მეზობლები ერთიან ჩემპიონატს მართავენ
6 და 7 ოქტომბერს ახალი ქართული ქალთა კლუბი, თბილისის ოლიმპია ბაქოში ორ მატჩს გამართავს აზერბაიჯანის ჩემპიონ აზერსუსთან. ამით გაიხსნება აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი ხელბურთში, რომელშიც 5 აზერბაიჯანული და ერთი ქართული კლუბი ითამაშებს ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით.
სულ ქართული კლუბი სეზონის განმავლობაში გამართავს 20 მატჩს – ათს საკუთარ და ათს – მეტოქის მოედანზე. პირველი საშინაო თამაშები 25-26 ოქტომბერს გვექნება სპოტკომპლექს არენაში, ბაქოს იდმან აკადემიის წინააღმდეგ. დეკემბერში გვიწევს 2 მატჩიც აზერბაიჯანის თასზე.
ხელბურთში რამდენიმე ქვეყნის საზიარო ჩემპიონატი ჩვეულებრივი მოვლენაა – ერთიან პირველობას, ბე-ნე ლიგას ატარებენ ბელგია და ჰოლანდია (ამავე დროს, ბელგიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატი ცალ-ცალკეც იმართება), ქალებში საერთო ჩემპიონატი აქვთ ჩეხეთსა და სლოვაკეთს, გარდა ამისა, არსებობს ლიგები, სადაც რამდენიმე ქვეყნის გუნდები თამაშობენ – ბალტიის ლიგა ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგა.
თბილისის ოლიმპია, თუ არ ჩავთვლით უცხოეთის კლუბებში მოთამაშე სამ ხელბურთელს, ჩოხელს, კუნელაშვილსა და ვენეცკის, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებია და მისი წევრები საქართველოს ჩემპიონატზე მშობლიურ კლუბებში გამოვლენ. რადგანაც ახალ ტურნირზე 5 აზერბაიჯანული გუნდი თამაშობს და ერთი ქართული, შეჯიბრებას ჯერჯერობით აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატს ვუწოდებთ, მომავალში კი შესაძლოა, სხვა სახელიც შეერქვას და არაა გამორიცხული მასში სხვა, მეზობელი ქვეყნების გუნდებიც ჩაებან. მსგავსი იდეა არსებობს კაცთა კლუბებისთვისაც.
ქალთა ხელბურთს, მოგეხსენებათ, ჩვენში 10-წლიანი წყვეტა ჰქონდა და ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა პირველად 2015 წელს იასპარეზა ოფიციალურ შეჯიბრებაში. პირველი თაობის გოგონები ახლა 19-20 წლისანი არიან და სამი მათგანი ევროპაში თამაშობს, მაგრამ დანარჩენებს განვითარების პრობლემა ჰქონდათ – საქართველოს ქალთა ჩემპიონატი, ფაქტობრივად გოგონათა პირველობაა, ნაკრების წევრებს კი თამაში ასაკით უმცროსებთან უწევდათ. აზერბაიჯანში გასვლა ნიშნავს სეზონში 20 გარანტირებულ თამაშს არა გოგონათა, არამედ უკვე ქალთა გუნდების დონეზე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის, რომელსაც 2019 წელს უკვე მეორედ მოუწევს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში ჩართვა.
ოლიმპია მაინც ახალგაზრდული გუნდია: პირველი თაობის, 1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრებიდან გუნდში სულ რამდენიმე ხელბურთელია (ჯავახია, ყველაშვილი, ქიტესაშვილი, თეთრაშვილი) დანარჩენები უმცროსები არიან – 15 წლიდან 18 წლამდე. ყოველ მეტოქესთან 4-4 მატჩს გავმართავთ – ორს შინ და ორს სტუმრად. ვიწყებთ წყვილი გასვლით აზერსუსთან, ამ გუნდის გარდა კი ჩვენი მეტოქეები იქნებიან აზერიოლი, იდმანის აკადემია, ყარაბაღი და გენჯლიკ ბირლიგი. ამ ხუთიდან 2 მეტოქე, აზერსუ და აზერიოლი ამ სეზონში ევროტურნირებზეც თამაშობემ, ხოლო იდმან აკადემია ჩვენთვის იმითაა ნაცნობი, რომ წინა სეზონი ამ კლუბში გაატარა სამმა ქართველმა ხელბურთელმა – ჯავახიამ, ქიტესაშვილმა და ვენეცკიმ.
ოლიმპიას წვრთნიან უკრაინელი ანდრეი პორტნოი, ბექა ორჯონიკიძე და ინა ჭკუასელი. აზერსუსთან პირველი მატჩი შაბათს, 18 საათზე გვაქვს ბაქოს აბუ არენაზე, მეორე იქვე, 7 ოქტომბერს, 13 საათზე. მსაჯობის საკითხი ასე გადაწყდა: შეწყვილებული მატჩებიდან ერთს გაუძღვება არბიტრების აზერბაიჯანული წყვილი და ქართველი დელეგატი, მეორეს – პირიქით.
ხელბურთი. აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2018-19. ქალები
1-2 ტური, 6-7 ოქტომბერი
ბაქო. აზერსუ – ოლიმპია თბილისი
3-4 ტური, 25-26 ოქტომბერი
თბილისი. ოლიმპია – იდმან აკადემია
5-6 ტური, 8-9 დეკემბერი
ბაქო. ყარაბაღი – ოლიმპია თბილისი
7-8 ტური. 20-21 დეკემბერი
თბილისი. ოლიმპია – გენჯლიკ ბირლიგი
9-10 ტური, 10-11 იანვარი
თბილისი. ოლიმპია – აზერიოლი
11-12 ტური, 24-25 იანვარი
თბილისი. ოლიმპია – აზერსუ
13-14 ტური, 7-8 თებერვალი
თბილისი. ოლიმპია – ყარაბაღი
15-16 ტური, 23-24 თებერვალი
ბაქო. აზერიოლი – ოლიმპია თბილისი
17-18 ტური.16-17 მარტი
ბაქო. იდმან აკადემია – ოლიმპია თბილისი
19-20 ტური, 20-21 აპრილი
ბაქო. გენჯლიკ ბირლიგი – ოლიმპია თბილისი
აზერბაიჯანის თასი. პირველი ეტაპი
14 დეკემბერი. ბაქო. აზერიოლი – ოლიმპია
15 დეკემბერი. ბაქო. აზერსუ – ოლიმპია
თბილისის „ოლიმპია“ პირველ 2 თამაშზე
მწვრთნელები: ანდრე პორტნოი, ბექა ორჯონიკიძე, ინა ჭკუასელი
ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი, გუნდის უფროსი ლანა მარგიანი
GK 16. ქრისტინე ჯავახია (1998), 33. მარიამ ჩავჩიძე (2001)
LW 11. ანა ჩხაიძე (2003) 14. ქეთი იაშვილი (2000)
LB 87. თინათინ ქიტესაშვილი (1999), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002)
CB 19. ანა ყველაშვილი (1998), 8. ნენო ჯგერენაია (2002)
RB 18. ანა ქებაძე (2000), 7. მარიამ ცინცაძე (2002), 9. ანა კორძაია (2003)
RW 93. ლანა გოგია (2002), 23. ციცინო ბჟალავა (2003)
P 2. თამთა თეთრაშვილი (1998), 24. ჯულია ჩირგაძე (2001)
მათ გარდა სეზონის განაცხადში არიან: GK ანა ვარდიშვილი (1999), ხატია ჯიქურაშვილი (2002), დიანა ქარჩავა (2002) – LW ქეთევან კერესელიძე (2000), ხატია ქამაშიძე (2002) – LB ქეთევან ცინცაძე (2002) – CB ჟუჟუნა ხმელაძე (2001), ელენე ჯავახიშვილი (2000) – RB ნინო შახულოვი (2001), RW მარიამ მიხელიძე (1999), P ნინო სურგულაძე (2000), ანა კაპანაძე (2002), მარიამ დვალიშვილი (2002)ა