კბილაშვილის 13 გოლი

რუმინეთის ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა. ორი თამაში მოიგო და მესამე ადგილზეა ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა, ხოლო ირაკლი კბილაშვილმა ბოლო ორ ტურში 13 გოლი გაიტანა.

რეშიცამ ჩემპიონატში მეორე მატჩი მოიგო. ბუზეუსთან გამარჯვების შემდეგ გუნდი დამარცხდა ბაკეუსთან, შემდეგ კი მძიმე ბრძოლაში 31-30 მოუგო უშუალო კონკურენტ ბოტოშანის. თეიმურაზ ორჯონიკიძემ ბუზაუსთან მატჩში ტრავმა მიიღო და ბოლო ორი ტური გამოტოვა, კბილაშვილი კი, ტრადიციულად, ორივე შეხვედრაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ბაკეუსთან მან 5 გოლი გაიტანა, ბოტოშანისთან – 8. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელს 6 ჩატარებულ მატჩში უკვე 38 გოლი დაუგროვდა, ორჯონიკიძეს 4 თამაშში – 14.

ჩემპიონატში 17 გოლი აქვს გატანილი ირაკლი ჩიქოვანს. მისმა კონსტანცამ პირველი წრე ვასლუისთან (30-25) და ბუზეუსთან (27-23) ორი გამარჯვებით დაასრულა. კონსტანცა 15 თამაშიდან 12 მოგებით მესამე ადგილზეა, უდანაკარგოდ, 15 მოგებით ლიდერობს ბუქარესტის დინამო.

რუმინეთის ეროვნული ლიგის თამაშები 2021 წელს განახლდება.

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 1 წრის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0) – 1. დინამო ბუკურეშტი 45 ქულა, 2. პოტაისა ტურდა 39, 3. კონსტანცა 36, 4. CSM ბუკურეშტი 30, 5. ბაია მარე 28, 6. სტიაუა 24, 7. ტიმიშოარა 24, 8. ფოჩანი 21, 9. ბუზეუ 20, 10. ვასლუი 19, 11. ფეგერაში 18, 12. სუჩავა 17, 13. ბაკეუ 15, 14. კელერაში 12, 15. რეშიცა 6, 16. ბოტოშანი 1