მსოფლიო ჩემპიონატის 9 საგზური გათამაშდა

ხელბურთის 2015-16 წლების სეზონი ოფიციალურად სრულდება მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებით. 15-16 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური კიდევ 9 ევროპულმა გუნდმა მოიპოვა. 

ევრო 2016-ის სამმა პრიზიორმა (გერმანია, ესპანეთი, ხორვატია) საგზური ჯერ კიდევ იანვარში დაისაკუთრა, საფრანგეთი მომავალი ჩემპიონატის მასპინძელია, ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი 12 მონაწილე კი გადავიდა პლეიოფში, სადაც მათ დაემატა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის 6 გამარჯვებული  -პორტუგალია, ლატვია, ბოსნია, ავსტრია, ჩეხეთი და ჰოლანდია. 18 გუნდი დაწყვილდა და შინ/სტუმრად ფორმატით პლეიოფი ითამაშა.

ფავორიტებმა მოიგეს, თუმცა, რამდენიმე წყვილში ძალიან სერიოზული ბრძოლა იყო. პორტუგალია, ვინც ნოემბერში საქართველოს, ისრაელსა და ესტონეთს აჯობა პირველ ეტაპზე, ისლანდიას დაუწყვილდა და ორი მატჩის ჯამში სულ ორი ბურთით წააგო (23-26, 21-20). ლატვიამ პირველი მატჩი 24-26 დათმო ბელარუსში, რიგაში კი დაინის კრიშტოპანსმა 18 დარტყმიდან 14 გოლი გაიტანა და ლატვია 25-21 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – სიარჰეი რუტენკამ დასრულებამდე 26 წამით ადრე შვიდმეტრიანი გაიტანა, ანგარიში 28-26 გახდა და ბელარუსი მსოფლიო ჩემპიონატზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მოხვდა. მაკედონია ექვსი ბურთით დამარცხდა ჩეხეთში, მაგრამ შინ შვიდით მოიგო.

მსოფლიო ჩემპიონატი იანვარში გაიმართება საფრანგეთში. 24-დან 20 მონაწილე უკვე ცნობილია. 3 საგზური თამაშდება ბუენოს-აირესში, პანამერიკულ ჩემპიონატზე, სადაც კინაღამ კრახი განიცადა ბოლო სამი ტურნირის გამარჯვებულმა არგენტინამ, ვინც გრენლანდიასთან დამარცხდა და ბოლო ტურში ერთი ბურთით მოუგო ჩილეს. ჯამში ჩილემ, არგენტინამ და გრენლანდიამ 8-8 ქულა დააგროვეს და ზედმეტი აღმოჩნდა გრენლანდია, ვინც ჩილესთან ბევრით წააგო. აქ ნახევარფინალი დაკომპლექტებულია: ბრაზილია-არგენტინა, ჩილე-ურუგვაი. ბოლო, 24-საგზურს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ან ინტერკონტინენტალურ დამატებით საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში გაათამაშებს, ან პირდაპირ ვაილდ-ქარდს უბოძებს რომელიმე გუნდს.

ამგვარად, სამი მომდევნო დიდი სახელბურთო შეჯიბრება – კაცების მსოფლიო და ქალთა ევროპის ჩემპიონატები, ასევე რიოს ოლიმპიადის სახელბურთო ტურნირი თითქმის სრულადაა დაკომპლექტებული.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017, კაცები (საფრანგეთი, 11-29 იანვარი)

კვალიფიკაცია. ევროპის პლეიოფი.

შვედეთი – ბოსნია 27-19, 27-27

ჩეხეთი – მაკედონია 28-22, 27-34

პოლონეთი – ჰოლანდია 27-21, 24-25

რუსეთი – მონტენეგრო 29-22, 29-19

სერბეთი – უნგრეთი 25-26, 25-30

ისლანდია – პორტუგალია 26-23, 20-21

სლოვენია – ნორვეგია 24-18, 27-29

ბელარუსი – ლატვია 26-24, 26-28

დანია – ავსტრია 35-27, 23-20

მონაწილეები: საფრანგეთი (მასპინძელი), ყატარი (მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი), გერმანია, ესპანეთი, ხორვატია (ევროპა), ბაჰრეინი, იაპონია, საუდის არაბეთი (აზია), ეგვიპტე, ტუნისი, ანგოლა (აფრიკა), ამერიკა (3 ადგილი. ნახევარფინალები: არგენტინა-ბრაზილია, ჩილე-ურუგვაი), ბელარუსი, დანია, უნგრეთი, ისლანდია, მაკედონია, პოლონეთი, რუსეთი  (ევროპის პლეიოფი), 1 ადგილი გათამაშდება დამატებით ინტერკონტინენტურ ტურნირზე (ირანი, ალჟირი, ამერიკა 4, ავსტრალია)

ევროპის  ჩემპიონატი 2016, ქალები (შვედეთი, 4-18 დეკემბერი). წილისყრა.

A: შვედეთი, სერბეთი, ესპანეთი, სლოვენია

B: ჰოლანდია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი

C: მონტენეგრო, უნგრეთი, დანია, ჩეხეთი

D: ნორვეგია, რუსეთი, რუმინეთი, ხორვატია

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა (5-21 აგვისტო), წილისყრა

ქალები 

A: ნორვეგია, რუმინეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, ესპანეთი, ანგოლა 

B : ჰოლანდია, რუსეთი, შვედეთი, საფრანგეთი, არგენტინა, კორეა

კაცები 

ჯგუფისაფრანგეთი, დანია, ხორვატია, ტუნისი, ყატარი, არგენტინა

ჯგუფიპოლონეთი, სლოვენია, შვედეთი, ბრაზილია, გერმანია, ეგვიპტე

4-4 საუკეთესო გადის ნახევარფინალში

Leave a Reply