეს ერთობლივი ვარჯიშები ქართველ თანატოლებთან და ამხანაგური მატჩები თბილისში, ყვარელსა და თელავში. მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება.