ფინალი განმეორდა: ბათუმი – ქუთაისი

საქართველოს თასის ფინალში, 13 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ითამაშებენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და სახელბურთო კლუბი ქუთაისი. 

პირველ ნახევარფინალში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა „შავი ზღვის ბიჭებმა“ 33-25 მოუგო სტუ-იმედს. სტუ დასაწყისში 6-5 იგებდა, მაგრამ ზედიზედ გაუშვა 8 გოლი: 6-13. ამაში მთავარი დამნაშავე იყო ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის მეკარე გიგა ტორონჯაძე. მან დღეს მოიგერია ოთხივე შვიდმეტრიანი, სულ კი მის კარში წასული 33 დარტყმიდან გაუშვა 16 და უკუაგდო 17, რაც 50 პროცენტზე მეტია და კაცთა ხელბურთში უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა. გიგამ 50-ე წუთზე დაუთმო ადგილი ახალგაზრდა ვარშალომიძეს, ამ დროისთვის კი ბათუმი 31-16 იგებდა.

დღესვე რამდენიმე ახალგაზრდა მეკარემ აჩვენა კარგი თამაში: 16 სეივი ჰქონდა ჭაბუკთა ნაკრების კანდიდატს ელიზბარ ჩხიკვაძეს (სამტრედია), 13 – სანდრო ხანდოლიშვილს (სტუ) და ირაკლი დიხამინჯიას (პეგასი), 12 – ნაზიმ ალიევს (ქარიშხალა და ჭაბუკთა ნაკრები), 10 – ფოთელ ბექა კეკუას. 

მეორე ნახევარფინალში ქუთაისმა იოლად მოუგო სპორტის უნივერსიტეტს: 45-30. სტუდენტებს, მეოთხედფინალში პეგასის დამარცხების შემდეგ მეორე მოულოდნელობის შემოსათავაზებლად ძალა არ ეყოთ. უკიდურესად დაძაბული იყო მე-5-8 ადგილების პლეიოფი, სადაც ფოთმა 33-28 აჯობა ქარიშხალას, ხოლო სამტრედიამ – პეგასს, 30-27.

ბათუმ-ქუთაისის ფინალი საქართველოს თასზე ზედიზედ მეორედ გაიმართება. 2019 წლის 17 ოქტომბერს, გლდანში, ბათუმმა 27-20 მოიგო, 2018 წლის მაისში კი, საქართველოს ჩემპიონატის უკიდურესად დრამატულ ფინალში, შვიდმეტრიანების სერიაში დაამარცხა იგივე მეტოქე, 31-30. ეს ორი გუნდი 2019-20 სეზონის, ვადამდე შეწყვეტილ ჩემპიონატშიც პირველ-მეორე ადგილებზე იყო, ასე რომ, ფინალის შემადგენლობა უდაოდ ლოგიკურია.

ვინ შეიძლება იყოს ფავორიტი? ბათუმი ქვეყნის სამგზის ჩემპიონი (2016, 18, 19) და თასის ორგზის მფლობელია (2015, 19), ქუთაისს ტიტული ჯერ არა აქვს – ერთხელ იყო თასის ფინალისტი (2019), ჩემპიონატში კი ვერცხლისა (2018) და ბრინჯაოს (2015) მედლები მოუპოვებია.

შემადგენლობებით თუ ვიმსჯელებთ, ახალი სეზონისთვის ქუთაისი აშკარად გაძლიერდა – მათ დღევანდელ გუნდში ბათუმელთა შარშანდელი ძირითადი შვიდეულის ორი ხელბურთელია – სიმონია და გოგოლაძე. ქუთაისელებს უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ და სწრაფ თამაშში უპირატესობა უნდა ჰქონდეთ; სამაგიეროდ, ბათუმს ზოგიერთ პოზიციაზე უკეთესი შემსრულებლები ჰყავს, უკეთესად დგას დაცვაში და პოზიციური შეტევაც უფრო ეხერხება. 

გამარჯვებული 13 ნოემბერს გვეცოდინება, ხვალ კი  გლდანის აკადემიაში 12 საათზე მე-7 ადგილისთვის ითამაშებენ ქარიშხალა და პეგასი, 14 საათზე ფოთი და სამტრედია შეხვდებიან მეხუთე ადგილისთვის.

ტურნირი დასრულდება პარასკევს, სპორტის სასახლეში. 13 საათზე იქ მესამე ადგილისთვის მატჩია სტუ-იმედსა და სპორტის უნივერსიტეტს შორის, 15 საათზე კი ფინალიც დაიწყება.

ტურნირზე მაყურებელი არ დაიშვება, თუმცა, ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი და ჩანაწერი ხელმისაწვდომია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს თასი 2020. კაცები

11 ნოემბერი, გლდანის აკადემია. ნახევარფინალი

BSB ბათუმი – სტუ-იმედი 33-25

ბათ: ტორონჯაძე (17 მოგერიება, 52%), ვარშალომიძე (1) –  ახალბედაშვილი 8, აბრამიშვილი 7, ლაპიაშვილი 6, მსხვილიძე 5, გიორგაძე 3, ბერძენიშვილი 1, ტიელიძე 1, ზაქარაძე 1, თურმანიძე 1, მჟავანაძე, ბაინაზიშვილი, კაკულია, კახიძე

სტუ: ხანდოლიშვილი (13), სეთურიძე (1) – ყორიაული 7,  ტალახაძე 6, გოგალაძე 4, ერისთავი 4, ჭელიძე 2, ნაწილაშვილი 1,  კობახიძე 1, გრიშიკაშვილი

მსაჯები: გ.გველესიანი (წყალტუბო) – თ. ბჟალავა (ფოთი)

ქუთაისი – სპორტუნი 45-30

ქუთ: მაისურაძე (5), გულეიშვილი (4), რუხაძე (5) – სიმონია 9, სურმავა 9, გოგოლაძე 7, ფერაძე 5, სტურუა 5, ხაჟომია 4,  გამზარდია 4, მერკვილაძე 1, ჯუღელი 1

სპ: აბდელდაიემი 1 გოლი (9 მოგერიება) – ბულბულაშვილი 12, ლ. იმნაძე 5, ჩიკვილაძე 4,  მიქავა 2,  ჯ. იმნაძე 2, იობაშვილი 2, ზურაბიანი 1, შევჩენკო 1, კორსანტია

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი (თბილისი)

პლეიოფი 5-8 ადგილებისთვის

ოქროს ვერძი ფოთი – ქარიშხალა 33-28

ფოთ: გოგოხია (3), ბ. კეკუა (10), თ. კეკუა – ჟვანია 12, ალანია 8, დიდია 6,  მელიავა 3, ბჟალავა 3, ბერაია 1, კვარაცხელია

ქარ: ალიევი (12), ქირია (2), გაბიდაური – გ. მუკბანიანი 9, ჩაფიძე 7, ლ. მუკბანიანი 5, მიხელიძე 5, ძაგნიძე 1, ფანჩვიძე 1, გურასპაული, შარიფაშვილი, სლოევი, ხუციშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი (თბილისი)

სამტრედია – პეგასი 30-27

სამ: ჩხიკვაძე (16), დუნდუა (1), გაგუა – ვ. ხელისუფალი 12, ხომერიკი 10, ადამია 5, აფრიდონიძე 2, ბერიძე 1, დ. ხელისუფალი, სულიკო კიკაბიძე, ხონელიძე, მანია, საბა კიკაბიძე

პეგ: დიხამინჯია (13), გორგოძიანი, თავაძე – კოხრეიძე 10, კობახიძე 5, უთმელიძე 4, ჟვანია 3, პატაშური 3, ჩეჩელაშვილი 2, არეშიძე, გრიშიკშვილი, ლანჩავა, დარსანია

მსაჯები: გ.გველესიანი (წყალტუბო) – თ. ბჟალავა (ფოთი)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, გ. ბროლაძე, თ. ჩოგოვაძე – ვ. ბერიაშვილი

სამდივნო: ლ. ზაქარიაძე, ქ. იაშვილი, ნ. სურგულაძე

12 ნოემბერი, გლდანის აკადემია

12:00 მე-7-8 ადგ. ქარიშხალა – პეგასი

15:00 მე-5-6 ადგ. ფოთი – სამტრედია

13 ნოემბერი, სპორტის სასახლე, ფინალი

13:00 მე-3-4 ადგ. სტუ-იმედი – სპორტუნი

15:00 ფინალი. BSB ბათუმი – ქუთაისი

Leave a Reply