ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ცხრაგზის გამარჯვებული და შარშანდელი ჩემპიონი ბარსელონა წლევანდელ ფინალურ ოთხეულში ვერ მოხვდა – ბარსამ შინ დაამარცხა გერმანიის კილი, 33-30, მაგრამ პირველი თამაში 24-29 ჰქონდა წაგებული. დანარჩენი სამი ნახევარფინალისტია საფრანგეთის პსჟ, უნგრეთის ვესპრემი და პოლონეთის კელცე.

პალაუ ბლაუგრანაში, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გუდიონ სიგურდსონმა ანგარიში 31-26 გახადა. გერმანიის ჩემპიონს სტუმრად მეტი გოლი ჰქონდა გატანილი და ბარსელონას კიდევ ერთი ბურთი სჭირდებოდა, მაგრამ მეკარე ლანდინმა ზედიზედ მოიგერია 4 ბურთი, ხოლო კილის ესპანელმა ხოან კანელასმა ზედიზედ სამჯერ გაიტანა – 29-31 და ორრაუნდიანი ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. საბოლოოდ, 33-30. კილი ფინალურ ოთხეულში გასული გუნდებიდან ერთდერთია, ვისაც ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული (2007, 10, 12).

გერმანიის ფლენზბურგმა პირველი მატჩი შინ 28-28 დაასრულა პოლონეთის კელცესთან და როცა საპასუხო შეხედრის ბოლო წუთი დაიწყო, ტაბლოზე იგივე ანგარიში იყო – 28-28. პოლონელთა ბოლო შეტევა გოლით დაასრულა კრჟიშტოფ ლიევსკიმ, ხოლო ფლენზბურგს გასათანაბრებლად 20 წამი დარჩა. 29-29 უკვე ფლენზბურგისთვის საჭირო ანგარიში იქნებოდა. დასრულებამდე 3 წამით ადრე რაზმუს ლაუგემ ექვსმეტრიან ხაზზე ჩაუგდო ბურთი კრეშიმირ კოზინას, რომელსაც ზურგში ხელი კრეს, მაგრამ მსაჯებმა შვიდმეტრიანი არ დანიშნეს, ხოლო წაქცეული კოზინას დარტყმა მეკარე სეგომ მოიგერია. კელცე მეორე გავიდა ფინალურ ოთხეულში, ხოლო ლიგის 2014 წლის გამარჯვებულმა ფლენზბურგმა ამის შემდეგ, კვირას, გერმანიის თასის ფინალიც წააგო მაგდებურგთან.

პარი სენ ჟერმენსა და ვესპრემს პირველი მატჩები სტუმრად ჰქონდათ მოგებული და ნახევარფინალში გასასვლელად საკუთარ მოედანზე ფრეც ეყოთ ზაგრებსა და ვარდართან. ვესპრემი ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალურ ოთხეულში, პსჟ – პირველად, თუმცა, ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი წლეულს ალბათ ფრანგული კლუბი იქნება.

მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-18-quarterfinal-leg2

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები

მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები. 27 აპრილი – 1 მაისი

კელცე (პოლ) – ფლენზბურგი (გერ) 29-28 (28-28)

იურეცკი 9, რაიხმანი 7 – ლაუგე, სვანი 8, მაე 6

ვესპრემი (უნგ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 30-30 (29-26)

ილიჩი 9, ნადი 7 – ჯინდრიჩი 5, დუიშებაევი, შიშკარევი 4

ბარსელონა (ესპ) – კილი (გერ) 33-30 (24-29)

ენტრერიოსი 6, ჟალუზი, ლაზაროვი, სიგურდსონი 5 – კანელასი, ვუინი 5, კლაინი 4

პსჟ (საფ) – ზაგრები (ხორ) 32-32 (28-20)

ონუფრიენკო 7, ჰანსენი, კარაბატიჩი 5 – ჰორვატი 8, მანდალინიჩი 7

ფინალური ოთხეული 28-29 მაისს, კიოლნში. წილისყრა 3 მაისს

Leave a Reply