სამი ჩვენიანი რუმინეთის ლიგაში

ეროვნული ჩემპიონატი რუმინეთმაც დაიწყო. ამ ქვეყანაში წლეულს საქართველოს ნაკრების სამი ხელბურთელი ითამაშებს: ირაკლი ჩიქოვანი (კონსტანცა), ირაკლი კბილაშვილი და თეიმურაზ ორჯონიკიძე (რეშიცა).

კონსტანცამ უკვე გაიარა ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ლიგაზე, ჩემპიონატამდე კი წინა სეზონის, 2019-20 წლების თასის გათამაშებაც დაასრულა. ნახევარფინალში ჩიქოვანის გუნდმა 24-20 მოუგო ტიმიშოარას, თუმცა, ფინალში 21-24 დამარცხდა ქვეყნის ჩემპიონ ბუქარესტის დინამოსთან. ქართველმა უკანახაზელმა ამ ორ მატჩში 8 გოლი გაიტანა, მათ შორის სამი – ფინალში.

რუმინეთის ჩემპიონატი 15 სექტემბერს დაიწყო. პანდემიის გამო ფორმატი განსხვავებულია – გუნდები ერთ ან ორ ქალაქში იკრიბებიან და ზედიზედ თამაშობენ რამდენიმე შეხვედრას. კონსტანცამ სამ დღეში სამჯერ გაიმარჯვა – ბაკეუ 22-19 დაამარცხა, ბოტოშანის 30-27 აჯობა, ხოლო დღეს 29-21 მოუგო რეშიცას. უდანაკარგოდ ასევე არიან ბუქარესტის დინამო, CSM და ბაია მარე. ირაკლი ჩიქოვანმა 1 გოლი ბაკეუს გაუტანა, 3 – რეშიცას.

რაც შეეხება რეშიცას, ამ კლუბში წინა სეზონი საქართველოს ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა, შოთა თევზაძემ გაატარა და ამის შემდეგ კარიერაც დაასრულა, კლუბში კი გადავიდა საქართველოს ნაკრების ორი უკანახაზელი – ირაკლი კბილაშვილი მაკედონიის მეტალურგიდან და  თეიმურაზ ორჯონიკიძე – უნგრეთის ოროშჰაზიდან.

საწყისი 3 თამაში რეშიცამ წააგო – ფოჩანისთან 15-22,  CSM ბუკურეშტისთან 23-24 და დღეს, კონსტანცასთან, თუმცა, კბილაშვილი და ორჯონიკიძე ჩემპიონატში ჯერ არ ჩაბმულან – ისინი სამუშაო ვიზას ელიან და 4 ოქტომბრისთვის, როცა ჩემპიონატი განახლდება, შემადგენლობაში უნდა იყვნენ.

იქამდე, 22 და 29 სექტემბერს ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩი აქვს ლისაბონის სპორტინგთან. მოგებული ჯგუფურ ეტაპზე გავა.

Leave a Reply