გოგონათა ნაკრები წილისყრას ელის

12 ოქტომბერს ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართება 2017 წლის ცხრამეტწლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა. ტურნირში საქართველოს გოგონათა ნაკრებიც მონაწილეობს.

ფინალური ტურნირი გაიმართება ივლის-აგვისტოში, სლოვენიაში და მასპინძლები, ასევე დანია და რუსეთი, როგორც ჩვიდმეტწლამდელთა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ფინალისტი, ფინალში პირდაპირ არიან დაშვებული. დანარჩენ 13 საგზურს გაითამაშებს 30 ქვეყანა.

შეიქმნება 8 ჯგუფი, ექვსი ოთხგუნდიანი და 2 სამგუნდიანი. 1-5 ჯგუფებიდან ფინალის საგზურებს 2-2 გუნდი მოიპოვებს, ხოლო 6-8 ჯგუფებიდან (მათ შორის ერთი, მეექვსე, ოთხგუნდიანია) – ფინალში მხოლოდ გამარჯვებული გავა. საქართველო მეოთხე კალათაშია და წინასწარაა ცნობილი, რომ ოთხგუნდა ჯგუფში მოხვდება.

წილისწყის განთესვა მთლიანად 2015 წლის ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის მიხედვით მოხდა. ამ ტურნირზე 3-7 ადგილზე გასული გუნდები – უნგრეთი, რუმინეთი, ხორვატია, საფრანგეთი, შვედეთი – პირველ კალათში იქნებიან. ფინალური და შესარჩევი ეტაპების შედეგების მიხედვით გადანაწილდა დანარჩენი 25 ქვეყანაც.

შესარჩევი ტურნირები 2017 წლის 17-19 მარტს გაიმართება. რაც შეეხება მასპინძლობას, 2015 წლის ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაციის მასპინძლებს (მათ შორის – საქართველოს) უფლება ამჯერად ჩამორთმეული აქვთ. ასე რომ, საკვალიფიკაციო ტურნირი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება საქართველოში, თუ ჩვენი მეტოქე სამივე გუნდი უარს იტყვის მასპინძლობაზე.

რაც შეეხება საქართველოს გოგონათა, 1998-99 წლებში დაბადებულ ნაკრებს, გუნდს 2015-16 წლებში საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და თავის ასაკში 4 ოფიციალური შეჯიბრება ითამაშა – ევროპის 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია ქუთაისში, 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი თბილისში, 2016 წლის ქალთა ტროფი თბილისში და ევროპის ღია პირველობა გეტებორგში. მომავალი შესარჩევი ტურნირის მონაწილეებთან უკვე 17 ოფიციალური მატჩი გვაქვს ნათამაშები, და, რაც მთავარია, განთესვის მესამე და მეორე კალათშიც არან გუნდები, რომლებიც დაგვიმარცხებია.

ამ ასაკის გოგონათა ნაკრებს (მწვრთნელი გიორგი გვაზავა) კიდევ ერთი ასაკობრივი ტურნირი უწევს – 2018 წლის მსოფლიოს ოცწლამდელთა ჩემპიონატი, რომლის შემდეგაც გუნდი უკვე ქალთა ეროვნული ნაკრბების დონეზე დაიწყებს გამოსვლას – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებზე.

წილისყრა ხვალ, საქართველოს დროით 12:30 საათზე დაიწყება.

ხელბურთი. 19 ქალებიევროპის ჩემპიონატი 2017

ფინალური ტურნირი. 27 ივლისი – 5 აგვისტო. ცელიე, სლოვენია

კვალიფიკაცია, 17-19 მარტსწილისყრა – 12 ოქტომბერს, ვენაში

(პირდაპირ ფინალში არიან დანია, რუსეთი, სლოვენია)

წილისყრის განთესვა და პროცედურა

პირდაპირი ეთერი 12ოქტომბერს, 12:30: https://www.youtube.com/watch?v=f0YBrJP7584

1 კალათი: უნგრეთი, რუმინეთი, ხორვატია, საფრანგეთი, შვედეთი

კალათი: გერმანია, ესპანეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, პორტუგალია, სლოვაკეთი, ჩეხეთი, მაკედონია

3 კალათი: ბელარუსი, პოლონეთი, თურქეთი, ავსტრია, ფარერები, ფინეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, მონტენეგრო, შვეიცარია

4 კალათი: საქართველო, ისლანდია, მოლდოვა, სერბეთი, უკრაინა, ბელგია

თამაშდება 13 საგზური; შეიქმნება 8 ჯგუფი. 1-6 ჯგუფში – 4-4 გუნდი და 7-8 ჯგუფებში – 3-3 გუნდი

ფინალურ ტურნირზე გასვლა: 1-5 ჯგუფიდან 2-2 გუნდი, 6-8 ჯგუფებიდან – თითო

განაწილება: 1 კალათის 5 გუნდი განაწილდება 1-5 ჯგუფების პირველ პოზიციაზე. 2 კალათის 8 გუნდი განაწილდება 6-8 ჯგუფების პირველ და 1-5 ჯგუფების მეორე პოზიციაზე. 3 კალათის 11 გუნდი განაწილდება 6-8 ჯგუფების მეორე და 1-8 ჯგუფები მესამე პოზიციაზე. მეოთხე კალათის 6 გუნდი განაწილდება 1-6 ჯგუფების მეოთხე პოზიციაზე

მასპინძლობა: პრიორიტეტი აქვთ ჯერ პირველი, შემდეგ – მეორე, მესამე, მეოთხე კალათის გუნდებს. მასპინძლობის უფლება არა აქვთ ხორვატიას, ფარერებს, საქართველოს, უნგრეთს, კოსოვოს, მონტენეგროს, პოლონეთს, რუმინეთს (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ჯგუფის ყველა სხვა მონაწილე მასპინძლობაზე უარს იტყვის)

საქართველოს გოგონათა ნაკრების შედეგები შესარჩევი ტურნირის მონაწილეებთან

საქართველო – რუმინეთი 24-32 (თბილისი-2015)

საქართველო-საფრანგეთი 12-20 (გეტებორგი-2016)

საქართველო-გერმანია 25-30 (თბილისი-2015)

საქართველო-ნორვეგია 20-41 (ქუთაისი-2015)

საქართველო ჰოლანდია 22-43 (ქუთაისი-2015), 16-24 (გეტებორგი-2016)

საქართველო-სლოვაკეთი 22-20 (გეტებორგი-2016)

საქართველო-ჩეხეთი 18-44 (თბილისი-2015)

საქართველო-ავსტრია 14-23 (გეტებორგი-2016)

საქართველო-ფარერები 14-28 (თბილისი-2016)

საქართველო-ფინეთი 15-15 (გეტებორგი-2016)

საქართველო-ლატვია 31-25 (თბილისი-2016)

საქართველო-ლიტვა 20-39 (ქუთაისი-2015)

საქართველო-მონტენეგრო 15-26 (თბილისი-2015), 10-18 (გეტებორგი-2016)

საქართველო-ისლანდია 16-22 (გეტებორგი-2016)

საქართველო-ბელგია 18-14 (თბილისი-2016)

Leave a Reply