ალექსანდრე ანპილოგოვი 65 წლისაა
18 იანვარს დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, სპორტის რაინდს, ალექსანდრე ანპილოგოვს.
ანპილოგოვს ხელბურთში ორივე უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული. 1976 წელს, მონრეალის ოლიმპიადაზე ის დებიუტანტი იყო, მაგრამ ფინალში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ის სსრკ ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცა, ხოლო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, იუგოსლავიის წინააღმდეგ გაიტანა ყველაზე მეტი, 5 გოლი, მათ შორის გადამწყვეტი ბურთი დამატებით დროში, ვირტუოზული დრიბლინგისა და დარტყმის შემდეგ (იხ. ვიდეო). ამ ორი ტიტულის გარდა ანპილოგოვის ანგარიშზეა მოსკოვის ოლიმპიადისა (1980) და 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლები.
მსოფლიო ჩემპიონატი 1982. სსრკ – იუგოსლავია 30-27. ანპილოგოვის 5 გოლი
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=-B9JoR4BEh0
ოლიმპიური ჩემპიონის კარიერაში მნიშვნელოვანი წვლილი ითამაშა სამმა მწვრთნელმა: გარი მაჭავარიანმა, ვინც აღმოაჩინა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, რომელიც მაშინ მხოლოდ სიმაღლით გამოირჩეოდა და პირველი ნაბიჯები გადაადგმევინა ხელბურთში; ჯანო ბაგრატიონმა, ვინც „ქარიშხალას“ გუნდში აიყვანა და პროფესიონალ სპორტსმენად აქცია და იმედო ფხაკაძემ, ვინც საბოლოოდ დააოსტატა და სანაკრებო რეკომენდაციაც მისცა.
იმედო ფხაკაძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი: – „მაშინდელ ხელბურთში სულ ერთი-ორი ორმეტრიანი მოთამაშე იყო. უცებ გამოჩნდა ანპილოგოვი, სიმაღლით 205 სანტიმეტრი, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი ბლოკის მაღლა ახტომა და 10-11 მეტრიდან, უფრო შორიდანაც შედეგიანად დარტყმა და ამის წინააღმდეგ თავდაცვა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი ხელბურთელი, ვინც თამაში შეცვალა და დაახლოებით ისეთი გახადა, როგორიც დღესაა, იყო ალექსანდრე ანპილოგოვი“.
ალექსანდრე, როგორც სპორტსმენი, იყო შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის მაგალითი. როდესაც ხელბურთში მოვიდა, უკვე ორმეტრიანი ჭაბუკი 50 კილოგრამზე ნაკლებს იწონიდა, რის გამოც ბევრი სკეპტიურად უყურებდა მის სპორტულ მომავალს, მაგრამ ანპილოგოვი არაადამიანური შრომის ფასად იქცა ათლეტად და მიხანს მიაღწია.
გარდა ამისა, ის საკუთარი კლუბის, ქალაქისა და ქვეყნის ერთგულების მაგალითიც გახლდათ. უამრავი წინადადების მიუხედავად, მან ბოლომდე უერთგულა თბილისის „ქარიშხალას“, არადა, იმ დროში მოსკოვის ცნობილი სამხედრო კლუბის, ცსკა-ს წინადადება, ფაქტიურად ბრძანება იყო და უარის თქმა კარიერის საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავდა.
ანპილოგოვი თბილისში დარჩა. „ქარიშხალასთან“ და თავის მეგობრებთან – ძმებ ბერიაშვილებთან, ამბერკი ტაბიძესთან, გია ნარიმანიძესთან, ჯიმშერ დვალიშვილთან, ამირან კომახიძესთან, ჯემალ ბარამიძესთან, ზაზა დოლიძესთან, ზურაბ კეკელიძესთან, ალექსანდრე ნავროზაშვილთან ერთად მას რამდენჯერმე სულ ცოტაა დააკლდა ჩემპიონის ტიტულამდე, მაგრამ მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, ოთხჯერ – ბრინჯაოს მედალი, და, რაც მთავარია, ხალხის სიყვარული.
საყოველთაოდაა ცნობილი ასეთი შემთხვევა. 80-ანი წლების შუაწელში ძველი გვარდიიდან ორიოდ კაცი იყო დარჩენილი „ქარიშხალაში“. გუნდი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა. ზედ ბოლო, გადამწყვეტი ტურის წინ ალექსანდრე ანპილოგოვს მამა გარდაეცვალა, მაგრამ არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია და პირდაპირ პანაშვიდიდან დადიოდა სპორტის სასახლეში, სათამაშოდ.
ასე ბოლომდე ემსახურა გუნდს ოლიმპიური ჩემპიონი და მხოლოდ 1987 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც საბოლოოდ დასახლდა კიდეც. 2017 წელს მიენიჭა საქართველოს სპორტის რაინდის წოდება, 2018 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. 2017 წელს თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარი დარბაზი ანპილოგოვის სახელობისა გახდა, ცერემონიალში კი მონაწილეობა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ჰასან მუსტაფამ მიიღო.
ალექსანდრე ანპილოგოვი დაიბადა 1954 წლის 18 იანვარს თბილისში. თამაშობდა თბილისის „ქარიშხალაში“ (1970–1985) და გერმანიის „ლანდსჰუტში“ (1987–1992), სადაც ჯერ მოთამაშის, შემდეგ კი მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (6 მატჩი, 13 გოლი) და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (6 მატჩი, 29 გოლი). მსოფლიოს ჩემპიონი (1982) და მეორე პრიზიორი (1978), სსრკ ჩემპიონატის სამგზის მესამე პრიზიორი (1977, 1980, 1981) სსრკ ხალხთა მე-6 სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1975), სსრკ თასის მფლობელი (1978). 1974–1984 წლებში სსრკ ნაკრებში ითამაშა 217 მატჩი (572 გოლი). იყო საბერძნეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი (2000–2001). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარიხსის ორდენების კავალერი. 2017 წელს ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო „სპორტის რაინდის წოდება“ მიენიჭა. 2018 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. 2017 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარ დარბაზს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში.