ცხოვრებაძის გოლები სტარლიგაში

საფრანგეთის ლიდლ სტარლიგაში გიორგი ცხოვრებაძის მონპელიემ 29-21 დაამარცხა სენ რაფაელი, ქართველმა ხელბურთელმა კი 3 გოლი გაიტანა. 

მონპელიეს 11 ოქტომბრის შემდეგ არ ეთამაშა იმის გამო, რომ გუნდის 9 წევრს, მოთამაშეებსა და მწვრთნელებს, კოვიდ-ვირუსი ჰქონდათ. მონპელიემ გამოტოვა ორივე მატჩი ევროპის ლიგაზე, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში სულ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო. ცხოვრებაძე სამივე ამ შეხვედრაში შემადგენლობაში იყო, ოღონდ გოლი არ ჰქონდა გატანილი.

სენ რაფაელთან თამაში გუნდმა ცუდად დაიწყო და 5-7 აგებდა. აი, რას წერს მონპელიეს ოფიციალური ვებ-გვერდი: „ანგარიში 5-7 იყო, როდესაც მოედანზე გამოვიდნენ იონას ტრუხანავიჩუსი, მელვინ რიშარსონი და გიორგი ცხოვრებაძე. ამ უკანასკნელმა ზედიზედ ორი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა: 8-8“.

ცხოვრებაძის გოლები სენ რაფაელთან: https://www.youtube.com/watch?v=P3dvQozQ51A

ამის შემდეგ მონპელიემ იოლად მოიგო: ტაიმი 13-10 და მატჩი – 29-21. ცხოვრებაძემ მესამე გოლი მატჩის  ბოლო წამებზე გაიტანა.

გუშინ ცხოვრებაძის გუნდი შინ შეხვდა სესონ-რენს. მონპელიეში ხუთი ცაციაა. აქედან შეხვედრა დაიწყეს იანის ლენმა (RW) და ვალონტან პორტმა (RB), ხოლო ჟულიენ ბოსმა გამათამაშებლის პოზიციაზე გადაინაცვლა. მოგვიანებით შემოვიდნენ: მარჯვენა ინსაიდად – მელვინ რიშარსონი და გიორგი ცხოვრებაძე, მარჯვენა კუთხეში. ცხოვრებაძემ გამოსვლისთნავე გაიტანა, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა, 28-28.

საფრანგეთის ჩემპიონატს რვიდან რვა მოგებით ლიდერობს პარი სენ ჟერმენი. მონპელიე დაკარგული ქულებით მეორე ადგილზეა – 3 მოგება და 2 ფრე. მომდევნო მატჩი გუნდს უკვე ევროპის ლიგაზე აქვს: 17 ნოემბერს სტუმრად შეხვდება ხორვატიის ნექსეს. 

გიორგი ცხოვრებაძე (დ. 2001) მონპელიეში 2017 წლის შემოდგომაზე გადავიდა თბილისის პეგასიდან. მაშინ ის 16 წლის იყო და ორი სეზონი ახალგაზრდულ გუნდში გაატარა. 2018 წელს მონპელიემ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2019-20 სეზონში კი ცხოვრებაძეს დებიუტი ჰქონდა საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში.

მონპელიე – სენ რაფაელი 29-21

მნპ: შეგო (16 მოგერიება), ბონფუა – ბოსი 4/5, რიშარსონი 4/7, ცხოვრებაძე 3/3, პორტი 3/6, ტრუხანოვიჩუსი 3/4, დესკა 2/3, პელა 2/4, სიმონეტი 2/5, დუარტე 2/8, ბატე 1/4, პეტერსონი 1/1, ბორჟესი 1/1, ი. ლენი 1/3, ა. ლენი  

საფრანგეთი. ლიდლ სტარლიგა. 1. პსჟ 16 ქულა (8 მატჩი), 2. ლიმოჟი 11 (8), 3. მონპელიე  8 (5), 4. ნანტი 7 (5), 5. ნიმი 7 (7), 6. დიუნკერკი 7 (6), 7. რენი 5 (7), 8. ესი 4 (3), 9. ტულუზი 4 (7), 10. შარტრი 4 (6), 11. სტ. რაფაელი 3 (6), 12. კრეტეი 4 (4), 13. ისტრი 4 (5), 14. შამბერი 3 (4), 15. ივრი 3 (6), 16. ტრემბლე 1 (5)

Leave a Reply