EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

„ჩვენი გეგმა ჯგუფიდან გასვლაა“ – ბექა ორჯონიკიძე

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები 30 ოქტომბრიდან 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ჩვენი გუნდი ჯერ ბუქარესტში შეიკრიბება, სადაც 2 ნოემბერს რუმინეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში შეხვდება, შემდეგ კი ფინეთს მიაშურებს და 5-7 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის მატჩებს გამართავს დიდი ბრიტანეთის, ფინეთისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ. ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.
ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბში მომავალ მატჩებს იმედიანად უყურებენ. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ბექა ორჯონიკიძის შეფასებას
:

„30 ოქტომბრიდან ყველა მოთამაშე და სტაფის წევრი ბუქარესტში შევიკრიბებით. მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სანდუ ფლორინ იაკობი რუმინელი გახლავთ, ასევე ადგილობრივ ჩემპიონატში სამი ქართველი თამაშობს, ისინი იქ დაგვხდებიან. რუმინეთის საკმაოდ კარგ ნაკრებთან გვექნება სპარინგი და ტურნირის წინ ძალებს გამოვცდით.

შეკრებაზე 16 მოთამაშე გამოვიძახეთ, გუნდს დააკლდება ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე, სამწუხაროა რომ მისი ტრავმა მსუბუქი არ გახლავთ… სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდენ, ნიკოლოზ კალანდაძე და რატი მსხვილიძე, ორივე ძალიან გაგვაძლიერებს. ახალგაზრდა კალანდაძე უკვე აქტიურად ვარჯიშობს, მართალია „შამბერის“ პირველ გუნდში თამაში ჯერ არ დაუწყია, მაგრამ ის სერიოზული ძალაა. გამოცდილი მსხვილიძე კი „ტრაბზონში“ თამაშობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარება როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

მოგეხსენებათ, შარშანწინ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფინეთის ნაკრებთან დავმარცხდით, ასე რომ მათთან რევანშის აღება გვსურს. გუნდი გამარჯვებისთვის არის განწყობილი, ჩვენი გეგმა ჯგუფიდან გასვლაა. ობიექტურად რომ შევხედოთ ჯგუფში ფავორიტებად ჩვენ და ფინეთი ვითვლებით, თუმცა რასაკვირველია ესტონეთიც ანგარიშგასაწევი ძალაა, დიდი ბრიტანეთის ჩამოწერაც არ შეიძლება.

ივნისში თბილისში გამართული ერთა თასის გამარჯვებული გავხდით, რითაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ რაუნდში გადავედით. სამწვრთნელო შტაბი აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, მთვარი მწვრთნელი, სანდუ ფლორინ იაკობი თვალს ადევნებს ნაკრების ყველა მოქმედი და პოტენციური წევრის ასპარეზობას, ვფიქრობ თუ მუშაობას ასე გავაგრძელებთ ივნისში დაფიქსირებული შედეგი გამეორდება.“

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

გიგა ტორონჯაძე (ბსბ), ზურაბ ცინცაძე („პრილეპი“ ჩრდ. მაკედონია)ხაზეინ რუსტამოვი, რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი (სამივე „პრილეპი“ ჩრდ. მაკედონია), გიორგი დიხამინჯია („ლიუბენაუ“ გერმანია), რატი მსხვილიძე („ტრაბზონი“ თურქეთი), ერეკლე არსენაშვილი („სპორტინგი“ პორტუგალია), ირაკლი ჩიქოვანი („კონსტანცა“ რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („ბაკაუ“ რუმინეთი), ნიკოლოზ კალანდაძე („შამბერი“ საფრანგეთი), ირაკლი კბილაშვილი („სუჩავა“ რუმინეთი), ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე , უჩა მაისურაძე (სამივე „ბსბ“), ზურაბ სიმონია („ქუთაისი“)

Leave a Reply