ჩემპიონთა ლიგა ბუქარესტმა მოიგო
ქალების ჩემპიონთა ლიგა ხელბურთში პირველად მოიგო რუმინულმა კლუბმა CSM ბუქარესტმა, ვინც ფინალში, შვიდმეტრიანების სერიის შემდეგ 29-26 დაამარცხა ფინალური ოთხეულის მასპინძელი და თასის ორგზის მფლობელი, უნგრეთის დიორი ეტო. ტურნირის MVP გახდა ბუქარესტის ხორვატი მეკარე ელენა გრუბიშიჩი, ხოლო ბომბარდირი – შვედი იზაბელ გულდენი (108 გოლი).
ფინალის პირველი ტაიმის შემდეგ გულდენს უკვე 8 ბურთი ჰქონდა გატანილი, ხოლო ბუქარესტი 13-12 იგებდა. დიორი თავის ძლიერ მხარეს აწვებოდა და ჰაიდი ლოკეს ტვირთავდა ხაზზე (6 გოლი პირველ ტაიმში). მეორის დასაწყისში ბუქარესტი 2 ბურთით გავიდა წინ (14-12), მაგრამ აქ საქმეში ჩაერთო დიორის ბრაზილიელი ედუარდა ამორიმი – 15-14. ბუქარესტს კრიტიკული სიტუაცია დაუდგა 50-55 წუთებზე, როდესაც გოლი ვერ გაიტანა, ლოკემ და ჰოლანდიელმა კორნელია ხროოტმა კი 2 ბურთით დააწინაურეს დიორი, 21-19. დარჩენილი იყო 6 წუთი.
აქ ბუქარესტის დანიელმა მწვრთნელმა კიმ რასმუსენმა ტაქტიკური ხრიკი იხმარა. ელენა გრუბიშიჩი, რომელიც მოგვიანებით ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ფინალშიც ბევრად უკეთ იდგა, ვიდრე დიორის მეკარე კარი გრიმსბო, შეცვალა ბრაზილიელმა რაკელ პესოამ. მეტოქის კარში უფრო ზორბა და მაღალი ქალის დანახვამ შესაძლოა დააბნია მასპინძლები და რამდენიმე ბურთი პირდაპირ პესოას მოარტყეს, ამასობაში კი ესპანელმა გარემარბმა კარმენ მარტინმა და გულდენმა გაათანაბრეს – 21-21.
როდესაც დიორის ვეტერანმა ანიტა გორბიცმა შვიდმეტრიანი გაიტანა, ტაბლოზე 59:39 და 22-21 ენთო, რასმუსენმა კი ბოლო ტაიმ-აუტი სირენამდე 15 წამით ადრე აიღო, პესოას ნაცვლად მეშვიდე მოთამაშე, დანიელი მარია ფისკერი შეიყვანა და გუნდს ისიც კი აუხსნა, როგორ უნდა დაბრუნებულიყვნენ დაცვაში, გოლს თუ გაიტანდნენ. დაცვაში დაბრუნება საჭირო აღარ გახდა, რადგანაც შვედმა ლინეა ტორსტენსონმა ზედ ბოლო წამებზე გაათანაბრა შორიდან – 22-22.
ოვერტაიმში ისევ დიორი გავიდა წინ 2 ბურთით ამორიმისა და ჩეხი კნედლიკოვას გოლებით – 24-22. ტორსტენსენმა სხვაობა შეამცირა, ხროოტმა ისევ შეაგდო შორიდან (25-23), ბუქარესტის კაპიტანმა, ოანა მანეამ კი ერთი ბურთი გაქვითა (67:49, 24-25). დასრულებამდე 30 წამით ადრე ამორიმმა ჰაერიდან ჩამოხსნა შემტევი ბუქარესტელი და ორწუთიანში წავიდა, მარტინმა შვიდმეტრიანი მოიპოვა, სირენამდე 10 წამით ადრე კი შვიდმეტრიანის ხაზზე დადგა ბელა გულდენი და, რა თქმა უნდა, გაიტანა – 25-25. გულდენმა ფინალში გაიტანა თავისი გუნდი ოცდაცხრიდან თხუთმეტი გოლი, შვიდმეტრიანებს თუ არ ჩავთვლით – ოცდახუთიდან თოთხმეტი, ცხრაჯერ დაარტყა შვიდმეტრიანი და ცხრავე გაიტანა.
ხოლო შვიდმეტრიანების სერიაში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დიორის ორმა საუკეთესო მოთამაშემ ვერ გაიტანა – ნიკე ხროოტმა და ჰაიდი ლოკემ ბურთი პესოას მოარტყეს, ბუქარესტმა ჯამში 29-26 მოიგო და თავისი პირველი გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაში პირველივე ტიტულით დაასრულა.
ფინალური ოთხეულის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-16
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. 2015-16, ქალები
ფინალური ოთხეული. ბუდაპეშტი, ლასლო პაპის არენა
8 მაისი, ფინალი. 12 000 მაყურებელი
CSM ბუქურესტი (რუმ) – დიორი ეტო (უნგ) 29-26 (22-22, 3-3 დდ, 4-1 პენ)
ბუქ: გრუბიშიჩი, პესოა, იორდაკე – გულდენი 15 (9 პენ), მარტინი 4, მანეა 3, ტორსტენსონი 3, როდრიგეს ბელო 2, ბრადიანუ 1, ვარზარუ 1, ფისკერი, კურეა, იორგენსენი, ნანი, ბაზალიუ, ვეტკოვა – მწვ. კიმ რასმუსენი
დიო: გრიმსბო, კიში – ლოკე 8, ამორიმი 5, ხროოტი 4, კოვაჩიჩი 3, სულანდი 3, ბროკი 1, გორბიცი 1, კნედლიკოვა 1, ალსტადი, ჰარშფალვი, ჰუდაკი, ორბანი, ტოტი
მსაჯები: არნცენი, როენი (ნორ)
ჰაილაითები: http://www.ehftv.com/int/video/final-csm-bucuresti-gyoeri-audi-eto-kc
მესამე ადგილისთვის
ვარდარი (მკდ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 30-28
პენეზიჩი 7, რადიჩევიჩი 6 – ნიაგუ 8, ბულატოვიჩი 5
—
ჩემპიონთა ლიგა. კაცების ფინალური ოთხეული. კიოლნი
ნახევაფინალი, 28 მაისს. კელცე (პოლ) – პსჟ (საფ), კილი (გერ) – ვესპრემი (უნგ)
—
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა. 5-21 აგვისტო. წილისყრა.
ქალები. A ჯგუფი: ნორვეგია, რუმინეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, ესპანეთი, ანგოლა – B ჯგუფი: ჰოლანდია, რუსეთი, შვედეთი, საფრანგეთი, არგენტინა, კორეა
კაცები. A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, ხორვატია, ტუნისი, ყატარი, არგენტინა – B ჯგუფი: პოლონეთი, სლოვენია, შვედეთი, ბრაზილია, გერმანია, ეგვიპტე
4-4 საუკეთესო გადის ნახევარფინალში