საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა ბოსნიასთან მატჩი შეაფასეს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოსნიასთან მოგების (28:26) შემდეგ საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.

გიორგი დიხამინჯია – საერთო ჯამში, თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, ბევრი შეცდომა გვქონდა და მწვრთნელის დავალება ბოლომდე ვერ შევასრულეთ, მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მაინც მოვახერხეთ დადებითი შედეგის მიღწევა და ამით კმაყოფილი ვარ.

ახლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და მომავალი შეხვედრისთვის დავიწყოთ მზადება, რომელიც სამ დღეში ბოსნიაში გვაქვს. ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება, სავსე ტრიბუნების ქვეშ მოგვიწევს თამაში, მაგრამ მზად ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ სასურველი შედეგის მისაღწევად.

ზურაბ ცინცაძე – რთული თამაში გამოვიდა და სასიხარულოა, რომ მოგება მოვახერხეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო დარბაზში მოსულ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში გვამხნევებდა და ბოლომდე გვერდში დაგვიდგა, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

გიორგი ცხოვრებაძე – რთული თამაში მოვიგეთ და  მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. რაც შეეხება საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს, ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის, მთელი გუნდის კარგი თამაშის დამსახურებაა. მადლობა დარბაზში მოსულ ქომაგებს, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ დარბაზში უფრო მეტი მაყურებელი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს, იმედია, თბილისში გასამართ მომავალ მატჩზე, საბერძნეთთან, უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა და მათთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

Leave a Reply