ukr

ქუთაისმა პირველი ადგილი დაიბრუნა

ხელბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატზე 18 ტურის შემდეგ 31 ქულით დაწინაურდა ქუთაისი. ლიდერთა მატჩში ქუთაისელებმა დღეს, სპორტკომპლექს არენაში, 31-28 მოუგეს სტუ-ქარიშხალას, რომელსაც 29 ქულა დარჩა. 29 გაუხდა ბათუმის შავი ზღვის ბიჭებსაც, ვინც მძიმე მატჩი მოუგო თელავის იმედს, 22-20.  რეგულარული სეზონი 9 მაისს მთავრდება, 16-17 მაისს კი ფინალური ოთხეულის ტურნირია. 

17 ტურის შემდეგ თელავის იმედი 17 ქულით მეხუთე ადგილზე იყო და ოთხეულში გასასვლელად, აუცილებლად უნდა მოეგო ლიდერთა სამეულის ერთ-ერთ წევრთან – ბათუმთან ან ქუთაისთან. დღეს, ბათუმელებთან მატჩში, იმედი ახლოს იყო  გამარჯვებასთან. საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა პირველი გოლი მე-17 წუთზე გაიტანა, ამ დროისთვის კი 0-5 აგებდა. იმედს დაცვაში 4 ლამის ორმეტრიანი მოთამაშე ეყენა, ბათუმს კი არაფრი გამოსდიოდა და ტაიმი 6-12 წააგო. იმედი კარგად ათამაშებდა ბურთს მარჯვენა კუთხისკენ, სადაც ყორიაული რეგულარულად უქმნიდა რიცხვობრივ მეტობას მარჯვენა გარემარბ ცისკარიშვილს. სხვაობა მეტიც იქნებოდა, ბათუმელთა მეკარე ანდრიაძეს 3 შვიდმეტრიანი რომ არ მოეგერიებინა.

შესვენების შემდეგ ბათუმელებმა დაცვა გაამკაცრეს და ბურთიან მოთამაშეზე ასვლა დაიწყეს. იმედი, რომელიც ფაქტიურად 7 კაცით თამაშობდა, ნელ-ნელა დაიღალა, გოლების გატანა დაიწყეს კობახიძემ და აბრამიშვილმა – ამ უკანასკნელმა 47-ე წუთზე 9 მეტრიდან გაათნაბრა – 16-16, წივწივაძემ და გოგოლაძემ კი პირველად და საბოლოოდ დააწინაურეს შავი ზღვის ბიჭები – 19-17, 53-ე წუთი. იმედმა სამჯერ შეამცირა სხვაობა ერთ ბურთამდე, თუმცა 20-22 წააგო და ახლა ურთულესი ამოცანის წინაშეა: დარჩენილ 3 თამაშში უნდა მოუგოს სამტრედიას, წყალტუბოს და ბოლო ტურში – ქუთაისს. გუნდს მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება შანსი, აჯობოს პეგასს, რომელსაც 18 ტურის შემდეგ 4 ქულით ჩამორჩება. პეგასმა დღეს 42-29 მოუგო წყალტუბოს, ხოლო გორმა 46-37 დაამარცხა მეექვსე ადგილზე მყოფი სამტრედია და მას მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ლიდერთა მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ქუთაისს, ქარიშხალასა და ბათუმს ოთხეულში გასვლა განაღდებული აქვთ, მაგრამ ერთმანეთთან ნახევარფინალში შეხვედრა არ სურთ და ყველა ღონეს ხმარობენ რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასასრულებლად. ქუთაისი თავიდან 5-1 დაწინაურდა ქარიშხალასთან, მაგრამ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა მალე დაძლია ჩამორჩენა, 39-ე წუთზე კი პირველად დაწინაურდა არსენაშვილის გოლის შემდეგ – 18-17.

აქ წუთშესვენება აიღო ქუთაისის მწვრთნელმა ალექსანდრე ბოყოჩაძემ და ტაქტიკური სიურპრიზები შემოგვთავაზა.  ორმეტრიანმა პივოტმა ჯუღელმა უკან ხაზში გადაინაცვლა და სამი გოლიც გაიტანა გამთამაშებლის პოზიციიდან. ქუთაისი ისევ დაწინაურდა ორით (23-21), მაგრამ ამ სიტუციიდან სტუ-ქარიშხალა გამოვიდა – დასრულებამდე 9 წუთით ადრე სტურუამ გაათანაბრა, 24-24.

ამას მოჰყვა ბოყოჩაძის მორიგი ტაქტიკური მანევრი. ქუთაისელთა მწვრთნელს კოლეგასთან შედარებით მოთამაშეების მეტი რესურსი ჰქონდა და  მანაც ეს უპირატესობა ბოლომდე გამოიყენა – ყველას მისცა თავის გამოჩენის შანსი. ამჯერად გამთამაშებლად გადაინაცვლა მარცხენა გარემარბმა რუსტამოვმა, მის ადგილზე გამოვიდა ჩიხლაძე, ხოლო მერკვილაძემ მარჯვენა კუთხიდან ინსაიდის პოზიციაზე ამოიწია. ამას მოჰყვა ოთხბურთიანი სპურტი: რუსტამოვმა გაიტანა შვიდმეტრიანი, შემდეგ გარღვევაში გაიყვანა ჩიხლაძე, მერკვილაძემ კი ყველასთვის მოულოდნელად ორჯერ გაისროლა შორიდან – ანგარიში გახდა 28-24, შემდეგ კი 30-26. ქუთაისმა 31-28 მოიგო და პირველი ადგილი დაიბრუნა. ცალკე უნდა გამოიყოს მეკარე ტორონჯაძე, რომლის კარგი თამაშის გარეშე ქუთაისს გამარჯვება შეიძლება სათუოც გამხდარიყო.

მე-19 ტურის 4 მატჩიდან ყველაზე საინტერესო უნდა იყოს ქუთაის-პეგასის შეხვედრა. თამაშები სპორტკმპლექს არენას მეორე დარბაზში 12 საათიდან იწყება. ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი გადაიცეემა ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხით: https://www.youtube.com/user/handballgoergia და ფეისბუკით: https://www.facebook.com/GEONHF. აქვე იქნება ჩანაწერებიც.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღესი ლიგა

18-21 ტურები, არენა 2, 6-9 მაისი.

6 მაისი. BSB ბათუმი – იმედი თელავი 22-20

ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – გ. კობახიძე 8, აბრამიშვილი 5, გოგალაძე 3, გრიშიკაშვილი 2,  ქარდავა 1, წივწივაძე 1, გოგოლაძე 1, ბერძენიშვილი 1, სურმავა, ყაველაშვილი

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ცისკარიშვილი 7, გიორგაძე 7, მიქავა 2, ბაინაზიშვილი 2, ყორიაული 1, იობაშვილი 1, აბჟანდაძე, აბაშიძე

სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 28-31

სტუ: ხანდოლიშვილი – სტურუა 8, არსენაშვილი 6, ბულბულაშვილი 5, გ. ფერაძე 3, მამულაშვილი 3, მ. კობახიძე 2, ჯორბენაძე 1, ოსიყმაშვილი, კარტოზია

ქუთ: ტორონჯაძე – რუსტამოვი 10, სიმონია 6, ჯუღელი 5, გამზარდია 3, მათნაძე 3, მერკვილაძე 3, ჩიხლაძე 1, უ. კობახიძე, ჭელიძე, ახალაძე

სამტრედია – გორი 37-46

სამ: შველიძე, ხონელიძე 2 – თევზაძე 12, ხაჟომია 10, ცხვარაძე 5, ძნელაძე 4, ზურაბიანი 2, ნიკურაძე 2, დემეტრაშვილი   

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – დალაქიშვილი 15, ტარუაშვილი 10, ტიელიძე 7, ახალბედაშვილი 6, ზუბიაშვილი 5, ნიაზაშვილი 2, ტერუნაშვილი 1, მურადაშვილი, ტურაშვილი, იაშვილი

პეგასი – წყალტუბო 42-29

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – ცხოვრებაძე 13, ლაპიაშვილი 7, ბაძაღუა 6, ი. დიხამინჯია 4, კუხალაშვილი 4, გოგავა 3, კახოშვილი 2, კაჭკაჭაშვილი 2, ნ. კევლიშვილი 1, კალანდაძე, ქათამაძე, ბულია

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ჩაკვეტაძე 7, ბენიძე 6, ხელაძე 5, დარსაველიძე 4, გ. გველესიანი 3, გიორგაძე 2, მეტონიძე 1, გოგიძე 1, შვანგირაძე

მსაჯები: ა. კოვალჩუკი-ი. კოვალჩუკი (მლდ), რ. პერეპელიცა-ა.ნოვიკოვი (უკრ)

დელეგატი: ლ. გელაშვილი

———————–თ–მ—ფ—წ——-ბ—–ქ

ქუთაისი————18–15—1—2–663-571-31

BSB ბათუმი——–18–14—1—3–661-524-29

სტუ-ქარიშხალა—-18–14—1—3–623-512-29

პეგასი—————-18–10—1—7–653-593-21

იმედი თელავი——18—8—1—9–523-489-17

სამტრედია———-18—4—0–14–599-682–8

გორი—————–18—3—1–14–645-716–7

წყალტუბო———–18—1—0–17–533-813–2

4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

7 მაისი

12:00 გორი – BSB ბათუმი

13:45 წყალტუბო – სტუ-ქარიშხალა

15:30 იმედი თელავი – სამტრედია

17:15 ქუთაისი – პეგასი  

8 მაისი

12:00 იმედი თელავი – წყალტუბო

13:45 ქუთაისი – გორი

15:30 სტუ-ქარიშხალა – სამტრედია

17:15 BSB ბათუმი – პეგასი  

9 მაისი

12:00 გორი – წყალტუბო

13:45 იმედი თელავი – ქუთაისი

15:30 პეგასი – სამტრედია

17:15  სტუ-ქარიშხალა – BSB ბათუმი

ფინალური ოთხეული: 16-17 მაისი, თბილისი

Leave a Reply