პეგასის პირველი ტიტული
საქართველოს თასის მფლობელი გახდა თბილისის პეგასი, რომელმაც უდრამატულეს მატჩში, ბოლო წამზე დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ – 30-29. თამაშის დასრულებამდე 3 წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი და პეგასი 26-29 აგებდა, მაგრამ…
ჩანაწერი: https://www.youtube.com/watch?v=yIGfYhSCBBw
სახელბურთო კლუბი „პეგასი“ ტიტე კალანდაძემ შექმნა მას შემდეგ, რაც უცხოეთში ხელბურთელის კარიერა დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა. მისი უცვლელი თანაშემწეა გიორგი სახვაძე. ეს ახალგაზრდული კლუბი მეექვსე სეზონს დაიწყებს უმაღლეს ლიგაში. 2014 წელს კლუბმა საქართველოს თასის ფინალი წააგო, ხოლო ჩემპიონატში უმაღლესი მიღწევა ბოლო სეზონში ჰქონდა, როდესაც ფინალურ ოთხეულში გააღწია და მედლებისთვის ბოლომდე იბრძოლა. ბოლო წლებია, პეგასი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების საბაზო გუნდია, ხოლო უკვე ეროვნული ნააკრების წევრები, გიორგი ცხოვრებაძე და გიორგი დიხამინჯია კარიერას ევროპაში აგრძელებენ.
ბათუმი, ცხადია, ფავორიტი იყო და მთელი მატჩი ლიდერობდა კიდეც. პირველ ტაიმში შავი ზღვის ბიჭებს ექვსბურთიანი უპირატესობაც ჰქონდათ (14-8), მაგრამ მოედანზე ვეტერან შოთა გრიშიკაშვილის გამოსვლის შემდეგ პეგასმა მაქსიმალურად გაამკაცრა დაცვაში თამაში და სხვაობამ კლება იწყო.
ტაიმის ბოლოს, ნიკოლოზ კალანდაძემ პირდაპირ ცხრამეტრიანიდან გაიტანა გოლი, ხოლო მეორე ნახევრის პირველივე შეტევაში მეტოქის პასი ჩაჭრა და ანგარიშიც გაათანაბრა – 17-17. პეგასი აქვე დაწინაურდებოდა, მაგრამ ბათუმელთა მეკარემ, გიგა ტორონჯაძემ 6 მეტრიდან დარტყმული 5 ბურთიდან მხოლოდ ერთი გაუშვა, სანდრო ხანდოლიშვილმა შვიდმეტრიანიც მოიგერია და ბათუმი ისევ გავიდა წინ. დასრულებამდე 12 წუთით ადრე სხვაობა ხუთამდე ავიდა, 25-20, ხოლო როდესაც ირაკლი თევზაძემ 29-ე გოლი გაიტანა, როგორც უკვე გითხარით, დასრულებამდე ორ წუთზე ნაკლები იყო და ბათუმი 29-26 იგებდა.
გრიშიკაშვილმა სწრაფად გაქვითა ერთი ბურთი, პეგასმა მოიგერია მეტოქის მორიგი შეტევა და პივოტმა გიორგი ლაპიაშვილმა 9 მეტრიდან გაიტანა – 28-29. ბათუმელთა კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გიორგი კუხალაშვილმა მოიპოვა შვიდმეტრიანი, რომელიც კალანდაძემ გაიტანა – 29-29! რჩება 56 წამი.
ბათუმი შეტევაში ჯარიმდება, პეგასი ბოლოსწინა შეტევას კუთხიდან აბოლოებს, მაგრამ ტორონჯაძე იგერიებს ბაძაღუას დარტყმას და გარღვევაში უშვებს აბრამიშვილს, რომლის დარტყმას თავგანწირულ ნახომში ბლოკავს ლაპიაშვილი, ბურთი მეკარე დიხამინჯიას რჩება, დარჩენილია 3 წამი. დიხამინჯია აწვდის კალანდაძეს, რომელმაც დარტყმა ვეღარ უნდა მოასწროს, მაგრამ მას კარიდან საკმაოდ შორს უხეშად აჩერებენ. ბოლო 30 წამის წესის თანახმად უკრაინელი მსაჯები ნიშნავენ შვიდმეტრიანს, რომელსაც კალანდაძე გოლად აქცევს და პეგასი ამ მატჩში პირველად, მაგრამ საბოლოოდ გაჰყავს წინ – 30-29!
მოგებულ, თან ახალგაზრდულ გუნდში შეიძლება სწორი არ იყოს ვინმეს გამორჩევა, მაგრამ სტატისტიკა გვავალდებულებს: 16 წლის ნიკოლოზ კალანდაძემ 23 დარტყმიდან გაიტანა 15 გოლი: 6 შორიდან, 5 – შვიდმეტრიანიდან, 2 სწრაფი და ორიც ძალისმიერი გარღვევების შემდეგ.
ასეთი საინტერესო დააწყისი ჰქონდა შინაურ სახელბურთო სეზონს. მით უფრო საინტერესო უნდა იყოს ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც, უკვე ცხადია, რომ ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძლებს.
საქართველოს თასის გათამაშება მესამედ გაიმართა. 2014 წელს გაიმარჯვა სამტრედიამ, 2015 წელს – ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა.
ხელბურთი. საქართველოს თასი 2018. კაცები. არენა 2
27 სექტემბერი, ფინალი
BSB ბათუმი – პეგასი 29–30 (17-16, HT)
—
დარტყმები: გატანილი/დარტყმული, მეკარეებისთვის: მოგერიებული/გაშვებული
პ – საგოლე პასი, ჩ – ჩაჭრილი ბურთი, ბ – დაბლოკილი დარტყმა, შ – შეცდომა (დაკარგული ბურთი)
X წთ – საჯარიმო დრო, წბ წითელი ბარათი
—
ბათუმი: ხანდოლიშვილი 8/19, ტორონჯაძე 6/11, ვარშალომიძე (სულ: 14 აღებული 44 დარტყმოდან)
სიმონია 7/11 (2პ, 4შ, 2წთ+წბ), გოგოლაძე 6/9 (1პ), კოხრეიძე 5/6 (1შ, 2წთ), აბრამიშვილი 4/6 (3შ), ტიელიძე 4/9 (1ჩ, 2შ) , ტალახაძე 2/3 (3პ, 1ჩ, 5შ), თევზაძე 1/2 (2წთ), ბერძენიშვილი (1ბ, 1შ, 6წთ+წბ), სურმავა 0/1, წივწივაძე, თურმანიძე, მჟავანაძე, მახაჭაძე
მწვ: მერაბ ჭანტურია, მამუკა მჟავანაძე, გია ბზეკალავა
შეტევა: 62 (46 დარტყმა, 16 დაკარგვა)
დარტყმა: 46 (29 გოლი, 9 მოგერიებული, 5 აცილებული, 3 დაბლოკილი)
ხაზიდან: 5/6
ძალისმიერი გარღვევა: 4/7
სწრაფი გარღვევა: 5/6
კუთხიდან: 5/8
ახლოდან, სულ: 19/27
შორეული: 8/17
შვიდმეტრიანი: 2/2
ტექნიკური შეცდომა: 16
ორწუთიანი: 6
წითელი ბარათი: 2
—
პეგასი: დიხამინჯია 9/28, გორგოძიანი 0/1 (9 აღებული 38 დარტყმიდან)
კალანდაძე 15/23 (3პ, 2ჩ, 3შ), ზარნაძე 4/10 (1პ, 5შ, 6წთ), ლაპიაშვილი 4/5 (2ბ, 1შ, 2წთ), კუხალაშვილი 3/7 (1შ, 2წთ), ქათამაძე 2/4 (1პ, 1ბ, 1ჩ, 1შ, 2წთ), ბაძაღუა 1/2, გრიშიკაშვილი 1/2 (2წთ), გვაზავა, კოხრეიძე, ასაბაშვილი, პატაშური, მდივანი, ჟვანია, დგებუაძე
მწვ: ტიტე კალანდაძე (წბ), გიორგი სახვაძე (4წთ)
შეტევა: 64 (53 დარტყმა, 11 დაკარგვა)
დარტყმა: 53 (30 გოლი, 14 მოგერიებული, 8 აცილებული, 1 დაბლოკილი)
ხაზიდან: 4/6
ძალისმიერი გარღვევა: 3/6
სწრაფი გარღვევა: 4/5
კუთხიდან: 4/9
ახლოდან, სულ: 15/26
შორეული: 8/17
შვიდმეტრიანი: 7/10
ტექნიკური შეცდომა: 11
ორწუთიანი: 9
წითელი ბარათი: 1
მსაჯები: რუსლან ლოშაკ, არტემ შაიბაკოვ (უკრაინა)
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი
სამდივნო: ნ. შახულოვი, ლ.ზაქარიაძე, თ. კონსტანტინიდი
სტატისტიკა: მ.კაკაბაძე, თ.თეთრაშვილი, გ. ფურცელაძე