gnhf-rrr

შოთა თევზაძე: მოგების დროა!

ხელბურთის ეროვნული ნაკრები 2019 წლის იანვარში იწყებს გრძელ გზას ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისკენ. 11-13 იანვარს გუნდს პირველი შეარჩევი ეტაპი აქვს – საკვალიფიკაციო ტურნირი მალტაში. ნაკრების წევრები უკვე თბილისში არიან და მზადებას იწყებენ. მალტაში გამგზავრებამდე შემოგთავაზებთ ინტერვიუებს ეროვნული ნაკრების წევრებთან.

ვიწყებთ ნაკრების კაპიტნითა და მეკარით, 37 წლის შოთა თევზაძით, რომელიც ნაკრებში ყველაზე ასაკოვანია და თამაშის სტაჟიც ყველაზე მეტი აქვს. შოთა ნაკრებშია 1999 წლიდან, დაიწყო როლანდ ერაძის დუბლიორობით და უკვე ძალიან დიდი ხანი, 15 წელზე მეტია, ძირითადი მეკარეა. ინტერვიუ საკლუბო თემით დავიწყეთ.

– შოთა, ახლახან თქვენი კლუბი, ფოჩანი რუმინეთის თასის ფინალურ ოთხეულში გავიდა…

– დიახ, და, რაც მთავარია, უკვე გადაწყდა, რომ ფინალური ოთხეულის ტურნირი, ნახევარფინალი და ფინალი, ჩვენს ქალაქში, ჩვენს არენაზე გაიმართება 9 და 10 მარტს. ნახევარფინალში ვეთამაშებით ტიმიშოარას და თუ მოვუგეთ, ფინალშიც გვექნება შანსები, მიუხედავად იმისა, რომ მეორე წყვილში აქაური გრანდები, ბუქარესტის დინამო და სტიაუა არიან.

საერთოდ, კარგი სერია გვაქვს – დეკემბერში ოთხიდან სამი თამაში მოვიგეთ და ჩემპიონატში ახლა ვართ ზუსტად მერვე, პლეიოფში გამსვლელ ადგილზე. ახალი მწვრთნელი გვყავს – რუმინელი სანდუ იაკობი, რომელმაც თამაში დაალაგა. ფოჩანი პატარა ქალაქია ბუქარესტთან ახლოს, კლუბი მუნიციპალურია, როგორც რუმინული კლუბების უმრავლესობა და, ძირითადად, მერია აფინანსებს. მერი ხელბურთის მოყვარულია და დიდ ყურადღებას გვაქცევს, დარბაზი ჩვენს თამაშებზე ყოველთვის სავსეა. კლუბში ორი უცხოელი ვართ, მე და სერბი ილია სლადიჩი. რუმინეთის ჩემპიონატში უკვე 11 სეზონია, ვთამაშობ, მეორე სეზონია – ფოჩანიში.

კონტრაქტი ამ წლის ბოლოს მისრულდება და ალბათ გავახანგრძლივებ, თუმცა, ჩემს ასაკში, წინასწარ რამის დაგეგმვა ძნელია…

– კარიერის დასრულებაზე ხომ არ ფიქრობ?

– არა, ამაზე ჯერ არ დავფიქრებულვარ, თუმცა, გაისად ვხდები 38 წლის და ამ ასაკში ყველაფერი ჯანმრთელობაზე, ტრავმებზე, ფიზიკურ კონდიციებზეა დამოკიდებული. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ, მაგრამ, ნაკრებში, მე ვფიქრობ, სადარდებელი არაფერი გვექნება: არის გიგა ტორონჯაძე, რომელიც, როგორც ვიცი, ახლა მშვენიერ ფორმაშია, გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდებიც – ხარაიშვილი და ხანდოლიშვილი, ასევე 18 წლის სილაგაძე, რომლის თამაშიც ვნახე ზაფხულში, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე და ძალიან მომეწონა.

– უკვე გადავედით ნაკრებზე, რომელსაც 2019-20 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ელის.

– დიახ. 2019 წელს გვაქვს ორი მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია. ჯერ იანვარში, მალტაში, სადაც ვეთამაშებით მალტას, აზერბაიჯანსა და კვიპროსს. ეს ტურნირი აუცილებლად მოსაგებია. 2019 წლის შემოდგომაზე, იწყება 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.

თუ ეს ორი კვალიფიკაცია დავძლიეთ, მაშინ, 2020 წლის პირველ ნახევარში გვექნება ორი უმნიშვნელოვანესი პლეიოფი: აპრილში – ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელად და ივნისში – უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რამდენობა გაიზარდა 24-მდე და მსოფლიო ჩემპიონატის – ოცდათორმეტამდე, რაც შანსებს გვიზრდის. ის წრე, საიდანაც შეიძლება შეგვხვდეს მეტოქე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მეორე რაუნდში, პლეიოფში, ცნობილია – კოსოვო, ესტონეთი, ფარერები, თურქეთი ან საბერძნეთი, ფინეთი, იტალია… ეს, ან დახლოებით ამ დონის გუნდები გვეყოლება მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდშიც…

ევროპაში სუსტი გუნდები აღარ არსებობს და თამაში ყველამ იცის, მაგრამ ბოლო წლებში ჩამოთვლილი გუნდებიდან თითქმის ყველა დაგვიმარცხებია, თან ახლა, მე ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაკრები უნდა გვყავდეს.

– ესეიგი, უახლოეს საკვალიფიკაციო ტურნირში, მალტის, კვიპროსისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ფავორიტები ჩვენ ვართ…

– როგორც გითხარით, თამაში ყველამ ისწავლა და იოლად ვერავის მოუგებ. ამ სამ გუნდში ყველაზე ძლიერი კვიპროსია. აზერბაიჯანელები, როგორც ვიცი, რამდენიმე უცხოელის დამატებას აპირებდნენ, მაგრამ, ფავორიტები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ.

ჩვენ 2013 წელსაც კარგი გუნდი გვყავდა, როცა შინ ფინეთსაც მოვუგეთ, თურქეთსაც და ლიტვასაც, მაგრამ მაშინ თაობათა შორის წყვეტა იყო – ვიყავით რამდენიმე ვეტერანი, ერთი-ორი ახალგაზრდა და გამოუცდელი ჭაბუკები. ეს ჭაბუკები გაიზარდნენ და ისეთი კარგი თაობა მოვიდა, რომელთანაც თამაში მე ძალიან მაინტერესებს და წინასწარ მსიამოვნებს რომ ცხოვრებაძე, ორჯონიკიძე, დიხამინჯია, წითელიშვილი და სხვები მეყოლება გუნდში. მადლობა ღმერთს, არავინ გვაკლია და ტრავმებიც არავის აქვს. ასე რომ, მალტის ტურნირი მოსაგებია. თუ გავივლით პლეიოფსაც, მაშინ გადავდივართ სულ სხვა დონეზე, ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში, სადაც ყველა გრანდი თამაშობს. თან ფორმატიც ისე მკაცრი აღარაა – 32 მონაწილე გუნდიდან ევრო 2022-ის საგზურს იღებს 20 გუნდი.

მოკლედ, დროა, რომ საქართველოს ნაკრები თვისობრივად ზედა დონეზე ავიდეს, ამისთვის არის ყველა წინაპირობა და მეც, ნაკრების სამსახურში ვარ იქამდე, სანამ ხელბურთელის კარიერას არ დავასრულებ.

შოთა თევზაძე: დაიბადა 1981 წლის 21 თებერვალს თბილისში. ხელბურთშია 14 წლიდან. კარიერა: სტუ – სერბეთი – საბერძნეთი – შვედეთი – ისლანდია, რუმინეთი. კლუბები რუმინეთში: შტიინცა ბაკეუ, ოდორჰეი (ვლადიმერ რუსიასთან ერთად 2015 წელს მოიგო ევროპული ჩელენჯ კაპი), რეშიცა, ფოჩანი. საქართველოს ნაკრებში თამაშობს 1999 წლიდან. მეუღლე: ციცი დალაქიშვილი, შვილი: ნიკოლოზ თევზაძე, 10 წლის

ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი

B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა

კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:

11 იანვარი. 20:00 კვიპროსი – აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო – მალტა,

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი – საქართველო, 21:30 მალტა – კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი – საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი – მალტა

მეორე ეტაპი, პლეიოფი (აპრილი, 2020. შინ-სტუმრად)

ევრო 2022 პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის 2 გამარჯვებული და ჩელენჯ ტროფის ჩემპიონი უწყვილდება ევრო 2020-ის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდში უარესი შედეგის მქონე 3 გუნდს. სამი წყვილის 3 გამარჯვებული გადის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში.

მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი (ოქტომბერი 2020 – ივნისი 2021)

თამაშობს 32 უძლიერესი გუნდი, მათ შორის, პლეიოფის 3 გამარჯვებული

ევრო 2022-ის 20 საგზურს მიიღებს 8 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამე ადგილი

ევრო 2022. 14-30 იანვარი, უნგრეთსა და სლოვაკეთში

Leave a Reply