სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები მინისტრმა გადასცა

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროსა და სპორტის აკადემიის ინიციატივით 9-20 მაისს თბილისში, ბათუმსა და თელავში იმართება საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთა სემინარი „ხელბურთის სწავლება სკოლებში”. სწავლებას უძღვება სასკოლო ხელბურთის ექსპერტი. სპორტისა და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, გერმანელი კლაუს ფელდმანი.

9-11 მაისს სემინარს სპორტის აკადემიამ უმასპინძლა, სემინარში მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. 13-15 მაისს ფელდმანი ბათუმს ეწვევა, ხოლო 17-19 მაისს იმავე პროგრამას უკვე კახეთის სკოლების სპორტის მასწავლებლები, ასევე ხელბურთის მწვრთნელები მოისმენენ და შესაბამის სერთიფიკატებსაც მიიღებენ.

სემინარი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ხელბურთის სწავლების შესახებ სპორტის გაკვეთილზე. ევროპის მოწინავე სახელბურთო ქვეყნებში სწორედ ამგვარი პრაქტიკაა – დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლაში ითვისებენ ხელბურთის საბაზისო უნარ-ჩვევებს და შემდეგ იწყებენ მეცადინეობას სპეციალიზებულ ჯგუფებში.

მაისის ბოლოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით თბილისში გაიმართება კიდევ ერთი სემინარი უკვე სახელბურთო კლუბების მწვრთნელებისთვის. საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ის რამდენიმე წელის მჭიდროდ თანამშრომლობს ამ მხრივ მსოფლიო და ევროპულ ფედერაციებთან.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=BMQLt5qMPSE

http://msy.gov.ge

Leave a Reply