ამბერკი ტაბიძის გაცილება
31 იანვარს სპორტული საზოგადოება ეთხოვება გამოჩენილ ქართველ ხელბურთელს, ამბერკი ტაბიძეს, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 64 წლისა, 28 იანვარს გარდაიცვალა.
ამბერკი ტაბიძეს, როგორც გამორჩეულ მოთამაშეს, ყოველთვის გაიხსენებენ, ვიდრე საქართველოში ხელბურთი იარსებებს, დღეს კი მეგობრის შესახებ მისი თანაგუნდელები მოგვითხრობენ.
ამბერკი ტაბიძე (27.12.1952, სამტრედია – 28.01.2017, თბილისი) – ხელბურთელი, თბილისის „ქარიშხალას“ (1972-1987) და სსრკ ნაკრების (1977-84) წევრი, სსრკ თასის მფლობელი (1978), სსრკ ჩემპიონატების სამგზის მესამე პრიზიორი (1977, 80, 81), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1975) და VIII სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი (1983), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1977), სპორტის დამსახურებული მუშაკი (2009), ღირსების ორდენის კავალერი (2012).
ამირან კომახიძე: – ჩემი და ამბერკის მეგობრობა 45 წელს ითვლის – 1972 წლიდან, როდესაც ის ხელბურთში მოვიდა, დღემდე თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა.
ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი, მძლეოსანი – სპრინტერი და სიგრძეზე მხტომელი, თბილისის „ქარიშხალაში“ 1972 წელს მოიყვანა გურამ ძაგანიამ. გუნდს მაშინ ჯანო ბაგრატიონი წვრთნიდა. ამბერკი იყო 20 წლის და უკვე გახლდათ ჩამოყალიბებული ათლეტი. მან ძალიან მალე დაიმკვიდრა ადგილი გუნდში.
იმედო ფხაკაძე: – მე სწორედ იმ სეზონში დავასრულე მოთამაშის კარიერა. ამბერკი ზუსტად ჩემ პოზიციაზე, მარჯვენა გარემარბის ადგილზე მოვიდა და მე მშვიდად გამოვეთხოვე გუნდს, სადაც 10 სეზონი მქონდა გატარებული, რადგანაც შემცვლელი ძალიან ღირსეული იყო.
ორი წლის შემდეგ, 1974 წელს დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, როგორც მწვრთნელისა და სპორტსმენისა. ტაბიძე იყო თხემით ტერფამდე სპორტსმენი, ათლეტი, ფიზიკურად საუცხოოდ მომზადებული, ყველა დავალების ზუსტად შემსრულებელი, დისციპლინიანი და რეჟიმის ურყევად დამცველი – ერთი სიტყვით, მწვრთნელისთვის უდიდესი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა. პირველივე დიდ ტურნირზე 1975 წლის სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე, საქართველოს ნაკრებმა ამბერკი ტაბიძესთან ერთად ბრინჯოს მედლები მოიპოვა.
ვახტანგ ბერიაშვილი: – ამბერკის, როგორც მძლეოსანს, იდეალური ფიზიკური მონაცემები ჰქონდა – რეაქტიული სისწრაფე და მძლავრი ნახტომი. მაგრამ ბურთიან თამაშში ეს საკმარისი არაა, აქ ბურთისა და მოედნის შეგრძნებაა მთავარი. ტაბიძემ ამ მხრივაც ნიჭიერი აღმოჩნდა – სპორტის ახალ სახეობას უმალ აუღო ალღო, ფაქტიურად ის პირდაპირ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და ერთი-ორ სეზონში სრულფასოვან ხელბურთელად, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მე მაშინ მარცხენა კუთხეში ვთამაშობდი, ამბერკი – მარჯვნივ და კარგი წყვილი ვიყავით. გუნდში მაშინ ერთი ცაცია გვყავდა, გია ნარიმანიძე, რომელმაც, ტაბიძის მოსვლის შემდეგ მარჯვენა ინსაიდზე გადმოიწია. შეიძლება ითქვას, სრულად დავკომპლექტდით და წარმატებებიც წამოვიდა.
ამირან კომახიძე: – უკვე გითხარით, რომ მე და ამბერკის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, რომელიც მოედანზეც აისახებოდა. 1975 წლის სპარტაკიადაზე ჩვენ პირველად გამოვიყენეთ სწრაფი გარღვევის ჩვენებური ვარიანტი – მე მეკარის ზონიდან პირდაპირ მეტოქის ექვსმეტრიანში ჩავუკიდე ბურთი, ტაბიძემ ძალიან მაღლ ნახტომში, ჰაერშივე დაიჭირა და კარში გადაგზავნა. რა თქმა უნდა, ამას ვარჯიშებზე ვამუშავებდით, მაგრამ დროთა განმავლობაში ისეთ ჩვევად მექცა, რომ ბურთის მოგერიების შემდეგ მარჯვენა კუთხისკენ გახედვაც არ მინდოდა, ვიცოდი, რომ ამბერკი უკვე გაქცეული იყო გარღვევაში და მხოლოდ ზუსტი პასი სჭირდებოდა. ის მალევე მოხვდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და, წესით, აუცილებლად უნდა ეთამაშა მოსკოვის ოლიმპიადაზე…
ჯემალ ბარამიძე: – „ქარიშხალაში“, სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, სულ ერთი თაობის ახალგაზრდები მოვხვდით – მე და ჩემი კოლეგა-მეკარე ამირან კომახიძე, ალექსანდრე ანპილოგოვი, ვახტანგ ბერიაშვილი, ზაზა დოლიძე, გია ნარიმანიძე, ჯიმშერ დვალიშვილი, ზურაბ კეკელიძე, ალექსანდრე ნავროზაშვილი… ერთადერთი, გიორგი ბერიაშვილი იყო ჩვენზე ოდნავ უფროსი.
მე და ამბერკი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდით და ორჯერ მოვიგეთ „მეგობრობის თასი“. მაშინ ამდენი ტურნირი არ იმართებოდა. არ იყო ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატები, საერთოდ არ იმართებოდა ევროპის პირველობები. ეროვნული ნაკრებების დონეზე იყო სულ ორი შეჯიბრება – მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიადა, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრა კი, მოგეხსენებათ, როგორი რთული საქმე იყო. ფაქტიურად, თავი უნდა გადაგედო სპორტისთვის და ამბერკი ზუსტად ამისთანა სპორტმენი იყო – თუ ფეხზე დგომა შეეძლო, შანსი არ იყო, მოედანზე არ გასულიყო და ან იქ თავი დაეზოგა – მას უთამაშია სიცხიანს, ტრავმიანს, ტკივილგამაყუჩებლებით, უთამაშია ნებისმიერ ვითარებაში – გუნდისთვის და სპორტისთვის მას ყველაფრის გაღება შეეძლო. შიდა ასპარეზზე ჩვენ ბევრი წარმატება გვქონდა და იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიყავით, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ამბერკი ტაბიძე უნდა მოხვედრილიყო მოსკოვის ოლიმპიადის გუნდში…
ამირან კომახიძე: – ამბერკი თავიდან ბოლომდე ემზადებოდა ამ ოლიმპიადისთვის, ყველა შეკრება და მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, ოლიმპიადის დროსაც მოსკოვში იყო, მაგრამ, სულ ბოლო მომენტში, ანატოლი ევტუშენკომ მას ამჯობინა ფედიუკინი და კრავცოვი და, ჩემი აზრით, არცერთი არაფრით ჯობდა ტაბიძეს. მიზეზი რა იყო? დანამდვილებით მაგას ახლა ვინ გეტყვით. ჩემს მეგობარს მაშინ უკვე ეპატიჟებოდნენ მოსკოვში, არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის გუნდში, ამბერკის კი ვერც წარმოდგინა, როგორ უნდა ეთამაშა სხვა გუნდში, ქართულის გარდა. მას არც უფიქრია ამაზე, არც განუხილავს ეს წინადადება. საბჭოთა კავშირი იყო, ყველგან მფარველი და პროტექცია გჭირდებოდა, მოქმედებდა დაუწერელი ნაციონალური კვოტები, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამბერკი რომ ყოფილიყო გუნდში, იქნებ საბჭოთა კავშირის ნაკრებს არც წაეგო ფინალი აღმოსავლეთ გერმანიასთან.
ჩვენ კიდევ დიდხანს ვითამაშეთ ერთად „ქარიშხალაში“, რაც შეგვეძლო, ყველაფერი მივეცით გუნდს და მე, ამბერკი ტაბიძემ და ალექსანდრე ანპილოგოვმა ერთად დავანებეთ თამაშს თავი, ოთხმოციანი წლების ბოლოსკენ, თუმცა, ამბერკი შემდეგ დაბრუნდა, დამოუკიდებლობის ხანაში რამდენჯერმე ითამაშა სტუ-შევარდენში ევროტურნირებზე, ფიზიკურ მომზადებაშიც ეხმარებოდა ხელბურთელებს, თანაც სპეციალობით, ინჟინრად მუშაობდა.
როგორც გითხარით, ჩვენ ბოლომდე ვმეგობრობდით. ერთ უბანში მოგვიწია ცხოვრება და თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ჩემს მეგობართან და მის მშვენიერ ოჯახთან – მეუღლესთან, ორ შვილთან და ხუთ შვილიშვილთან.
ამბერკი ბოლომდე ხელბურთში, ხელბურთთან და ხელბურთელებთან იყო. მისი ბოლო ვეტერანთა ტურნირი იყო თელავში, 2015 წელს, თამაზ ანთაძის 80 წლისთავზე და ამის შემდეგ მალევე აღმოაჩნდა უიშვიათესი დაავადება, რომელსაც ბოლო დღემდე ვაჟკაცურად ებრძოლა.