gnhf-rrr

ხელბურთის ფედერაციის აღიარება ევროპაში

სენტ ვოლფგანგში, ავსტრია, დასრულდა ხელბურთის ევროპული ფედერაციის კონგრესი, სადაც საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ მიიღო ტოპ ორგანიზატორის დიპლომი, ხოლო ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე აირჩიეს ევროპის ფედერაციის სააპელაციო სასამართლოს წევრად.

საქართველოს კონგრესზე წაროადგენდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და პრეზიდიუმის წევრი, EHF-ის დელეგატი თამაზ თევზაძე.

გვესაუბრება ზურაბ კაკაბაძე:  -კონგრესი დაემთხვა  ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) 25 წლისთავს და ეს თარიღი საგანგებოდ აღინიშნა კიდეც. კონგრესმა აირჩია ახალი პრეზიდენტი, ავსტრიელი მიხაელ ვიდერერი, რომელიც დაარსების დღიდან ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მუშაობდა, ახლა კი ხელბურთის ევროპული ფედერაციის ისტორიაში რიგით მეოთხე პრეზიდენტი იქნება. მის წინამორბედს,  ფრანგ ჟან ბრიოს, კანდიდატურის წამოყენების უფლება აღარ ჰქონდა, რადგანაც მას პრეზიდენტობისთვის ასაკობრივი ცენზი შეეხო.

მნიშვნელოვნად შეიცვალა აღმასკომი. ვიცე-პრეზიდენტი იქნება მონტენეგროელი პრედრაგ ბოჟკოვიჩი, ხაზინადარი – ჰენრიკ ლა კური (დანია), საშეჯიბრო კომისიის შეფი – ბოჟიდარ ჯურკოვიჩი (სერბეთი), მეთოდური კომისიისა – ერჟი ელიაში (პოლონეთი), პლაჟის ხელბურთის – ოლე ორსტადი (ნორვეგია), მათ გარდა აღმასკომის წევრები არიან უნგრელი გაბრიელ ჰორვატი, შვედი სტეფან ლიოვგრენი და ლატვიელი ანრის ბრენჩანსი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პირველად EHF-ის ისტორიაში, ევროპის ფედერაციის ერთ-ერთ სტრუქტურაში ქართველიც იმუშავებს – საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე აირჩიეს EHF სააპელაციო სასამართლოს წევრად.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ კონგრესის დასკვნით სესიაზე აღნიშნეს გამორჩეული ფედერაციების ღვაწლი ხელბურთის განვითარების საქმეში. სულ 6 ასეთი პრიზი დარიგდა: 

სანაკრებო დონეზე (ეროვნული და ასაკობრივი) საუკეთესებად დაასახელეს დანია (2014 წელს) და საფრანგეთი (2015),  პლაჟის ხელბურთში საუკეთესოდ აღიარეს ესპანეთი,  ქალთა ხელბურთში მიღწეული პროგრესისთვის ჯილდო მიიღო რუმინეთის ფედერაციამ.

შეჯიბრებების საუკეთესო ორგანიზატორებად აღიარეს: პლაჟის ხელბურთში პორტუგალიის ფედერაცია, ხოლო კლასიკურ ხელბურთში  – საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია, ვინც უმაღლეს დონეზე გამართა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი 2015 წელს, ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება  და ევროპის თვრამეტწლადელთა ჩემპიონატი 2016 წელს სპეციალური დიპლომი გადმოგვცეს პრეზიდენტმა ჟან ბრიომ და საშეჯიბრო კომისიის  თავმჯდომარემ, ლეოპოლდ კალინმა.

სამშაბათს თბილისში გვესტუმრება უკვე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) სპეციალური კომისია – საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე პერ ბერტელსენი (დანია), ასევე მარკო ტოზი ბრანდი (იტალია) და მარეკ გორალჩიკი (პოლონეთი). ვიზიტის თემაა 2017 წლის მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი, რომელიც აგვისტოში საქართველოში უნდა გაიმართოს მსოფლიოს 24 უძლიერესი გუნდის მონაწილეობით.

ბერტელსენთან და გორალჩიკთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გვქონდა სენტ-ვოლფგანგში.

Leave a Reply