თამარ ჩაჩუა სპორტსმენთა კომისიაში აირჩიეს

30 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდა სპორტსმენთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით :

1) სპორტსმენთა კომისიის ხელმძღვანელის და ახალი შემადგენლობის არჩევა;
2) სპორტსმენთა კომისიიდან სეოკ-ის 2016 წლის საანგარიშო-საარჩევნო სესიის დელეგატთა არჩევა.

სპორტსმენთა კომისიის დებულების შესაბამისად, ოლიმპიური ციკლის დამთავრების შემდგომ იმართება კომისიის სხდომა, სადაც მიმდინარეობს გაწეული მუშაობისა და პრობლემების განხილვა, სპორტსმენთა კომისიის განახლება.
კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და სპორტული დირექტორი ივანე მეკრავიშვილი. სხდომაში მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ვარლამ ლიპარტელიანის კანდიდატურას, რომელიც არჩეულ იქნა კომისიის თავმჯდომარედ. მოადგილედ აირჩიეს ნინო სალუქვაძე. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ მვილდოსანი ქრისტინე ესებუა, ხელბურთელი თამარ ჩაჩუა და ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.
სპორტული კომისიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა სხდომის მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ კომისია კვლავ გააგრძელებს სპორტსმენთა ინტერესების დაცვას, იზრუნებს მათი პირობების გაუმჯობესებისათვის და ამ მიმართულებით მჭიდროდ ითანამშრომლებს სეოკ-თან და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან.

Leave a Reply