ეროვნული ნაკრები ბულგარეთში ბოლო საგზურისთვის ითამაშებს
ივნისში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) განვითრებადი ქვეყნების ჩემპიონატში, რომელიც ბულგარეთში გაიმართება 12-18 ივნისს. სამშაბათს გაიმართა ამ ტურნირი წილისყრა – ჯგუფში ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან ლუქსემბურგი, მალტა და დიდი ბრიტანეთი. ჯგუფიდან 2 გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის.
ტურნირის გამარჯვებული მიიღებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევი რაუნდის ბოლო საგზურს. სულ მონაწილეობს 16 ქვეყანა – 6 ნაკრები, ვინც ევრო 2020-ის პირველ შესარჩევ რაუნდში დამარცხდა (ლუქსემბურგი, საქართველო, თურქეთი, კოსოვო, ფარერები, კვიპროსი), კიდევ 9 ევროპული ქვეყანა, ვისაც კვალიფიკაცია არ უთამაშია და ვაილდ-ქარდით მიწვეული ჩინეთის გუნდი. ცხადია, ჩინეთი საგზურის გათაშებაში არ მონაწილეობს.
ტურნირის მონაწილეთა ასაკი შემოსაზღვრულია 16-დან 24 წლამდე, ოღონდ, გუნდებს აქვთ 24 წელზე უფროსი სამი ხელბურთელის დამატების უფლება, ასე რომ, საქართველო ბულგარეთში ფაქტობრივად ეროვნული ნაკრებით ითამაშებს და გამარჯვებისა და ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებს.
IHF განვითრებადი ქვეყნების ჩემპინატი მესამედ იმართება. 2014 წელს, ანდორაში, საქართველომ 20-წლამდელთა გუნდით მეორე ადგილი დაიკავა, 2015 წელს კი ტურნირი კოსოვოში გაიმართა და ფარერის კუნძულებმა მოიგო, საქართველოს ნაკრებმა კი მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგანაც კოსოვოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს.
მარტში გაირკვევა ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე, რომელიც 2017 წლის 9-11 ივნისს გაიმართება. საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ამ ტურნირზე ერთადერთხელ, 1994 წლის კვალიფიკაციაში უთამაშია. ფედერაციამ და ნაკრების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა დროა, ქალთა ტურნირებშიც დაიწყოს გამოცდილების დაგროვება. პირველი ეტაპზე უძლიერესი ქვეყნები არ გამოვლენ. შეიქმნება 3 ან 4 ჯგუფი, ტურნირები გაიმართება ერთ წრედ, ერთ ქვეყანაში (მასპინძლის ვინაობა წილისყრაზე დადგინდება), გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში, უკვე გრანდებთან სათამაშოდ. მეორე რაუნდი 2017 წლის შემოდგომიდან 2018 წლის ივნისამდე გაიმართება ორ წრედ, მიმოსვლით. ევროპის ჩემპიონატი 2018 წლის დეკემბერსაა დანიშნული საფრანგეთში.
ხელბურთი. IHF განვითრებადი ქვეყნების ჩემპიონატი (24წ, კაცები)
გაბროვო, ველიკო ტირნოვო (ბულგარეთი), 12-18 ივნისი, 2017
A ჯგუფი: თურქეთი, კოსოვო, ალბანეთი, ირლანდია
B ჯგუფი: ლუქსემბურგი, საქართველო, მალტა, დიდი ბრიტანეთი
C ჯგუფი: კვიპროსი, ბულგარეთი, ანდორა, აზერბაიჯანი
D ჯგუფი: ჩინეთი, ფარერის კუნძულები, სომხეთი, მოლდოვა
2-2 გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში
12-14 ივნისი – ჯგუფური ტურნირი
16 ივნისი – მეოთხედფინალი
17 ივნისი – ნახევარფინალი
18 ივნისი – ფინალი
ტურნირის გამარჯვებული იღებს ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს
ხელბურთი, ევრო 2020, კაცები
მთავარი შესარცევი რაუნდი. ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი (27 გუნდი, გამოაკლდება ევროპის 2018 წლის ჩემპიონი) + 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან: ესტონეთი, საბერძნეთი, იტალია + IHF ჩემპიონატის გამარჯვებული
ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი