ჩემპიონთა ლიგა პოლონურმა კლუბმა მოიგო

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო პოლონეთის კელცემ, ვინც ფინალში, შვიდმეტრიანების სერიის შემდეგ 39-38 მოუგო უნგრეთის ვესპრემს, ხოლო იქამდე, ნახევარფინალში, 28-26 დაამარცხა სეზონის მთავარი ფავორიტი, პარი სენ ჟერმენი. ფინალური მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კელცე 9 ბურთით აგებდა, მაგრამ სასწაულებრივად გარდატეხა თამაში. 

კელცე პატარა ქალაქია პოლონეთის სამხრეთში, 200 ათასიანი მოსახლეობით. კლუბი ფინალურ ოთხეულში მესამედ გავიდა, მაგრამ აქამდე მესამე ადგილს არ გასცილებია. ნახევარფინალში კელცემ მეკარე სლავომირ შმალის წყალობით ბოლოში გატეხა პარიზელი ვარსკვლავების, ნიკოლა კარაბატიჩის, მიქელ ჰანსენის და ტიერი ომაიერის გუნდი, ჰანსენს კი საბოლოოდ მხოლოდ ინდივიდუალური, საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო ერგო.

უნგრეთის ვესპრემმა ზედიზედ მეორედ დაამარცხა ნახევარფინალში გერმანიის ჩემპიონი კილი, რომელმაც წლეულს ვერცერთი ტიტული ვერ მოიპოვა (ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ რაინ ნეკარი ლიდერობს 54 ქულით, მეორეზეა ფლენზბურგი – 53, კილი მესამეა და ჩემპიონობის შენარჩუნების შანსი დაკარგული აქვს).

ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე კილი ორი ბურთით წინ იყო, მაგრამ კასპერ მარგუცმა ზედ ბოლო წამზე გაათანაბრა ანგარიში, 25-25, ხოლო დამატებითში ვესპრემი სწრაფად დაწინაურდა (30-26) და 31-28 მოიგო.

ფინალი ვესპრემის უპირატესობით დაიწყო, უნგრულმა კლუბმა ტაიმი 17-13 მოიგო, შესვენების შემდე კი სხვაობამ კატასტროფულად დაიწყო ზრდა და 43-ე წუთზე კრისტიან უგალდემ ცხრამდე აიყვანა – 26-17, ხოლო დასრულებამდე 14 წუთითა და 24 წამით ადრე ისევ +9 იყო – 28-19.

მაგრამ ვესპრემმა თითქმის 13 წუთის განმავლობაში გოლი ვეღარ გაიტანა, ხოლო 57-ე წუთის დასაწყისში კაროლ ბელეცკიმ გაათანაბრა – 28-28!  ამის შემდეგ ბელეცკი შვიდმეტრიანის ნიშნულზე დგება და აქვს შანსი, პირველად დააწინაუროს კელცე, მაგრამ მეკარე ალილოვიჩი იგერიებს. ლასლო ნადს ისეც წინ გაჰყავს ვესპრემი, 29-28, ხოლო ალილოვიჩი უკვე შტრლეკის შვიდმეტრიანს იღებს – დარჩენილია წუთი და 15 წამი. ვესპრემის ბოლო დარტყმა, რომელიც ფინალური ოთხეულის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა, აარონ პალმარსონმა შეასრულა, დაიბლოკა და კელცეს მწვრთნელმა ტალანტ დუიშებაევმა ბოლო ტაიმაუტი სირნამდე 9 წამით ადრე აიღო. კომბინაცია არ გამოვიდა, მაგრამ კრჟიშტოფ ლიევსკიმ ინდივიდუალურად აჯობა მეურვეს და 9 მეტრიდან, თითქმის წაქცეულმა, ზედა კუთხეში გაიტანა – 29-29.

ოვერტაიმის პირველივე წუთზე იახლევსკი პირველად აწინაურებს კელცეს, მაგრამ პირველი ნახევრი შემდეგ ისევ ვესპრემია წინ – 33-32. შემდეგ უკვე შმალი იღებს მომირ ილიჩის, შვიდმეტრიანს, იულენ აგინაგალდე ისევ აწინაურებს კელცეს, 35-34, რჩება წუთზე ოდნავ მეტი. უკვე ვესპრემს აქვს თამაში გადასარჩენი ბოლო შეტევაში და უგალდე კუთხიდან ათანაბრებს, დასრულებამდე  4 წამით ადრე – 35-35.

შვიდმეტრიანების სერიაში ჯერ კელცეს ივან ჩუპიჩს ვერ გააქვს, მაგრამ შემდეგ შმალი და პოლონური კლუბის მეორე მეკარე, მარინ სეგო იგერიებენ თითო დარტყმას და კელცე პირველად ხდება ევროპის საკლუბო ჩემპიონი – 39-38, ხოლო ვესპრემი ლიგის მესამე ფინალს აგებს (2002, 2015, 2016).

ფინალური ოთხეულის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2016-05-29-rewind-velux-ehf-final4

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. 2015-16,  კაცები

ფინალური ოთხეული. კიოლნი, ლანქსეს არენა, 20 000 მაყურებელი

ნახევარფინალი, 28 მაისი

კელცე (პოლ) – პსჟ (საფ) 28-26

კელ: იურეცკი 5, ლიევსკი, რაიხმანი, შტრლეკი, ზორმანი 4, აგინაგალდე 3, ჩუპიჩი 2, ბელეცკი, იახლევსკი 1

პსჟ: ჰანსენი 10, ონუფრიენკო 5, აბალო 3, ონრუბია, ნ. კარაბატიჩი 2, ლ. კარაბატიჩი 1, მოლგორი, ნარსისი, ვორი 1

კილი (გერ) – ვესპრემი (უნგ) 28-31 (25-25, 3-6 დ)

კილ: ვუინი 8, დუვნიაკი 7, ეკბერგი, ვინჩეკი 5, დისინგერი 2, კლაინი 1

ვეს: ილიჩი 8, მარგუცი 6, პალმარსონი, უგალდე 4, ნადი 3, ივანჩიკი, სლიშკოვიჩი 2, როდრიგესი, სულიჩი 1

ფინალი, 29 მაისი. კელცე – ვესპრემი 39-38 (29-29, 6-6 დ, 4-3 პ)

კელ: შმალი, სეგო – რაიხმანი 9, ბელეცკი 7, აგინაგალდე 5, ლიევსკი 5, შტრლეკი 4, ზორმანი 4, იურეცკი 3, იახლევსკი 2, ხრაპკოვსკი, ჩუპიჩი, კუსი, მარკოვსკი, პაჩკოვსკი, ტკაჩიკი – მწვ. დუიშებაევი

ვეს: მიკლერი, ალილოვიჩი – ილიჩი 7, უგალდე 7, ნილსონი 6, პალმარსონი 6, ნადი 5, ლეკაი 3, სლიშკოვიჩი 2, ივანჩიკი 1, მარგუცი 1, გუიაში,  როდრიგესი, შუხი, სულიჩი, ტერზიჩი

მესამე ადგილისთვის.  პსჟ – კილი 29-26

ჰანსენი 10 – დისინგერი 8

EHF თასი. ფინალური ოთხეული, ნანტში

ფინალი: გიოპინგენი (გერ) – ნანტი (საფ) 32-26

3 ადგილისთვის: გრანოლერსი (ესპ) – შამბერი (საფ) 25-21

ჩელენჯ კაპი, ფინალი.

ბენფიკა (პორ) – ბრაგა (პორ) 22-28, 29-25

Leave a Reply