gnhf-rrr

რიგის სემინარის შედეგები

 

ლატვიიდან დაბრუნდნენ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე. ისინი მონაწილეობდნენ 2-3 ოქტომბერს, რიგაში გამართულ აღმოსავლეთი ევროპის ხელბურთის პირველ რეგიონულ სემინარში.

მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) პრეზიდენტ ჟან ბრიოსთან (საფრანგეთი) და გენერალურ მდივან მიხაელ ვიდერერთან (ავსტრია).

პირველი საკითხი ეხებოდა 2015 წლის თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალს. შეთანხმდნენ, რომ უკვე 2014 წლიდან დაიწყება ქართული მომსახურე პერსონალის მომზადება სახელბურთო ტურნირისთვის.

უმნიშვნელოვანესია მწვრთნელთა მომზადებისა და სერტიფიცირების საკითხი. ევროპული ფედერაცია საქართველოში რეგულარულად მოაწყობს სემინარებს, ხოლო სულ მალე საქართველოს ფედერაცია შეუერთდება EHF RINK კონცეფციას, რომელიც მწვრთნელთა განათლება-ლიცენზირებას მოიცავს.

რაც შეეხება სახელბურთო აკადემიის დაფუძნებას საქართველოში, როგორც კი ეს საკითხი გადაწყდება, EHF გადაგვიჭრის აღჭურვისა და მწვრთნელთა მომზადების საკითხს.

რიგის სემინარში მონაწილეობდა 10 პოსტსაბჭოთა ქვეყანა – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი. ევროპული ფედერაციის შეფებთან იმსჯელეს ევროპის ჩემპიონატის 20 ან 24 გუნდამდე გაზრდაზე, რაზედაც EHF ფეხს ითრევს, რადგანაც არ სურს უმთავრეს ევროპულ შეჯიბრებაზე იმატოს მონაწილეთა დონეებს შორის სხვაობამ. წამოიჭრა საკითხი მეორე დონის ტურნირის მოწყობისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის ქვეყნები, ვინც ვერ მოხვდება 16 უძლიერეს ნაკრებში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მალე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს იწყებს. ბელარუსის ხელბურთის ფედერაციასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ლიტვასთან პირველი მატჩის (30 ოქტომბერი) წინ საქართველოს ნაკრები ამ ქვეყანაში 2 საკონტროლო თამაშს გამართავს.

დაბოლოს, 2017 წლის ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხი. ამ ტურნირის გამართვა საქართველოს ხელბურთის ფედერაციას სურს. სემინარის მონაწილეები შეგვპირდნენ მხარდაჭერას არჩევნებზე, 27 ოქტომბერს, დოჰაში (ყატარი). მასპინძლობოს კანდიდატი ორია – საქართველო და ხორვატია.

Leave a Reply