საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველ მატჩში 30-28 მოუგო იტალიას, ხოლო ჩვენი ახალგაზრდული გუნდი 26-31 დამარცხდა ფინეთთან. ხვალ  სპორტის სასახლეში თამაშობენ იტალია-ფინეთი და საქართველოს ორი ნაკრები. ტურნირი ზეგ, საქართველო-ფინეთის მატჩით დასრულდება.

ჩვენს ეროვნულ გუნდს ორი ძირითდი მოთამაშე, ორჯონიკიძე და წითელიშვილი აკლდა, და, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი თანაბარი იყო და 2 ბურთზე მეტით წინ არავინ გასულა, გვქონდა შთაბეჭდილება, რომ იტალია, რომელმაც წინა სეზონში, ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩი სირაკუზაშიც მოგვიგო და თბილისშიც, ამჯერადაც გვაჯობებდა მეორე ტაიმში, რადგანაც სრული, 16-კაციანი გუნდით თამაშობდა, ჩვენ კი სკამზე ძირითადად ახალბედა ჭაბუკები გვყავდა. მიზეზი ეს იყო: ისრაელის ნაკრების გვიანი და მოულოდნელი უარის შემდეგ ჩვენ ორი ნაკრებით მოგვიწია გამოსვლა და ორივე ისე დაკომპლექტდა, რომ ახალგაზრდული გუნდიც ბრძოლისუნარიანი გამოსულიყო.

ჩვენს გუნდში სრული 60 წუთი ითამაშეს თევზაძემ, რუსტამოვმა და ჩიქოვანმა, ხოლო შეტევის დროს, უკანა ხაზში, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, უცვლელი სამეული გვყავდა – სტურუა-ჩიქოვანი-ცხოვრებაძე. პირველ ტაიმში 6 გოლით საუკეთესო იყო მონპელიეს 17 წლის შუამარბი, გიორგი ცხოვრებაძე, ხოლო მეორე ცაციამ, დანიის მიდტიულანდში მოთამაშე გიორგი „არველოდი“ დიხამინჯიამ ანგარიშიც გახსნა და  ტაიმის ბოლო წუთზე ვირტუოზული სპინიც შეასრულა ნულოვანი კუთხიდან – 16-15 დავწინაურდით, მაგრამ ვოლპიმ ბოლო წამებზე მაინც გაათნაბრა – ტაიმი 16-16 მორჩა, მაგრამ იტალია უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა იმის გამო, რომ ბევრად უფრო მრავალფეროვნად და მწყობრად უტევდა გამთამაშებელ ტურკოვიჩის მეთაურობით. დაცვაში ძალიან გვიჭრდა, თანაც რატი მსხვოლიძემ ორჯერ გადაიტრიალა ფეხი და საეჭვო იყო, გააგრძელებდა თუ არა თამაშს.

მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი, მსხვილიძეც გამოვიდა მოედანზე და მკვეთრადაც მოვუმატეთ დაცვაში. მწვრთნელებმა ბოშკოვსკიმ და კალანდაძემ მაქსიმალურად გამოიყენეს მეტოქეზე ბევრად ნაკლები რესურსი – დაცვაში გუნდს ეშველებოდნენ 40 წლის დათუკაშვილი და მასზე ორჯერ უმცროსი გოგავა, მსხვილიძეს ხაზზე ცვლიდა ხოლმე 18 წლის ლაპიაშვილი; ცხოვრებაძემ მეორე ტაიმში სამჯერ ზუსტად დაარტყა შვიდმეტრიანი; შალვა სტურუამ, რომელსაც ნაკრებში დებიუტი წლეულს, იანვარში ჰქონდა, დღეს შეტევაში უკვე შეუცვლელად ითამაშა და მნიშვნელოვანი 4 გოლი გაიტანა; რუსტამოვმა მეორე ტაიმში კუთხიდან ისევე ვირტუოზულად შემოატარა ბურთი იტალიელთა მეკარეს, როგორც პირველში – არველოდიმ; 3 გოლი გაიტანა მისთვის უჩვეულო, პივოტის პოზიციიდან რატი მსხვილიძემ და დაცვაშიც საუკეთესო იყო; ამ ყველაფერს, უშუალოდ მოედანზე, რათქმაუნდა, ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა.

საკვანძო იყო მონაკვეთი 47-50-ე წუთებზე: მეორე ტაიმში სულ ვლიდერობდით, მაგრამ ვერაფრით დავწინაურდით 2 ბურთით, როცა მსხვილიძემ მეტოქის დარტყმა დაბლოკა, ამავე შეტევაში თევზაძემ მოიგერია მძიმე ბურთი, რიცხვობრივ მეტობაში კი ბურთი მარჯვენა კუთხეში ვეტერან ჭანტურიაზე ჩათამაშდა და რეზომ, რა თქმა უნდა, გაიტანა 25-23; ჭანტურიამ ოსტატურად დააჯარიმა შეტევაში  დოლდანი, ჩიქოვანმა სწრაფი გადატანის დროს სხვაობა გაზარდა, 26-23, შემდეგ კი სტურუას მიაწოდა ხაზზე – 27-24. და კულმინაცია: შოთა თევზაძე იგერიებს სტარჩევიჩის დარტყმას 6  მეტრიდან, ასხლეტილი ბურთი კი პირდაპირ მეტოქის ნახევარზე ვარდება, იქ დიხამინჯია უგებს ბრძოლას მორეტის და მეკარესთან პირისპირ გადის – 28-24! რჩება 7 წუთი და იტალია ისევ ამცირებს სხვაობას ორამდე, მაგრამ აქ ყველაფერს თავის თავზე იღებს ნაკრების ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც გააქვს ბოლო ორი გოლი – 30-26 და საბოლოოდ, 30-28.  

გამოსარჩევია 17 წლის წყალტუბოელი არბიტრი გელა გველესიანი, რომელმაც მნიშვნელოვან მომენტში ულაპარაკოდ გააძევა უხეშობისთვის სერგო დათუკაშვილი – ვითარებაში, როდესაც იტალიელთა შეტევა ჩავლილი იყო და რომ არ დაესტვინა, კაციშვილი ხმას არ გასცემდა; ასევე მოექცა ჩვენი ხელბურთის მეორე სერიოზულ ავტორიტეტს, ჭანტურიას, ბოლოს კი ზედმეტი სიტყვა არ შეარჩინა იტალიელ მაროკის და ისიც მიაბრძანა მოედნიდან 2 წუთით. საერთოდ, გველესიან-ჭკუასელის დუეტმა კვალიფიციურად და მიუკერძოებლად იმსაჯა.

საქართველო-იტალია, თამაში: https://www.youtube.com/watch?v=fe5t3ZrK1w4

კარგად ითამაშა ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმაც ფინეთის ეროვნულ ნაკრებთან  – პირველ ტაიმში ორჯერ წინ იყო 2-2 ბურთით, შესვენებაზე სულ ერთით ჩამორჩა, შემდეგ კი, როდესაც მეტოქემ იმძლავრა, ბოლომდე იბრძოლა და სხვაობა შეამცირაა – 26-31. რაც მთვარია, აქაც ჩანდა რამდენიმე მოთამაშე, ვისაც ეროვნულ გუნდში თამაშის კარგი პერსპექტივა აქვს.  

ფინეთი-საქართველო, ჰაილაითები: https://www.youtube.com/watch?v=QxXEeMkDQEQ

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია სილკ უნივერსალზე და სილკ სპორტზე, ასევე – ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

ხელბურთისაერთაშორისო ტურნირი. 4-6 აპრილითბილისის სპორტის სასახლეკაცები

საქართველო, იტალია, ფინეთი (ეროვნული ნაკრებები), საქართველო (ახალგაზრდული)

აპრილი. ფინეთი – საქართველო (ახალ.)  31-26

ფინ: მაკელა, ლაიტინენი – კილშტედტი 6, სიურიალა 5, ბრომანი 4, უდი 3, გრანლუნდი 3, ალგრენი 3, სუნდბერგი 2, ლაინე 2, ვოუტილაინენი 1, შომანი 1, რონბერგი 1, ფორსი, მარტინი, გრიპენბერგი

საქ (ახ): ცინცაძე, ხანდოლიშვილი – მიქავა 6, ბულბულაშვილი 5, ყორიაული 4, გიორგაძე 4, აბრამიშვილი 3, ზარნაძე 2, გოგოლაძე 1, ნიაზაშვილი 1, ბაინაზიშვილი, დოლმაზაშვილი, ცისკარიშვილი, კუხალაშვილი, ხაჟომია, გვაზავა

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი (თბილისი)

საქართველო – იტალია 30-28

საქ: თევზაძე – ცხოვრებაძე 9, ჩიქოვანი 7, სტურუა 4, გ. დიხამინჯია 4, მსხვილიძე 3, რუსტამოვი 2, ჭანტურია 1, დათუკაშვილი, ლაპიაშვილი, გოგავა (ხარაიშვილი, ი. დიხამინჯია – იობაშვილი, ქათამაძე, კალანდაძე)

იტა: პოსტონია, ფერანტე – სკატარი 4, ზონერერი 4, პარიზინი 3, მაიონე 3, ბულძამინი 3, ტურკოვიჩი 2, დოლდანი 2, მორეტი 2, სტარჩევიჩი 2, ვოლპი 1, მაროკი 1, სპერტი 1, რადოვჩიჩი, არჩიერი

მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი) – გელა გველესიანი (წყალტუბო)

აპრილი

15:00 იტალია – ფინეთი

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი (თბილისი)

17:00 საქართველო – საქართველო (ახალ.)

მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი) – გელა გველესიანი (წყალტუბო)

აპრილი

15:00 იტალია – საქართველო (ახალ.)

17:00 საქართველო – ფინეთი

Leave a Reply