არსენაშვილის პირველი მოგება ახალ სეზონში

უცხოეთში მოთამაშე კიდევ ერთმა ქართველმა ხელბურთელმა დაიწყო 2020-21 წლების სეზონი. ერეკლე არსენაშვილის პორტუგალიურმა კლუბმა, ბრაგამ გუშინ 24-18 დაამარცხა ჰორტა.

პირველ ტურში ბრაგა ქვეყნის საუკეთესო გუნდთან, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე პორტუსთან უშანსოდ დამარცხდა 18-36, მეორეში კი პირველი გამარჯვება მოიპოვა. არსენაშვილმა ჰორტასთან 3 გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების 22 წლის ხაზის მოთამაშე მეოთხე სეზონს იწყებს უცხოეთში. ორი წელი მან საბერძნეთში, ფილიპოს ვერიასში და დიომიდის არგოსში გაატარა, შარშან კი პორტუგალიის ბევრად უფრო ძლიერ ლიგაში გადავიდა. ბრაგამ შარშან ფინალურ ექსეულში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა, ამის შემდეგ ჩემპიონატი პანდემიის გამო შეწყდა – არსენაშვილმა ოცდაექვსივე მატჩში ითამაშა და 63 გოლი გაიტანა, რითაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო კლუბში.

წლეულს პორტუგალიის ანდებოლ 1 ლიგაში 16 გუნდი თამაშობს. 6 საუკეთესო ფინალურ ეტაპზე გადის. ბრაგას მომდევნო თამაში 26 სექტემბერს ლისაბონში აქვს სპორტინგთან, 3 ოქტომბერს კი ლისაბონისვე ბენფიკას უმასპინძლებს.

Leave a Reply