ორშაბათს ევროპის ჩემპიონატი იწყება
15 აგვისტოს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იწყება ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 18-წლამდელ ჭაბუკთა შორის. 15, 16 და 18 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს, ბოსნიის, რუმინეთისა და ლატვიის წინააღმდეგ, 18 საათზე დაიწყებს . მეორე ჯგუფში არიან ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია და ბრიტანეთი. ორ-ორი გამარჯვებული გადის ნახევარფინალში, რომელიც 20 აგვისტოს გაიმართება, ფინალები კვირას, 21 აგვიტოსაა. 17 და 19 აგვისტო დასვენების დღეებია.
2016 წლის ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატი, EHF ახალი ფორმატის თანახმად, ოთხი ტურნირისგან შედგება. საკვალიფიკაციო ტურნირები გაუქმდა, ასაკობრივი რეიტინგის 16 საუკეთესო გუნდი 11-21 აგვისტოს ითამაშებს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატის ტიტულისთვის, ხოლო დანარჩენი 27 ქვეყანა გადანაწილდა სამ ტურნირზე, რომლებიც გაიმართება 15-21 აგვისტოს, საქართველოში, ლიტვასა და ბულგარეთში. ამ სამი შეჯიბრების თითო გამარჯვებული მიიღებს 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერეს გუნდს შორის თამაშის უფლებას.
ჩვენი ჭაბუკთა ნაკრების მიზანი სწორედ პირველი ადგილის დაკავებაა. რამდენად მზადაა გუნდი ამისთვის, შეჯიბრება გამოაჩენს. უკრაინელი მწვრთნელების, ანდრეი პორტნოისა და ოლექსანდრ გურსკის ხელმძღვანელობით, ნაკრები ბოლო სამი თვე ინტენსიურად ემზადებოდა და 7 საკონტროლო მატჩიც გამართა.
თბილისში, აზერბაიჯანის ნაკრების ორჯერ დამარცხების შემდეგ გუნდი გაემგზავრა უკრაინაში, ხოლო უშუალოდ ტურნირის წინ ორჯერ ეთამაშა ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებს“, რომელიც, თავის მხრივ, ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასისთვის ემზადება.
ანდრეი პორტნოი, საქართველოს ნაკრების მთვარი მწვრთნელი: – „უკრაინაში გვქონდა სამი მატჩი. ორჯერ დავმარცხდით მოლდოვის ნაკრებთან, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ანალოგიური შეჯიბრებისთვის ემზადება, ბოლოს კი მოვუგეთ უკრაინის უძლიერესი კლუბის, ზაპოროჟიეს მოტორის ახალგაზრდული გუნდს. ჩვენ ამ მატჩებში წმინდა სპორტული მიზანი არ გვქონია, მხოლოდ ტაქტიკურ სქემებს ვხვეწდით და, მე, შეიძლება ითქვას, უკმაყოფილო არა ვარ – განსაკუთრებით, დაცვაში თამაშით, დაცვა კი დღევანდელი ხელბურთის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. კარგია, რომ ტრავმები ავიცილეთ თავიდან. ფიზიკურად მზად ვართ და ამაში დაგვეხმარა შეკრებაც, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გავმართეთ. დანარჩენს ტურნირი გვიჩვენებს“.
ბოლო შეკრებაზე ნაკრებში 17 ხელბურთელი იყო. 16-კაციანი განაცხადი კვირა საღამოს, ტექნიკურ მიტინგზე შეივსება. 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან შედარებით, გუნდში 9 ახალი მოთამაშეა.
თბილისში უკვე ჩამოსულია EHF 17-კაციანი დელეგაცია – მსაჯები, დელეგატები, ოფიციალური პირები. ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელია 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ხორვატი ლიდია ბოიჩ-ჩაჩიჩი. შეჯიბრებას მთლიანად ქართული ტექნიკური პერსონალი მოემსახურება. ყველა მატჩი პირდაპირი სტრიმი გადაიცემა შეჯიბრების ოფიციალურ ვებგვერდზე: http://ehf2016m18.ge/.
—
საქართველოს ნაკრები
GK: სანდრო ხანდოლიშვილი (1998, ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (1998, იმედი), გიორგი ვათიაშვილი (1998, გორი)
LW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო)
LB: ზურაბ გოგავა (1998, პეგასი), ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი), გიორგი კაჭკაჭაშვილი (LB, 2000, პეგასი)
CB: გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი), დავით ყორიაული (1998, იმედი თელავი)
RB: გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), გიორგი ტიელიძე (1998, გორი),
RW: ლუკა ბულბულაშვილი (1998, ქარიშხალა), ნიკოლოზ ბაჯალაძე (1998, ფოთი)
P: გიორგი მიქავა (1998, იმედი), გიორგი ლაპიაშვილი (2000, პეგასი)
მთავარი მწვრთნელი ანდრეი პორტნოი (1960, უკრ)
მწვრთნელი ოლექსანდრ გურსკი (1966, უკრ)
ექიმი გურამ ადამია (1995)
გუნდის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი (1970),
—
ხელბურთი. 18 წ ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო
თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
A ჯგუფი: რუმინეთი, ბოსნია, ლატვია, საქართველო
15 აგვისტო: 14:00 რუმინეთი-ლატვია, 18:00 ბოსნია-საქართველო
16 აგვისტო: 14:00 ლატვია-ბოსნია, 18:00 საქართველო-რუმინეთი
18 აგვისტო: 14:00 რუმინეთი-ბოსნია, 18:00 ლატვია-საქართველო
B ჯგუფი: ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია, ბრიტანეთი
15 აგვისტო: 16:00 მონტენეგრო-ბრიტანეთი, 20:00 ბელარუსი-ბელგია
16 აგვისტო: 16:00 ბრიტანეთი-ბელარუსი 20:00 ბელგია-მონტენეგრო
18 აგვისტო: 16:00 ბელგია-ბრიტანეთი 20:00 ბელარუსი-მონტენეგრო
20 აგვისტო, 14:00, 16:00, 18:00, 20:00 – ნახევარფინალები
21 აგვისტო, 12:00, 14:00, 16:00, 18:00 – ფინალები
ლიტვაში, 15-21 აგვისტო
A: ესტონეთი, ჰოლანდია, იტალია, მოლდოვა
B: ავსტრია, ისრაელი, საბერძნეთი, ლიტვა
ბულგარეთში, 15-21 აგვისტო
A: უნგრეთი, მაკედონია, უკრაინა სომხეთი, კოსოვო, კვიპროსი
B: თურქეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ფარერები
თითო გამარჯვებული მოიპოვებს 20-წლამდელთა ევრო 2018 საგზურს
ევრო 2016 18 წ, კაცები. ხორვატია, 11-21 აგვისტო
A: ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, შვეიცარია
B: დანია, სლოვენია, რუსეთი, სლოვაკეთი
C: შვედეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ისლანდია
D: გერმანია, სერბეთი, პორტუგალია, პოლონეთი