gnhf-rrr

უმაღლესი ლიგის საგზური გორმა მოიპოვა

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირი ხელბურთში. ბოლო დღეს გორის გუნდმა 44-27 დაამარცხა რუსთავი და 2016-17 სეზონში უმაღლეს ლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვა. მეორე საგზური გათამაშდება გადასასვლელ ტურნირში, რომელშიც ფინალური ოთხეულის ფორმატით ითამაშებენ რუსთავი, წყალტუბო და უმაღლეს ლიგაში ბოლო ორ ადგილზე დარჩენილი გუნდი.

გადამწყვეტ მატჩში რუსთაველებს 4 ბურთით მოგება სჭირდებოდათ პირველობისთვის, მაგრამ გორმა თავიდანვე მკაცრი დაცვა შესთვაზა მეტოქეს, საუკეთესოდ ითამაშა მეკარე ვათიაშვილმა და გამარჯვებულის ვინაობა პირველი ტაიმის ბოლოსთვის ადვილი გამოსაცნობი იყო – ნახევარი თამაში გორმა 20-7 მოიგო. დღესვე წყალტუბოს პრომეთემ 38-33 დაამარცხა თელავი და მესამე ადგილი დაიკავა.

გორის გუნდმა (მწვრთნელები ლ. მოციქულაშვილი, გ. მამაცაშვილი), რომელიც თავიდანვე ფავორიტად ითვლებოდა, რვავე თამაში მოიგო და უმაღლესი ლიგის საგზური დამსახურებულად მოიპოვა. გუნდი ახალგაზრდულია და რამდენიმე წელია, ჭაბუკთა პირველობაში თამაშობდა, რამდენიმე მათგანი ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატიცაა. საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკებს ემატება ხოლმე რამდენიმე ოდნავ უფროსი ხელბურთელი და მოთამაშე-მწვრთნელი, გია მამაცაშვილი. გუნდის უკლებლივ ყველა წევრი გორელია და წარმატება უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქში ხელბურთის სტანდარტული დარბაზი არ არის.

რუსთავსა (მწვ. ვ. მძელური, თ. ხარაიძე) და წყალტუბოს (ნ. გოგიძე, გ. ჯანელიძე) შანსი კიდევ დარჩათ. გადასასვლელი ტურნირის ნახევარფინალში რუსთავი შეხვდება უმაღლეს ლიგაში მე-7 ადგილზე გასულ გუნდს, ხოლო წყალტუბო – მერვე ადგილს. ამ ორი წყვილის გამარჯვებული უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ფინალში შეხვდება ერთმანეთს.

ყველაფერი მაისშივე მოთავდება. ახლა უნდა დასრულდეს უმაღლესი ლიგის ორწრიანი ტურნირი. ფედერაციის გადაწყვეტილებით, დასავლეთისა (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ფოთი) და აღმოსავლეთის (სტუ, პეგასი, იმედი, ქარიშხალა) ტურები ერთდროულად გაიმართება ხელვაჩაურსა და თბილისში, 13-15 მაისს. ამის შემდეგ საბოლოოდ დაკომპლექტდება საჩემპიონო ოთხეული და გადასასვლელი ტურნირიც.

შემდეგ გაიმართება გადასასვლელი ტურნირი, ხოლო შინაურ სეზონს მაისის ბოლოს დაასრულებს ქალთა და კაცთა ეროვნული ჩემპიონატების ოთხთა ფინალები.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირი 1992 წლის შემდეგ პირველად გაიმართა

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატიპირველი ლიგაკაცები

მეორე წრე, 3-5 მაისი, არენა 2. 5 მაისი

წყალტუბო – თელავი 38-33

წყ: აფხაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 9, გიორგაძე 6, ძნელაძე 5, ჩანქსელიანი 4, გველესიანი 4, ბენდელიანი 4, მეტონიძე 3, კვარაცხელია 2, დარსაველიძე 1, ჩიხლაძე

თელ: ლილუაშვილი – ვ. გიგაური 19, გიორგელაშვილი 6, კაიშაური 4, წვერიკმაზაშვილი 4, ნ. სვიმონიშვილი, იაგორაშვილი

მსაჯები: გ. წივწივაძე, ზ. აბრამიშვილი, დელეგატი: თ. თევზაძე

გორი-რუსთავი 44-27

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – თ. ტარუაშვილი 12, გაგლოშვილი 7, ტიელიძე 7, მჭედლიშვილი 6, ნიაზაშვილი 3, ყანჩაველი 3, ზუბიაშვილი 2, დალაქიშვილი 2, მურადაშვილი 1, ახალბედაშვილი 1, მამაცაშვილი, იაშვილი

რუს: ჯანგიძე – მძელური 6, თაბაგარი 5, კიკნაძე 3, ბ. შეყელაშვილი 3, რ. შეყელაშვილი 3, მენაბდიშვილი 2, გავაშელიშვილი 2, კახურაშვილი 2, მუმლაძე 1, ეძგვერაძე

მსაჯები: გ. სურმავა, გ. სამყურაშვილი, დელეგატი: ლ. გელაშვილი

საბოლოო: გორი 16 ქულა – რუსთავი 12, წყალტუბო 8 – თელავი 4, აჭარა 0

უმაღლესი ლიგა. ბოლო 3 ტურის წინ

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—-11—9—0—2—373-277-18

სამტრედია—–11—8—0—3—424-358-16

სტუ————-11—8—0—3—362-342-16

ქუთაისი——–11—7—0—4—372-375-14

პეგასი———–11—6—0—5—357-367-12

ქარიშხალა——11—3—0—8—386-438–6

იმედი-თელავი-11—1—1—9—310-348–3

ფოთი————11—1—1—9—364-443–3

Leave a Reply