gnhf-rrr

ფინალში ქუთაისი და ბათუმი გავიდნენ

საქართველოს ჩემპიონატის ფინალში, 5 მაისს, სპორტის სასახლეში ითამაშებენ ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ და „ქუთაისი 2015“. ნახევარფინალში ბათუმელებმა 20-18 დაამარცხეს პეგასი, ქუთაისმა – 2017 წლის ჩემპიონი, თელავის „იმედი“, 31-24. 15 საათზე ბრინჯაოს ფინალია. 

პეგასი პირველად თამაშობდა ფინალურ ოთხეულში და სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა გათამაშებელი კალანდაძე, ხოლო გოგავა ტრავმით თამაშობდა და გუნდს მხოლოდ დაცვაში ეხმარებოდა. თბილისელებს დასაწყისიც კატასტროფული ჰქონდათ – პეგასმა პირველი გოლი მე-17 წუთზე გაიტანა, როდესაც 0-5 აგებდა, მაგრამ, მწვრთნელ ტიტე კალანდაძის ახალგაზრდებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს რეგულარული სეზონის გამარჯვებულთან.

მძაფრი, ხისტი და კონტაქტური მატჩის დასაწყისი განსაკუთრებულად მძაფრი იყო და პირველი გოლი მეექვსე წუთზე გავიდა. ტაიმის მეორე ნახევარში ზარნაძემ და კუხალაშვილმა ნელ-ნელა ააწყვეს თამაში და 27-ე წუთზე პეგასმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა – 7-8, ტაიმი კი ბათუმმა 9-7 მოიგო.

შესვენების შემდეგ უხეშობის ზღვარზე თამაში გაგრძელდა და ორივე გუნდს ბევრი გაძევება დაუგროვდა. ბათუმელებმა ორივე ცენტრალური მცველი დაკარგეს – ბერძენიშვილმა მესამე ორწუთიანის შემდეგ დატოვა მოედანი, ხოლო ყაველაშვილი კი გაძევების შემდეგ უნგრელ მსაჯებს შეეკამათა, წითელი ბარათი მიიღო და ფინალს გამოტოვებს. ბათუმი სულ წინ იყო, ჯერ 14-9, შემდეგ 18-14, მაგრამ პეგასის გამთამაშებელმა ზარნაძემ (10 გოლი) გუნდი მაინც დატოვა ბრძოლაში: როდესაც ბოლო წუთი დაიწყო, კუხალაშვილი მეკარესთან  პირისპირ გავიდა და ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მეკარე ტორონჯაძეს ვერ აჯობა. საპასუხო შეტევაში ტალახაძემ ზურგსუკან მიაწოდა პასი აბრამიშვილს, რომელმაც თამაშის ბოლო გოლი გაიტანა – 20-18, საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი ფინალში გავიდა.

ბათუმი-პეგასი: https://www.youtube.com/watch?v=b,Ojxk5Nlsv

დანაკლისი ჰქონდა თელავის იმედსაც. რეგულარული პირველობის ერთ-ერთ ბოლო ტურში ტრავმა მიიღო უკანახაზელმა გიორგაძემ, ხოლო მთავარი მწვრთნელის, მერაბ მეტრეველის ავადმყოფობის გამო კლუბმა ფინალური ოთხეულისთვის ახალგაზრდული ნაკრების  მწვრთნელი გიორგი გვაზავა მიიწვია.

ქუთაისმა ზედიზედ 9 თამაში მოიგო რეგულარული სეზონის ბოლოს და ფავორიტად ითვლებოდა. გუნდი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა, როდესაც შოთა გრიშიკაშვილმა ზედიზედ 4 გოლი გაიტანა. შესვენებაზე ანგარიში 13-10 იყო. მეორე ნახევარში გამზარდიამ რამდენიმე შედეგიანი ინდივიდუალური გარღვევა მოაწყო და როდესაც მე-40 წუთისთვის ანგარიში 21-14 გახდა, უკვე ცხადი იყო, რომ ქუთაისი მოიგებდა. საბოლოოდ, 31-24 – ხვალ ქუთაისელები ქვეყნის ჩემპიონის პირველი ტიტულისთვის იბრძოლებენ.

ქუთაისი-თელავი: https://www.youtube.com/watch?v=q00lE3J-OYk

თუ ორ ნახევარფინალებში ვინმეს პერსონალურად გამოყოფაა საჭირო, ეს უპირველეად მეკარეებს ეხება: თელავის გუნდშიც კი, რომელმაც 31 გოლი გაუშვა, საუკეთესოები გიორგი ხარაიშვილი და ზურაბ ცინცაძე იყვნენ, რომ არაფერი ვთქვათ გიგა ტორონჯაძეზე (ბათუმი), ირაკლი დიხამინჯიასა (პეგასი) და კორნელი ანდრიაძეზე (ქუთაისი).

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

ფინალური ოთხეული. თბილისის სპორტის სასახლე

4 მაისი, ნახევარფინალი

BSB ბათუმი – პეგასი 20-18

ბათ: ტორონჯაძე – ბულბულაშვილი 4, გოგოლაძე 4, ტალახაძე 3, აბრამიშვილი 3, თევზაძე 2,  ხაჟომია 2, ქარდავა 1, სტურუა 1, ბერძენიშვილი,  ყაველაშვილი, წივწივაძე, სურმავა

პეგ: დიხამინჯია – ზარნაძე 10, კუხალაშვილი 3, ქათამაძე 2, ბაძაღუა 1, ზ. ფერაძე 1, ლაპიაშვილი 1, გოგავა, თ. კევლიშვილი, გვაზავა

მსაჯები: იოჟეფ ტუროცი – ფერენც ნადი (უნგ)

ქუთაისი – იმედი თელავი 31-24

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – კბილაშვილი  8, სიმონია 7, გრიშიკაშვილი 5, რუსტამოვი 4, გამზარდია 3, გოგალაძე 2, გ. ფერაძე 1, ჯუღელი 1, მერკვილაძე,  კობახიძე, ჭელიძე, მათნაძე, ლომიძე

თელ: ხარაიშვილი, ცინცაძე – ალანია 6, ყორიაული 5,  მიქავა 3, ცისკარიშვილი 3, კორსანტია 2, აბჟანდაძე 1, მაისაშვილი 1, დოლმაზაშვილი 1, ბაინაზიშვილი 1, გავაშელიშვილი 1, ბერაძე, იობაშვილი

მსაჯები: ვალერი როჟკოვი – ანატოლი ნოვიკოვი (უკრ)

დელეგატები: ლევან გელაშვილი, ვახტანგ ბერიაშვილი

5 მაისი, ფინალები

15:00 მატჩი მესამე ადგილისთვის

პეგასი – იმედი თელავი

მსაჯები: იოჟეფ ტუროცი – ფერენც ნადი (უნგ)

17:00 ფინალი

BSB ბათუმი – ქუთაისი

მსაჯები: ვალერი როჟკოვი – ანატოლი ნოვიკოვი (უკრ)

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

Leave a Reply