gnhf-rrr

ცხოვრებაძე: ივნისს მოუთმენლად ველოდები!

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის მონპელიეს 18 წლის ხელბურთელი, გიორგი ცხოვრებაძე ამას წინათ საქართველოში იყო ჩამოსული. ამ ინტერვიუში ის გვესაუბრება ფრანგულ კლუბში მიმდინარე ამბების შესახებ.

– გიორგი, საფრანგეთში სეზონი მიმდინარეობს, რატომ ხარ თბილისში? 

– წელს სკოლას ვამთავრებ. დაუსწრებლად. გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი და ერთი კვირით გამომიშვეს.

– მონპელიეში რა ხდება, როდის უნდა გიხილოთ მთავარ გუნდში?

– მომდევნო სეზონიდან ოფიციალურად გავხდები მთავარი გუნდის მოთამაშე, ჯერჯერობით კი ვთამაშობ საფრანგეთის პირველ ნაციონალურ ლიგაში.

– გუნდს ოფიციალურად რა ჰქვია? 

– მონპელიე, სარეზერვო გუნდი. საფრანგეთში არის ორი პროფესიონალური ლიგა – პირველი, ლიდლ-სტარლიგა და მეორე, პროლიგა. შემდეგ მოდის პირველი ნაციონალური ლიგა, სადაც უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი სარეზერვო გუნდით თამაშობს – ჩვენ, პარი სენ-ჟერმენი, შამბერი, ნიმი, კრეტეი… სულ არის 32 გუნდი, რომლებიც 4 ზონად არიან დაყოფილი – ჩრდილო-აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი. ჩვენ სამხრეთ აღმოსავლეთში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ოთხი ზონის 2-2 საუკეთესო გუნდი პროლიგაში გადასასვლელად იბრძვის, ხოლო დანარჩენები – ლიგაში დარჩენისთვის. ჩვენს გუნდს არავითარი სატურნირო ამოცანა არ ჰქონდა – სარეზერვო გუნდი ზედა ლიგაში ვერ გადავა, ერთადერთი, არ უნდა გავარდეს და ეს არც გვემუქრება. პარი სენ-ჟერმენის სარეზერვო გუნდს, მაგალითად, ჩვენზე უარესი შედეგები აქვს.

სარეზერვო გუნდის დანიშნულება ისაა, რომ ახალგაზრდებს თამაშის საშუალება ჰქონდეთ.  აქ თამაშობს რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია: იტალიელი ძმები მენგონები, რომლებიც 2018 წელს, თბილისში, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს; კილიან ვილმინო და ჟულიენ ბოსი – ესენი 2017 წელს საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ვილმინო უკვე იშვიათად გვეხმარება, რადგანაც ძირითად გუნდში უკვე რეგულარულად თამაშობს, ბოსს კი უფრო ხშირად უწევს სარეზერვო გუნდთან ყოფნა – მაგალითად, ბოლო მატჩში, რომელშიც 30-24 დავამარცხეთ ფოლსშვილერი,  ბოსი 6 გოლით შემოგვეშველა, მე კი 13 დარტყმიდან 9 გოლი გავიტანე. თამაშში საშუალოდ 10 გოლი გამაქვს…

– და ძირითად გუნდში რა ხდება? 

– ჩემპიონობა გაგვიჭირდება, რადგანაც ბოლო ტურში ივრისთან წავაგეთ და პარი-სენ-ჟერმენს 6 ქულით ჩამოვრჩით. უფრო ნანტს უნდა ვებრძოლოთ მეორე ადგილისთვის და ჩემპიონთა ლიგის მეორე საგზურისთვის. ნანტი ახლა 1 ქულით გვისწრებს და სათამაშო კიდევ 7 ტურია. ვიბრძვით საფრანგეთის თასისთვის. მეოთხედფინალში აქ პსჟ დავამარცხეთ, 32-31 და ნახევარფინალში შამბერის ვხვდებით. გარდა ამისა, აქ კიდევ იმართება ლიგის თასი, რომლის ფინალში იმავე პარი სენ ჟერმენმა მოგვიგო, 31-25.

ძირითად გუნდში ჯერჯერობით რამდენიმე ამხანაგური მატჩი მაქვს ნათამაშები, მაგრამ მომდევნო სეზონიდან უკვე ოფიციალურად იქ ვიქნები, მითუმეტეს, ჩემი პოზიციის ერთ მოთამაშეს, სლოვენიელ კავტიჩნიკს კონტრაქტი უმთავრდება და მიდის.

– სეზონი როდის გიმთავრდება? 

– ივნისის დასაწყისში თბილისში ვიქნები და საქართველოს ნაკრებთან ერთად მოვემზადები ევრო-2022 ის შესაარჩევი ტურნირისთვის, რომელიც 8-16 ივნისს სპორტის სასახლეში იმართება. მალტაში, წინა შესარჩევ ტურნირზე, კვიპროსთან მატჩში ძალიან არ გაგვიმართლა და ეხლა ერთადერთი ამოცანა გვაქვს – აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს ტურნირი და პლეიოფში გავიდეთ!

Leave a Reply