ქალთა ნაკრები მორიგ ბრძოლაში ებმება

21 მარტს რუმინეთში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მიემგზავრება ხელბურთელ ქალთა ახალგაზრდული ნაკრები. ქალაქ კლუჟ ნაპოკაში, 23-25 მარტს ითამაშებენ რუმინეთი, ხორვატია, უკრაინა და საქართველო. ფინალურ ეტაპზე 2 საუკეთესო გუნდი გადის. 

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 20 მარტს, სპორტკომპლექს არენაში, სადაც გუნდი ემზადებოდა, მოაწყო ნაკრების პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ და გუნდს გზა დაულოცეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა და გენერალურმა მდივანმა, ემზარ ზენაიშვილმა.

ზურაბ კაკაბაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: – „საქართველოს ქალთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ეს ბოლო ასაკობრივი ტურნირია. ამ თაობის გუნდს პირველი შეჯიბრება 2015 წელს ჰქონდა და ბოლო სამ წელიწადში ყველა ასაკის ყველა ოფიციალურ ტურნირში მიიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ეროვნული ნაკრებების დონეზე – ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, 2017 წელს. 2018 წლის შემოდგომაზე ამ გუნდს, ეროვნული ნაკრების სტატუსით, უწევს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ჩაბმა.

ცვლილება, უფრო ზუსტად, როტაციაა სამწვრთნელო სტაფში – ფედერაციის გადაწყვეტილებით, გიორგი გვაზავა იმუშავებს კაცთა 20-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებში იგი შეცვალა ბექა ორჯონიკიძემ. ქალთა კიდევ ერთ, 16-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც ივლისში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი უწევს შვედეთში, ხელმძღვანელობს დანიელი კარსტენ თომსენი. გარდა ამისა, საერთაშორისო შეჯიბრებაში წლეულს უნდა ეთამაშა 18-წლამდელთა გუნდსაც: ივნისის დასაწყისში ბოსნიაში იმართება „ქალთა ტროფი“ – ტურნირი, რომელსაც 2016 წელს თბილისში ვუმასპინძლეთ და მეორე ადგილიც დავიკავეთ. ამ შეჯიბრებაზე მოწვევა ჩვენმა ფედერციამაც მიიღო, მაგრამ ჩვენ ვიყავით მოწვეულთა მეორე კატეგორიაში, სადაც შედიოდნენ უფრო ძლიერი გუნდები. საბოლოოდ, ტურნირზე თამაშის უფლება მიიღეს მხოლოდ პირველი რიგის, ე.წ. განვითარებადმა ქვეყნებმა, ჩვენ კი, როგორც წინა ტროფის მეორე პრიზიორს, უარი გვითხრეს, რაც, ერთი მხრივ, დასანანია, თუმცა, უარის თავად ფაქტი ადასტურებს იმ თვალსაჩინო პროგრესს, რაც ბოლო სამ წელიწადში ჩვენმა ქალთა ხელბურთმა განიცადა“.

ქალთა ნაკრების ახალ მწვრთნელი, ბექა ორჯონიკიძე 45 წლისაა. 90-იან წლებში თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, როგორც მწვრთნელი, სათავეში უდგას საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, სტუ-ქარიშხალას, უმუშავია კაცთა ასაკობრივ ნაკრებებში – ბოლოს ის ჩვენს ჭაბუკთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, თბილისში.  

ბექა ორჯონიკიძე, ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – „ამ თაობის გუნდში პირველად ხდება, რომ ოფიციალურ ტურნირში, საქართველოს ნაკრების ღირსებას უცხოეთში მოთამაშე ხელბურთელები დაიცავენ. ნაკრების კაპიტანი მედეა ჩოხელი თამაშობს  დანის უმაღლესი ლიგის კლუბის, მიდტიულანდის ახალგაზრდულ გუნდში, ხოლო ქეთი კუნელაშვილი – ესპანეთის პრიმერალიგის კლუბ გრანოლერსის ახალგაზრდულ შემადგენლობაში. სულ 2 დღის წინ შემოგვიერთდნენ ქრისტინე ჯავახია და ქეთევან ვენეცკი – ისინი თამაშობენ აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბ იდმან აკადემიაში.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და რუმინეთში ვერ გვეყოლება კიდევ ერთი ლეგიონერი, თინათინ ქიტესაშვილი. მის გარდა, გვაკლია დაშავებული ნენო ჯგერენაია (ფოთის ოქროს ვერძი), ხოლო ნაკრების ორი ლიდერი, თათია გადელია და თამარ ჩოგოვაძე, ტრავმების შემდეგ რებილიტაციის ხანგრძლივ კურსს გადის.

ქიტესაშვილის არყოფნა ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია – ის უნივერსალერი მოთამაშეა და შეგვეძლო, რამდენიმე ადგილზე გამოგვეყენებინა – უკანა ხაზის სამივე პოზიციაზე და მარცხენა კუთხეშიც, თუმცა, ტრავმები სპორტის განუყოფელი ნაწილია,  ჩვენ კი რუმინეთში, ნებისმიერ შემთხვევაში საბრძოლველად მივდივართ, იმის მიუხედავადაც, რომ  14 მოთამაშიდან ჩვენ მხოლოდ 8 გვყავს მოცემული ასაკობრივი კატეგორიისა (1998-99 წლებში დაბადებულები), დანარჩენები კი უმცროსები არიან. მათგან ყველაზე პატარა, მარცხენა გარემარბი ანა ჩხაიძე სულ 15 წლისაა, თუმცა, არაა გამორიცხული, დამწყებ შვიდეულში დავაყენოთ.

ბრძოლისუნარიანობა ამ გუნდის მთავარი მახასიათებელი თვისებაა – მე პირველად ვმუშაობ ქალთა ხელბურთში მწვრთნელად. მართალი რომ გითხრათ, ცოტა მეშინოდა კიდეც, სპეციფიკის გამო, მაგრამ საბოლოოდ ამ დანიშვნით ძალიან კმაყოფილი ვარ. დანარჩენი სტაფი უცვლელია – ლანა მარგიანი, ინა ჭკუასელი და ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი – მათ და გიორგი გვაზავას დიდი ღვაწლი აქვთ ამ გოგონების სპორტსმენებად და პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. შემოდგომაზე უკვე ეროვნული ნაკრებების დონეზე გვიწევს მოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ჩაბმა –  ამავე გუნდით, რადგანაც 20 წელზე უფროსი მოთამაშე, ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავს“.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 24 გუნდის მონაწილეობით, გაიმართება 2018 წლის 1-15 ივლისს უნგრეთში. რუმინეთიდან თამაშების პირდაპირი სტრიმის ლინკს 23 მარტს მოგაწვდით. პირველი მატჩი სწორედ ამ დღეს გვაქვს უკრაინასთან, ჩვენი დროით 13 საათზე.

ხელბურთი. 20წ მსოფლიო ჩემპიონატი 2018. ქალები. 1-15 ივლისი, უნგრეთი

ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირები, 23-25 მარტი (10 საგზური).

1 ჯგუფი: (პორტუგალიაში) პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია,  ბულგარეთი

2 ჯგუფი: (რუმინეთში) ხორვატია, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო

კლუჟ ნაპოკა, სალა პოლივალენტა (7200 ადგილი)

23 მარტი. 13:00 უკრაინა-საქართველო, 18:00 ხორვატია-რუმინეთი

24 მარტი. 13:00 ხორვატია-უკრაინა, 18:00 რუმინეთი-საქართველო

25 მარტი. 12:00 რუმინეთი-უკრაინა 15:00 საქართველო-ხორვატია

მსაჯები: მაიკე მერც – ტანია შილჰა (გერ), დანიელ კრაუზე – ნიკლას პედერსენ (დან)

დელეგატი: პეტერ ელეშ (უნგ)

საქართველოს ნაკრები

GK 12 ანა ვარდიშვილი (1999, 177, მამული)

GK 16 ქრისტინე ჯავახია (1998, 176, იდმან აკადემიასი, აზე)

LW  5 ანა ჩხაიძე (2003, 160, ქარიშხალა)

LW 14 ქეთი იაშვილი (2000, 166, მამული)

LB 13 ქეთი კუნელაშვილი (1999, 175, გრანოლერსი, ესპ)

LB  20 ელისაბედ ჩხაიძე (2002, 178, პეგასი)

CB 19 ანა ყველაშვილი (1998, 170, მამული)

CB 7 ელენე ჯავახიშვილი (2000, 172, მამული)

RB 8 ნინო შახულოვი (2001, 166, მამული)

RB, RW 18 ქეთევან ვენეცკი (1998, 174, იდმან აკადემიასი, აზე)

RW 23 მარიამ მიხელიძე (1999, 168, ყვარელი)

P 17 (კაპიტანი) მედეა ჩოხელი (1999, 177, ISI მიდტიულანდი, დან)

P 9 თამთა თეთრაშვილი (1998, 170, ყვარელი)

P 24 ჯულია ჩირგაძე (2001, 180, წყალტუბო)

მთავარი მწვრთნელი: ექა ორჯონიკიძე (1972), მწვრთნელი: ინა ჭკუასელი (1985)

მენეჯერი: ლანა მარგიანი (1988), ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990)

3 ჯგუფი: (შვედეთში) ჰოლანდია, შვედეთი, პოლონეთი, ჩეხეთი

4 ჯგუფი: (ისლანდიაში) მაკედონია, გერმანია, ისლანდია, ლიტვა

5 ჯგუფი: (სერბეთში) ნორვეგია, სერბეთი, სლოვაკეთი, კოსოვო

6 ჯგუფი: (ფარერის კუნძულებზე) სლოვენია, თურქეთი, ფარერები

7 ჯგუფი: (მონტენეგროში) მონტენეგრო, შვეიცარია, საბერძნეთი

1, 2, 4 ჯგუფებიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 3, 5, 6, 7 ჯგუფებიდან – თითო

(უკვე კვალიფიცირებულები არიან უნგრეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დანია)

Leave a Reply