თასის ნახევარფინალისტები ცნობილია
საქართველოს თასის ნახევარფინალში, ხვალ, გლდანის ხელბურთის აკადემიაში ითამაშებენ BSB ბათუმი – სტუ-იმედი, ქუთაისი – სპორტის უნივერსიტეტი. შინაური სეზონი, რვათვინი იძულებითი შესვენების შემდეგ, დღეს გაიხსნა.
ყველაზე დაძაბული ბოლო, მეოთხე მეოთხედფინალი იყო. სპორტის უნივერსიტეტმა 28-23 დაამარცხა თბილისის პეგასი. პეგასის ხალგაზრდულმა გუნდმა 2018 წელს საქართველოს თასის მოპოვებაც მოასწრო და შემდეგ წელს – ჩემპიონატის ფინალისტობაც, მაგრამ გუშინდელ თამაშში თინეიჯერების ანაბარა იყო – საკმაოდ სოლიდურად დაკომპლექტებულმა სპორტის უნივერსიტეტმა პირველი ტაიმი 11-10 მოიგო, მეორეში კი ლიდერის, ლუკა ბულბულაშვილის წყალობით, უპირატესობა გაზარდა – 28-23. 15 გოლი გაიტანა ბულბულაშვილმა, 13 – პეგასის გამთამაშებელმა აკაკი პატაშურმა.
დანარჩენი სამი მატჩი ფავორიტებმა მოიგეს. ქვეყნის ბოლო ჩემპიონატისა და თასის გათამაშების გამარჯვებულმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 46-21 დაამარცხა თბილისის ქარიშხალა, სტუ-იმედმა – ფოთის ოქროს ვერძი 42-22, ქუთაისმა – თასის 2014 წლის მფლობელი, სამტრედია 46-26.
იმის გათვალისწინებით, რომ გუნდებს 8 თვეა, არ უთამაშიათ და სრულფასოვანი ვარჯიშის საშუალებაც არ ჰქონიათ, პირველმა დღემ შეიძლება ითქვას, რიგიანად ჩაიარა. ყველა გუნდში თამაშობენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების კანდიდატები, მათ შორის – ყველაზე უმცროსი, 16-წლამდელთა ნაკრებისა, რომელსაც 2021 წელს პირველი ევროპის ჩემპიონატი უწევს – ამ გუნდის რამდენიმე წევრმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გარდა ამისა, არენაზე იყვნენ: ერთი-ორი ვეტერანი, ეროვნული გუნდის ზოგიერთი წევრი და კანდიდატი, ხელბურთში მობრუნებული რამდენიმე ახალგაზრდა, ეგვიპტელი ლეგიონერი მოჰამედ აბდელდაიემი (სპორტუნი), მამა-შვილი გრიშიკაშვილები (სტუ და პეგასი), მთელი საოჯახო დინასტია სამტრედიიდან (მწვრთნელი მამა და ორი მოთამაშე შვილი), EHF ახალგაზრდა არბიტრების ორი წყვილი და საერთაშორისო ფედერაციისვე დელეგატი, ტრიბუნებზე – სამი ასაკობრივი ნაკრების მთელი სამწვრთნელო გუნდი.
ტურნირი უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით – კოვიდ-ინსტრუქციის მიხედვით მიმდინარეობს და დარბაზში მაყურებელი არ დაიშვება, თუმცა, ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი და ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხვალ გლდანში ნახევარფინალები და მე-5-8 ადგილებისთვის პლეიოფის 2 მატჩია. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდებს დიდი ხანია, სატურნირო პრაქტიკა არ ჰქონიათ, გათამაშდება ყველა ადგილი – რვავე მონაწილე კლუბს გარანტირებული 3 თამაში ექნება. უმაღლესი ლიგის გუნდებიდან თამაში ვერ შესძლეს წყალტუბომ და გორმა, ისინი კი შეცვალეს ქარიშხალამ და ფოთმა.
ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა 2020 წლის მარტის შემდეგ, მასუკან, რაც შინაური სეზონი კოვიდ-პანდემიის გამო შეწყდა და აღარ განახლებულა. 2020 წლის თასის მფლობელი 13 ნოემბერს გამოვლინდება თბილისის სპორტის სასახლეში.
ხელბურთი. საქართველოს თასი 2020. კაცები
10 ნოემბერი, გლდანის აკადემია, მეოთხედფინალი
BSB ბათუმი – ქარიშხალა 46-21
ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – ლაპიაშვილი 11, ახალბედაშვილი 10, აბრამიშვილი 8, ტიელიძე 8, გიორგაძე 6, კაკულია 2, მსხვილიძე 1, თურმანიძე, ბერძენიშვილი – მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე, კომახიძე
ქარ: ალიევი, ქირია, გაბიდაური – გ. მუკბანიანი 12, ჩაფიძე 4, მიხელიძე 2, ლ. მუკბანიანი 2, შარიფაშვილი 1, ძაგნიძე, ხუციშვილი, სლოევი, ფანჩვიძე – მწვ. ქობელაშვილი, სამადაშვილი, დათუკაშვილი
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი (თბილისი)
იმედი-სტუ – ოქროს ვერძი ფოთი 42-22
სტუ: ხანდოლიშვილი, სეთურიძე – ერისთავი 12, ჭელიძე 8, ნაწილაშვილი 7, გოგალაძე 5, შ. გრიშიკაშვილი 5, ტალახაძე 3, უ. კობახიძე 2 – მწვ. კეკელიძე, ორჯონიკიძე
ფოთ: გოგოხია, ბ. კეკუა, თ. კეკუა – ალანია 7, მელიავა 6, ჟვანია 3, დ. ბჟალავა 2, ბერაია 2, დიდია 2, ფანცულაია, კვარაცხელია – მწვ. ჭანტურია
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი (თბილისი)
ქუთაისი – სამტრედია 46-26
ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი, რუხაძე – გამზარდია 12, სურმავა 7, მერკვილაძე 7, ჯუღელი 5, სტურუა 4, ფერაძე 3, სიმონია 3, გოგოლაძე 3, ხაჟომია 2 – მწვ. ბოყოჩაძე, მამასახლისი, გობეჯიშვილი
სამ: ჩხიკვაძე, დუნდუა, გაგუა – ვ. ხელისუფალი 7, აფრიდონიძე 7, ადამია 5, ხომერიკი 3, სულიკო კიკაბიძე 2, დ. ხელისუფალი 1, ბერიძე 1, მანია, საბა კიკაბიძე – მწვ. გ. ხელისუფალი
მსაჯები: გ.გველესიანი (წყალტუბო) – თ. ბჟალავა (ფოთი)
პეგასი – სპორტუნი 23-28
პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, თავაძე – პატაშური 13, ჟვანია 5, კოხრეიძე 2, გ. კობახიძე 1, ჭანტურია 1, უთმელიძე 1, გ. გრიშიკაშვილი, არეშიძე, ლანჩავა, დარსანია – მწვ. სახვაძე, კალანდაძე
სპ: ხარაიშვილი, კუპატაძე – ბულბულაშვილი 15, ზურაბიანი 4, ჯ. იმნაძე 3, მიქავა 3, ლ. იმნაძე 1, ჩიკვილაძე 1, აბდელდაიემი 1, ზ. იობაშვილი, შევჩენკო, კორსანტია -მწვ. შარანგია
მსაჯები: გ. გველესიანი (წყალტუბო) – თ. ბჟალავა (ფოთი)
დელეგატები: ლ. გელაშვილი, გ. ბროლაძე, თ. ჩოგოვაძე – ვ. ბერიაშვილი
სამდივნო: ლ. ზაქარიაძე, ქ. იაშვილი, ნ. სურგულაძე
11 ნოემბერი, გლდანის აკადემია
10:00 პლეიოფი 5-8 ადგ. ქარიშხალა – ფოთი
12:30 ნახევარფინალი. BSB ბათუმი – სტუ-იმედი
15:00 ნახევარფინალი. ქუთაისი – სპორტუნი
17:30 პლეიოფი. 5-8 ადგილები. სამტრედია – პეგასი
12 ნოემბერი, გლდანის აკადემია
13:00 მე-7-8 ადგილებისთვის
15:00 მე-5-6 დგილებისთვის
13 ნოემბერი, სპორტის სასახლე, ფინალი
13:00 მე-3-4 ადგილებისთვის
15:00 ფინალი