სასკოლო ხელბურთის პროგრამა მოქმედებას იწყებს

ორი წელია, რაც საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ დაიწყო სასკოლო ხელბურთის პროგრამის განხორციელება. პირველ ეტაპზე, საქართვლოს ყველა რეგიონში მოხდა საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთა მომზადება ბავშვთა ხელბურთის ჯგუფებში სამუშაოდ. ამჯერად უკვე საწვრთნელი პროცესი იწყება.

პირველ ეტაპზე, თეორიული ცოდნა და ბავშვთა ხელბურთის მწვრთნელის კვალიფიკაცია მიიღო ორასამდე სპორტის მასწავლებელმა ქვეყნის თითქმის ყველა რეგiონში. მეორე ეტაპი იწყება თელავში, რომელიც ქართული ხელბურთის ერთ-ერთი მძლავრი კერაა და სადაც 2018 წელს ხელბურთის ფედერაცია მნიშვნელოვან ტურნირს, ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატს ატარებს.

თელავის რაიონში შეირჩა 6 საჯარო სკოლა, სადაც გაიხსნება ხელბურთის სპეციალიზებული ჯგუფები, ამავე სკოლების სპორტის მასწავლებელთა ხელმძღვანელობით: თელავის 1 სკოლა (ქეთევან გაიპარაშვილი), წინანდლის საჯარო სკოლა (მაია მწითური), თელავის 3 სკოლა (გიორგი ჩხეიძე), 4 სკოლა (თეა დემინაშვილი), 5 სკოლა (კახა ესიტაშვილი), 9 სკოლა (დავით აბრამიშვილი).

ბავშვებს რეგულარულად ექნებათ მეცადინეობები სკოლებში, ხოლო კვირაში ერთხელ ყველა სკოლას სავარჯიშოდ გამოეყოფა თამაზ ანთაძის სახელობის სპორტთამაშების დარბაზის სტანდარტული სახელბურთო მოედანი. საწვრთნელი ინვენტარით ჯგუფებს, ხელბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს, ასევე დაუნიშნავს მასწავლებლებს სტიპენდიას. თელავშივე ყოველთვიურად გაიმართება სახელბურთო ფესტივალები უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ამასთან დაკავშირებით, თამაზ ანთაძის სახელობის თელავის სპორტთამაშების დარბაზში უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, ვიცე-მერი გურამ გურაბანიძე, ქალაქი სპორტის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო ხელბურთის ფედერაციის მხრიდან – პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ვიცე-პრეზიდენტები იმედო ფხაკაძე და ვახტანგ მეიფარიანი. ორივე მხარემ სრული მზადყოფნა გამოთქვა, პროექტის მონაწილე სკოლებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მათი ხელშეწყობისთვის.

ზურაბ კაკაბაძე, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: – ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის საბოლოო მიზანია, ხელბურთში რაც შეიძლება მეტი მოზარდის ჩაბმა, თანაც, ადრეული ასაკიდან. ბავშვები სკოლაშივე შეითვისებენ ხელბურთის ყველა საბაზისო უნარ-ჩვევას, ეს კი მათ მეტ შანსს მისცემს, გახდნენ პროფესიონალი სპორტმენები. ჩვენ განსაკუთრებით დიდი იმედებს ვამყარებთ რეგიონებზე, სადაც, უამრავი ნიჭიერი ბავშვის მოძებნა შეიძლება, მათ კი ადრეული ასაკიდანვე უნდა შევუწყოთ ხელი დაოსტატებაში. სწორედ ამ მიზნისთვის ამოქმედდა სასკოლო ხელბურთის პროგრამა და ჩვენი მეორე პროექტი – ხელბურთის აკადემია, სადაც ყველა რეგიონის საუკეთესო ბავშვებს ვუყრით თავს. ჩვენ ყოველმხრივ ვენდობით სპორტის მასწავლებლებს, როგორც თავიანთი საქმის პროფესიონალებს, რომლებმაც სპეციალიზებული სახელბურთო ცოდნაც მიიღეს. ნიშანდობლივია, რომ პროექტის მეორე ეტაპი სწორედ თელავში იწყება, ქართული ხელბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვან ქალაქში. უახლოეს პერიოდში პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდება კიდევ ორ ქალაქში – გორში, სადაც მალე ჩადგება მწყობრში ახალი სპორტის სასახლე და ყვარელში, სადაც ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების არაერთი ხელბურთელი აღიზარდა.

Leave a Reply