კოსოვო დამარცხებულია
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მოგებით დაასრულა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში. ბოლო დღეს 29-28 დავამარცხეთ კოსოვო და ტურნირი მეშვიდე ადგილზე დავასრულეთ.
კოსოვო წინადღით სულ ერთი ბურთით დამარცხდა მაკედონიასთან, ჯგუფურ ეტაპზე კი ასევე მინიმალური სხვაობით წააგო ფარერის კუნძულებთან, ხოლო ნახევარფინალისტ თურქეთს ბოლომდე ებრძოლა (24-28), შესაბამისად, მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ფავორიტადაც ითვლებოდა.
თამაში ქართველების უპირატესობით დაიწყო – 5-2, თუმცა, ტაიმის მეორე ნახევარში კოსოვომ სიტუაცია გამოასწორა (19-13), ხოლო 41 წუთის შემდეგ ექვსბურთიანი უპირატესობა ჰქონდა – 19-13. ჩვენმა დაცვამ ვერაფერი მოუხერხა ტანმაღალ უკანახაზელ ვერონიკა კასტრატის, რომელმაც კოსოვოს გოლების ნახევარი, 14 გაიტანა.
მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თამაში დაასტაბილურა. სხვაობა ოთხჯერ შემცირდა სამამდე, მაგრამ ამას კასტრატის გოლები მოჰყვა და დასრულებამდე 6 ქუთით ადრე კოსოვო 27-23 ლიდერობდა. აქ თამაშში გარდატეხა შეიტანა ჩვენმა მარჯვენა ინსაიდმა, ლანა გოგიამ. მან ჯერ გოლი გაიტანა და მეტოქე ორწუთიანში გაუშვა, შემდეგ სწრაფ გარღვევაზე გაიყვანა ანა ჩხაიძე, ბოლოს კი ორჯერ შეაგდო ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ – 27-27, რჩება 2 წუთი.
მომდევნო შეტევაში ნენო ჯგერენაიამ მოიპოვა შვიდმეტრიანი, რომელიც გოლად აქცია ლიზა ჩხაიძემ, თუმცა, კოსოვოს ბოლო შეტევაში რინა რეჯეპიმ შვიდმეტრიანითვე გაათანაბრა – 28-28. დარჩენილი იყო 27 წამი, ტაიმაუტის შემდეგ უკვე ლიზა ჩხაიძემ მოატყუა მცველი და შვიდმეტრიანი დაიმსახურა. გამარჯვების გოლი ჯგერენაიამ შეაგდო – 29-28, თამაშის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი გოგიამ მიიღო. ყოველი სათამაშო დღის შემდეგ ორგანიზატორები ადგენდენ სიმბოლურ ნაკრებებს. აქამდე, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შემდეგ, ეს პატივი ჩვენმა ხაზის მოთამაშემ მარიამ დვალიშვილმა დაიმსახურა, დღის ბოლოს კი შესაძლოა ამ სიაში გოგიაც მოხვდეს. საღამოს კლაიპედაში პირველობისთვის ითამაშებენ ჩეხეთი და შვეიცარია.
საქართველოს ნაკრები თბილისში ორშაბათს ღამით დაბრუნდება, 25 ივლისამდე დაისვენებს და შემდეგ დაიწყბს მზადებას სეზონის მთავარი შეჯიბრების, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 3-11 აგვისტოს.
კლაიპედაში მოთამაშე 16 ხელბურთელიდან 13 სწორედ ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების წევრია. აქცენტი შეგნებულად გაკეთდა მათზე – გოგონებმა 2 წლით უფროს მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მშვენიერი სათამაშო პრაქტიკაც მიიღეს. თბილისში, ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად გვყავს ფინეთი, ლიტვა, ლატვია და შვეიცარია და თანატოლებთან ბრძოლაში ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსები გაგვაჩნია. მეორე ჯგუფში ითამაშებენ სერბეთი, უკრაინა, ფარერები, ბულგარეთი და საბერძნეთი.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019 ქალები 19 წ
შვიტურიო არენა. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი
20 ივლისი, ფინალები
7-8 ადგილები. საქართველო – კოსოვო 29-28
საქ: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი – გოგია 7, ჯგერენაია 7, ა. ჩხაიძე 5, ე. ჩხაიძე 4, გაგნიძე 3, დვალიშვილი 2, ბურკაძე 1, კორძაია, საბაშვილი, ქ. ცინცაძე, იაშვილი, ქებაძე, ბჟალავა, კომახიძე
ფარ: ლ. გაში, უკა – კასტრატი 14, კელმენდი 4, რეჯეპი 4, ე. მულაი 3, მატაროვა 1, მ. მულაი 1, ზიმბერი 1, რადონიჩი, გ. გაში, ჰალიტაი, რეჯაი
მსაჯები: ბრასეტი, სუნდეტი (ნორ), დელეგატები: მასიჩი (სრბ), დილმენი (თურ)
(5-6) ფარერები – მაკედონია 30-28
(3-4) 16:00 ლიეტუვა – თურქეთი
(1-2) 18:00 ჩეხეთი – შვეიცარია
საქართველოს ნაკრები
GK: 33. მარიამ ჩავჩიძე (2001, წყალტუბო), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)
LW: 14. ქეთი იაშვილი (2000, მამული – 2 გოლი), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა), 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა – 14 გოლი)
RW, RB: 93. ლანა გოგია (2002, ფოთი – 15 გოლი), 25. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი – 6 გოლი), 23. ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი)
P: 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა – 7 გოლი), 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი – 1 გოლი)
LB, CB: 18. ანა ქებაძე (2000, პეგასი), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი – 29 გოლი), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი – 16 გოლი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია – 5 გოლი)
მწვრთნელები: გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, გიგა ტორონჯაძე, ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი, მენეჯერი: ლანა მარგიანი