ფედერაციის მორიგი აღიარება და გეგმები
ბაზელში, შვეიცარია, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფისში გაიმართა განვითარებადი ქვეყნების მესამე კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე. შეხვედრაზე ქართული ხელბურთისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იყო საქმიანი საუბარი.
უპირველესად, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა და ირლანდიისა და ბულგარეთის ფედერაციებთან ერთად დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, IHF განვითარების ოთხწლიან გეგმაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ზურაბ კაკაბაძე, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: – კონფერენციაში მონაწილეობდნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჰასან მუსტაფა, ევროპული ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ბრიო და გენერალური მდივანი მიხაელ ვიდერერი. დოქტორ მუსტაფასთან უპირველესად განვიხილეთ 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საკითხი, რომელიც საქართველოში უნდა გაიმართოს. ნოემბერში საქართველოშ ჩამოვა IHF საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე პერ ბერტელსენი, რომელთანაც დაწვრილებით გავივლით ყველა საორგანიზაციო საკითხს.
უნდა გითხრათ, რომ რამდენიმე ბოლო საერთაშორისო შეჯიბრება – ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, IHF/EHF ქალთა თასი და ევროპის ჩემპიონატების ორი საკვალიფიკაციო ტურნირი ქუთაისსა და თბილისში, საერთაშორისო ფედერაციებმა უმაღლეს დონეზე შეაფასეს და ყოველთვის მზადყოფნით თანამშრომლობენ ჩვენთან, როდესაც საქმე საერთაშორისო ტურნირების საქართველოში გამართვას ეხება.
ახლაც, ჩვენ გვქონდა ორი წინადადება საერთაშორისო და ევროპულ ფედერაციებთან. 2016 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს IHF/EHF ქალთა თასის ანალოგიური შეჯიბრება კაცებში, ოცწლამდელთა ნაკრებებს შორის. ჩვენი სურვილია, ეს ტურნირი თბილისში წამოვიღოთ და არც საერთაშორისო ფედერაციაა წინააღმდეგი. რაც შეეხება ქალთა თასის ინტერკონტინენტალურ, ფინალურ ტურნირს, რომელიც 2017 წლის მარტშია დაგეგმილი და რომელშიც რეგიონული ჩემპიონები, სულ ხუთი გუნდი გამოვა: ჩვენი გოგონათა ნაკრები, როგორც მოგეხსენებათ, ევროპული ზონის ფინალში გავიდა, მაგრამ იქ ფარერებთან დამარცხდა. ჩვენი წინადადება იყო, რომ საქართველოს გოგონათა ნაკრები, როგორც ევროპის მეორეადგილოსანი, მეექვსე გუნდად დამატებოდა ფინალურ შეჯიბრებას, რომლის გამართვასაც ჩვენი ფედერაცია იკისრებდა. ბატონი მუსტაფა და ბატონი ბრიო ამ წინადადებებით დაინტერესდნენ, განიხილავენ და შემოდგომის დასაწყისისთვის გადაწყვეტილებაც ცნობილი გახდება.
ქეთევან კობერიძე, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამები და კონფერენციაზე ამაზეც იყო საუბარი. უკვე გადაწყვეტილია, რომ მაისში საქართველოში ორი სამწვრთნელო სემინარია დანიშნული.
9-20 მაისს თბილისში, ბათუმსა და თელავში გაიმართება საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთა სემინარი „ხელბურთის სწავლება სკოლებში“. 2014 წელს, როდესაც საერთაშორისო ექსპერტმა ფრანტიშეკ ტაბორსკიმ გამართა ანალოგიური სწავლება, მას 170 პედაგოგი დაესწრო. ამჯერად სემინარს გაუძღვება გერმანელი კლაუს ფელდმანი, სპორტისა და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი და სასკოლო ხელბურთის ექსპერტი. სკოლაში სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ეზიაროს ხელბურთს და საბაზისო უნარ-ჩვევები ბავშვობიდანვე შეითვისოს. გარდა ამისა, მაისის ბოლოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით თბილისში გაიმართება კიდევ ერთი სემინარი უკვე სახელბურთო კლუბების მწვრთნელებისთვის.