საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ “კარპატების თასი” დაისაკუთრა
„კარპატების თასი“ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ჩვენმა გუნდმა სამიდან ორი შეხვედრა მოიგო და ისტორიაში პირველად გათამაშების ტრიუმფატორი გახდა. გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო მცველად ერეკლე არსენაშვილი, ხოლო საუკეთესო მეკარედ დავით ნიქაბაძე დასახელდნენ.

საერთაშორისო ტურნირის დასკვნით დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ლიდერები დიდად არ დატვირთა და ახალგაზრდებს თამაშის მეტი საშუალება მისცა. უქულოდ მყოფ უკრაინასთან შეხვედრა, რომელიც სატურნირო მდგომარეობით არაფერს ცვლიდა, მეტოქის გამარჯვებით – 32-28 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებიდან შვიდი გატანილი ბურთით და სამი ასისტით საუკეთესო იყო მირიან გავაშელიშვილი. ოთხ-ოთხი ბურთი გაიტანეს გიორგი ლაპიაშვილმა, ვახტანგ ხარებაშვილმა და გიორგი დიხამინჯიამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატების თასი“ ტურნირის გათამაშებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატების თასზე“ წლეულს, იანვრის დასაწყისშიც იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრაში სერბეთთან დავმარცხდით (25-35), მეორეში და მესამეში თურქეთს (32-27) და მასპინძელ რუმინეთს (35-34) მოვუგეთ. საქართველოს ნაკრებმა “კარპატების თასზე” პირველად 2023 წელს იასპარეზა და მაშინაც მეორე ადგილი დაიკავა.
„კარპატების თასი“, საქართველოს ნაკრებისთვის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა. ჩვენი ხელბურთელები, იანვარში, მალმიოში (შვედეთი), შვედეთს, ხორვატიას და ნიდერლანდებს E ჯგუფში დაუპირისპირდებიან.
საქართველო 28-32 უკრაინა
საქართველოს ნაკრები: დავით ნიქაბაძე (10 სეივი) მირიან გავაშელიშვილი (7 გოლი, 3 ასისტი), გიორგი ლაპიაშვილი (4), ვახტანგ ხარებაშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (4), ზურაბ გოგავა (3 გოლი, 2 ასისტი), გიგი მელიავა (2 გოლი, 1 ასისტი), გიორგი არეშიძე (2), ვახტანგ ხელისუფალი (1 გოლი, 2 ასისტი), ნიკოლოზ კალანდაძე (1), ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, გუგა უთმელიძე, გიგი რუხაძე.