ევროპის ჩემპიონატი თელავიდან თბილისში გადმოდის
ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში, რომლისთვისაც 10-19 აგვისტოს თელავს უნდა ემასპინძლა, იმავე ვადებში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მიზეზი ისაა, რომ თელავის ახალ სპორტის სასახლეში მოედნის საერთაშორისო სტანდარტის, ხის საფარის დაგება ვერ ესწრება.
2018 წლის თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 2017 წლის ივნისში მოიპოვა. განაცხადში შეტანილი იყო თბილისის ოლიმპიური სასახლე, მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ თელავში თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, თხოვნით მიმართა ევროპის ხელბურთის ფედერაციას, ტურნირის თელავში გადატანის შესახებ.
ხელბურთის თანაბრად განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელბურთის ფედერაციის განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამით ხელმძღვანელობდა საქართველოს ხელბურთის ფედერაცია, როდესაც 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონობის სამასპინძლო განაცხადში IHF-ს წარუდგინა ოთხი ქალაქის კონცეპცია. ამ გეგმის ნაწილი იყო თელავში, ბათუმსა და გორში სპორტის სასახლეების მშენებლობაც, თუმცა 2017 წლის აგვისტოსთვის ამ არენების აშენება ვერ მოხერხდა და ერთი წლით გადაიწია.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ თავისი განზრახვა, ევროპის ჩემპიონატის თელავში გამართვის შესახებ EHF-ს წარუდგინა 2017 წლის ნოემბერში, სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ევროპის ჩემპიონატი საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, მამუკა ჩიხლაძე და ნიკოლოზ სვიმონიშვილი. ვენის ოფისში მზადყოფნით შეხვდნენ ჩვენს წინადადება და თითქმის მაშინვე დაიგეგმა EHF არენების ექსპერტისა და ჩვენი შეჯიბრების კურატორის, თომას განგელის პირველი ვიზიტი თელავში, 2017 წლის დეკემბრისთვის.
ვიზიტის დროს დადგინდა, რომ თელავში საჭირო სტანდარტის სასტუმროების სრულიად საკმარისი რაოდენობაა, ხოლო არენის სამშენებლო ნაწილი ახლოს იყო დასრულებასთან და 2018 წლის პირველ ნახევარში სპორტის სასახლე მზად იქნებოდა, რის შემდეგაც EHF აღმასკომმა ოფიციალურად დაადასტურა ევროპის ჩემპიონატის არენის გამოცვლა – თბილისიდან თელავში. ერთადერთი პრობლემა იყო გასახდელების რაოდენობა: თელავში, ბათუმსა და გორში ორდარბაზიანი არენა აშენდა, სათამაშო სახეობათა სტანდარტით ორ დარბაზს სპორტსმენთა 8 გასახდელი სჭირდება, რათა შეჯიბრება ორივეში ერთდროულად გაიმართოს, თელავისა და გორის არენებში კი იყო მხოლოდ 4, ბათუმში – 6. გადაწყდა, რომ შეჯიბრებისთვის მხოლოდ თელავის არენის მთავარ დარბაზს (1500 მაყურებელი) გამოვიყენებდით, მცირე დარბაზი კი სავარჯიშოდ დარჩებოდა. ორივე დარბაზში უნდა დაგებულიყო ხის იატაკი, რაზეც, ევროპის ჩემპიონატის დროს დაიგებოდა IHF და EHF ოფიციალური პარტნიორის, ფრანგული კომპანია ჟელფლორის სპეციალური, სინთეტიური სახელბურთო საფარი.
თომას განგელის მეორე ვიზიტი გაიმართა 2018 წლის მაისში. არენა მზად იყო, დარჩენილი იყო ერთადერთი საკითხი: დარბაზებში მაისისთვის იყო მხოლოდ ბეტონის იატაკი, მასზე კი, EHF ევროპის ჩემპიონატების დებულების თანახმად, უნდა დაგებულიყო ხის იატაკი. ამის პირობა EHF წარმომადგენელმა სპორტის სამინისტროში მიიღო, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროპის ფედერაციებს შორის გაფორმდა ოფიციალური კონტრაქტი ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის თელავში გამართვისს შესახებ.
მაგრამ, ამის შემდეგ მშენებელმა კომპანიამ წამოიწყო დავა. აღმოჩნდა, რომ ხის საფარის დაგებას ისინი აპირებდნენ მხოლოდ ბათუმის სპორტის სასახლის მთავარ დარბაზში, ბათუმის, გორისა და თელავის დანარჩენ ხუთ მოედანზე კი – უნგრული კომპანია გრაბოსპორტის სინთეტიკას პირდაპირ ბეტონზე, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სპორტსმენების უსაფრთხოებას.
სამწუხაროდ, საკითხი დღემდე გადაუჭრელია, ამის შედეგად კი ევროპის ჩემპიონატს 10-19 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. საბედნიეროდ, უმოკლეს ვადაში მოხერხდა თბილისში საჭირო სტანდარტისა და რაოდენობის სასტუმრო ოთახების მოძიება, ხოლო მონაწილე გუნდებისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგანაც ჩამოფრენა-გამგზავრების აეროპორტი იგივეა.
ვიდეო: საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე თელავის არენის მშენებლობის შესახებ. რადიო იმედი, გადაცემა სპორტტაიმი. 9 ივლისი. https://www.youtube.com/watch?v=SqLh329xxPc&feature=youtu.be&t=25m8s
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ
ჩემპიონატი საქართველოში – თბილისი, 10-19 აგვისტო
A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი
B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო
10 აგვისტო. ფინეთი-საქართველო, 11 აგვისტო.საქართველო-ბელარუსი
13 აგვისტო. საბერძნეთი-საქართველო, 14 აგვისტო. იტალია-საქართველო
ნახევარფინალი 18 აგვისტოს, ფინალი 19 აგვისტოს