ჩიქოვანის გუნდი ლიდერია

რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატს 7 მატჩიდან 7-7 მოგებით ლიდერობენ ირაკლი ჩიქოვანის გუნდი კონსტანცა და ბუქარესტის დინამო.

მეშვიდე გამარჯვება კონსტანცამ გუშინ, ბოლო წამებზე მოიპოვა ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ბაია მარესთან – 29-28, ქართველმა უკანახაზელმა კი 3 გოლი გაიტანა. იქამდე, გუნდმა დაამარცხა ბუქარესტის CSM 30-27, კელერაში 29-21, ხოლო ფოჩანისთან მოგება ჩაეთვალა, 10-0, რადგანაც  ამ კლუბში რამდენიმე კოვიდ-ვირუსიანი მოთამაშე ჰყავთ და ვერ თამაშობენ.

ეპიდემიის გამო ეროვნული ლიგა ტურობრივი  ფორმატით მიმდინარეობს. 16 გუნდი 2 სხვადასხვა ქალაქში იკრიბება და ერთკვირიან სათამაშო სესიებს აწყობს. მომდევნო 2 მატჩი კონსტანცას 10 და 11 ოქტომბერს აქვს ტიმიშოარასთან და ბუქარესტის სტიაუასთან, შემდეგ 28 ნოემბრამდე შესვენებაა, ლიდერთა მატჩი, დინამო – კონსტანცა კი 5 დეკემბერსაა დანიშნული. 

რუმინეთის ჩემპიონატში ამ სეზონში საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა ხელბურთელმა უნდა ითამაშოს – ირაკლი კბილაშვილი და თეიმურაზ ორჯონიკიძე კლუბ რეშიცას წევრები გახდნენ, მაგრამ სამუშაო ვიზის მიღება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, რადგანაც ეს პროცედურაც ეპიდემიამ შეაფერხა. რეშიცამ ორი ქართველი და ორი სერბი ახალწვეულის არყოფნაში სეზონი 4 წაგებით დაიწყო. ამის შემდეგ სერბებმა, იევტიჩმა და მილოშევიჩმა პრობლემა მოაგვარეს, მაგრამ მიმდინარე ტურში კლუბი კიდევ სამჯერ დამარცხდა, სატურნირო ცხრილის ბოლოშია და ქართველების დამატებას ელოდება. ოქტომბრის მომდევნო ორ თამაშში ეს ვერ მოხერხდება.

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 1. დინამო ბუკურეშტი 21 ქულა (7 თამაში), 2. კონსტანცა 21 (7), 3. ბაია მარე 18 (8), 4. სტიაუა 17 (7), 5. პოტაისა ტურდა 15 (7), 6. ტიმიშოარა 15 (7), 7. CSM ბუკურეშტი 15 (7), 8. ბუზეუ 13 (7) – 9. კელერაში 9 (7), 10. ფეგერაში 9 (7), 11. ვასლუი 7 (8), 12. ფოჩანი 6 (9), 13. ბაკეუ 3 (7), 14. სუჩავა 2 (7) – 15. რეშიცა 0 (7), 16. ბოტოშანი 0 (7) (8 საუკეთესო გადის პლეიოფში, 9-16 ადგილები – პლეიაუტში)

Leave a Reply