რევაზ ჭანტურია საქართველოზე, მაკედონიაზე, ჩემპიონთა ლიგაზე…

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ვეტერანი, რევაზ ჭანტურია 31 მაისს 38 წლის ხდება. ასაკის მიუხედავად, მას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა სკოპიეს მეტალურგში და ჯერაც არ აპირებს მოთამაშის კარიერის დასრულებას. ჭანტურიასთან ონლაინ-ინტერვიუ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე შედგა. ეს საუბრის წერილობითი ვარიანტია.

 

– როგორ ხართ, რეზო? რა სიტუაციაა მაკედონიაში?

– როგორც ყველგან, სახლში ვართ. აქ საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო, ამასწინათ საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გააგრძელეს. საღამოს 7 საათის შემდეგ გარეთ გასვლა აკრძალულია. ოჯახში ყველაფერი კარგადაა, გმადლობთ…

– რა ვითარებაა მაკედონიის ჩემპიონატში?

– ჩემპიონატი შეწყდა და აღარ განახლდება. ჩემპიონი არ გამოვლენილა, განაწილდა ევროტურნირების საგზურები მომდევნო სეზონისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს სკოპიეს ვარდარი, ევროპის ლიგაზე – ევროფარმ-პელისტერი, ჩემი და ირაკლი კბილაშვილის კლუბი მეტალურგი და ბუტელ სკოპიე. თუ ევროფარმმა ჩემპიონთა ლიგის ვაილდ ქარდი მიიღო, მაშინ ევროპის ლიგაზე მესამე გუნდი ლექსო წითელიშვილის ოჰრიდი იქნება.

– მომავლის გეგმები როგორი გაქვს? 

– ჯერჯერობით თამაშისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ. მინიმუმ ერთი წელი კიდევ მინდა, ვითამაშო.  ჯერ არ ვიცი, სად. მეტალურგთან კონტრაქტი მაისის ბოლო მავრდება. ორი კლუბიდან მაქვს შემოთავაზება და ყველაფერს ივნისში გადავწყვეტ. მთავარია, ტრავმები ავირიდო და კიდევ ვითამაშებ, თუ არა და, მაშინ გადავერთვები მწვრთნელობაზე.

– სამწვრთნელო განათლების საქმე როგორ მიდის?

– როცა დრო მაქვს ხოლმე, მაკედონიაში ყოველთვის ვესწრები მწვრთნელთა სემინარებს. უკვე გავლილი მაქვს ორი დონე, რაც ნიშნავს, რომ უკვე შემიძლია 18-წლამდელთა გუნდი ვავარჯიშო, როგორც კლუბი, ასევე ნაკრები. სულ სწავლების ოთხი მოდულია გასავლელი და ამის შემდეგ უნდა აიღო მასტერ-კოუჩის ლიცენზია, ურომლისოდაც 2022 წლიდან ევროპაში მწვრთნელად ვეღარ იმუშავებ.

მე მოთამაშის 16 წლიანი პროფესიული კარიერა მაქვს გავლილი და 30-მდე მწვრთნელთან მიმუშავია. მათ შორის იყვნენ ლინო ჩერვარი, ვესელინ ვუიოვიჩი, იოვიცა ცვეტკოვიჩი და ბევრი სხვა ცნობილი მწვრთნელი. თითოეული მათგანისგან რაღაც მაქვს ნასწავლი. საინტერესოა, რომ მაკედონიურ სემინარებზე მარტო მე ვარ მოქმედი მოთამაშე.  

– სეზონი როგორ წარიმართა? როგორი კმაყოფილია მეტალურგის ხელმძღვანელობა ირაკლი კბილაშვილის თამაშით? როგორ ფორმაში იყო ლექსო წითელიშვილი?

– კბილაშვილს სადებიუტო სეზონი ჰქონდა მეტალურგში და მისით ყველა კმაყოფილია. მან წესით დიდი ხელბურთი უნდა ითამაშოს. ლექსო წითელიშვილს შარშან ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა სტრუგაში და წელს ოჰრიდში გადავიდა, თუმცა, მას მხრის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც შეტევაში ნაკლებად უწევდა თამაში, დაცვაში კი შეუცვლელი ფიგურა იყო.

მაკედონიაში ქართველებს ტრადიციულად კარგი სახელი გვაქვს – წარსულში აქ ძალიან ბევრ ცნობილ ქართველ ხელბურთელს უთამაშია. მეორე სეზონია, აქ თამაშობს საქართველოს ქალთა  ნაკრების კაპიტანი მედეა ჩოხელი, რომელიც ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. მედეა ნამდვილი ლიდერი იყო თავისი კლუბის, კუმანოვოსი, რომელსაც 15-დან 15 მოგება ჰქონდა ჩემპიონატის შეწყვეტის დროს.

– მოგვიყევი შენს კარიერაზე, როგორ დაიწყე ხელბურთის თამაში, როგორ წახვედი უცხოეთში?

– ხელბურთის თამაში დავიწყე 12 წლისამ, სტუ-შევარდენში, სადაც მწვრთნელები იყვნენ ზაზა დოლიძე, ჯემალ ბარამიძე და ზურაბ კეკელიძე. იქამდე ფეხბურთს ვთამაშობდი 35-ე სკოლაში, ოთარ შენგელიასთან, მაგრამ, მოგეხსენებათ, მამაჩემი, რეზო ჭანტურიაც ხელბურთელი იყო, შემდეგ – მწვრთნელი და ხელბურთმა გადასძალა.

მაკედონიაში ასეთ ვითარებაში მოვხვდი: 2004 წელს ორ ქართულ გუნდს უწვდა ევროტურნირებზე თამაში და ორივეს მაკედონიური კლუბი შეხვდა. მამის გუნდი, მამული, ცოტა ადრე თამაშობდა და მამამ შემომთავაზა, მათთან ერთად წავსულიყავი მაკედონიაში. პირველი ვარჯიშის სანახავად მოვიდნენ მეტალურგის მწვრთნელები – ლიუბჩო სავიცკი და ანდონ ბოშკოვსკი. ვარჯიშს შემდეგ მამას უთხრეს, რომ ცაცია მოეწონათ – ვინაა, რამდენი წლისააო და თამაშზეც თუ მოგვეწონა, დავიტოვებთო. მამამ უთხრა, ცაცია გარემარბი ჩემი შვილია, ოღონდ მამულის კი არა, შევარდენის წევრია და მეტალურგთან ვერანაირად ვერ ითამაშებსო…

მაშინ, თამაშის შემდეგ დანიშნეს თავისი კლუბის სპეციალური ვარჯიში ჩემს გასასინჯად. იმ ვარჯიშზე სერიოულად გამომცადეს და ცხვირიც კი გამიტეხეს, მაგრამ თავი მოვაწონე და დამიტოვეს – ასე მოულოდნელად დასრულდა მაკედონიაში ფაქტიურად ექსკურსიაზე წასვლა. ზუსტად მახსოვს, იყო 2004 წლის 13 ოქტომბერი – ჩვენების ავტობუსი გავაცილე და დავრჩი, ისე, რომ სულ რამდენიმე დღის სამყოფი ტანსაცმელი მქონდა წაღებული. ახლა 2020 წელია და ისევ მაკედონიაში ვარ – აქ დავოჯახდი ბილიანა პეტკოვსკაზე და უვე ათი წლის გოგონა ირინა გვყავს…

-მაკედონიამდე უკრაინაშიც გითამაშია…

-დიახ. 2004 წლის იანვრიდან მაისი ჩათვლით ზაპოროჟიეში ვიყავი. ზტრ ძალიან ძლიერი კლუბი იყო. უკრაინის ნაკრების ხელურთელების უმეტესობა იქ თამაშობდა, მათ გარდა – ბელარუსები, გორბოკი და ბროვკა. პირველ გუნდში ვერ მოვხვდი, მაგრამ ჰყავდათ მეორე გუნდიც, დნეპროპეტროვსკიში, რომელიც ასევე თამაშობდა უკრაინის ჩემპიონატში. მთელი კვირა ძირითდ გუნდთან ვვარჯიშობდი ხოლმე და კვირის ბოლოს დნეპროპეტროვსკში ვთამაშობდი.

– ორი სეზონი ჩემპიონთა ლიგაში  გაქვს ნათამაშები, 23 გოლი გაგიტანია. გაიხსენე ის წლები სკოპიეს მეტალურგში, რომელიმე გამორჩეული მატჩი ლიგაში…

– დიახ, ორი სეზონი. 2006-07 წლის ჯგუფური ეტაპი: ფლენზბურგის, ზაგრებისა და ჩეხოვსკიე მედვედის წინააღმდეგ და 2008-09: ბარსელონა, კილი,  დრამენი. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში გამორჩეულია, მაგრამ გამოვყოფდი ფლენზბურგის წინააღმდეგ მატჩს, სადაც მომიწია ჩემი საყვარელი ხელბურთელის, ლარს კრისტიანსენის წინაამდეგ ბრძოლა. თან ის მარცხენა კუთხეში იდგა, მე – მარჯვენაში და ერთმანეთის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. თან ამხელა ხელბურთელის ოსტატობით ვიღებდი სიამოვნებას და მეც ყველაფერი კარგად გამომივიდა – 5 გოლი გავიტანე და კრისტიანსენმა შემაქო თამაშის შემდეგ. 

2013 წელს, უკვე ზომიმაკ-სტრუმიცას შემადგენლობაში შევხვდი გიორგი ცხოვრებაძის ახლანდელ გუნდს, მონპელიეს, რომლის კარშიც ლეგენდარული ტიერი ომაიერი იდგა. ის თამაშიც კარგად წამივიდა, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს 5 გოლი გავუტანე და ის ბურთი ახლაც შენახული მაქვს.  ჩემპიონთა ლიგაში, ასევე EHF თასზე თამაში ფასდაუდებელი გამოცდილებაა. მეტალურგი არ იყო ევროპის გრანდი, მაგრამ ყველას ვებრძოდით და ყველა მაშინდელი ვარსკვლავის, კარაბატიჩის, ჰანსენის, ტომასის, გარსიას წინააღმდეგ მითამაშია. კარგია რომ ახლა ცხოვრებაძეს უწევს ამ უმაღლესი რანგის ტურნირზე გამოსვლა. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი გვენახოს ლიგაში.

მეტალურგში ორჯერ გავხდი ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი; ვარდართან ერთად EHF თასის ნახევარფინალამდე მივედით და იქ მომავალმა გამარჯვებულმა, გერმანულმა გუმერსბახმა გამოგვადო; გარდა ამისა, ევროტურნირებზე მითამაშია სტრუმიცაში, პელისტერში და ევროპის ყველა დიდი გუნდის წინააღმდეგ გავსულვარ მოედანზე.

– მაკედონიის საკლუბო ხელბურთში დიდი ფული ტრიალებს?

-კლუბს გააჩნია. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს, ვარდარს, ცხადია, სერიოზული სპონსორი ჰყავს. ასე იყო მეტალურგიც. დანარჩენები, ძირითადად, მუნიციპალური კლუბებია და დაფინანსების 80 პროცენტს ქალაქის მერიიდან იღებენ. ახლა ძალიან საინტერესო ბიზნეს-პროექტი აქვს ეუროფარმ პელისტერს, რომელიც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა. თან ეს  ქალაქ ბიტოლას გუნდია, სადაც მთელი ქალაქი ხელბურთით ცხოვრობს. საერთოდ, მაკედონია სახელბურთო ქვეყანაა.

– ახლა საქართველოს ნაკრებში გატარებული წლები გავიხენოთ…

– პირველად ეროვნულ გუნდში 2002 წელს ვითამაშე. პირველი გოლი ჰოლანდიაში გავიტანე, ლევან გელაშვილის პასის შემდეგ. თბილისში – ავსტრიასთან.  აქაც ბევრი კარგი ტურნირი მახსენდება: ევროპის უნვერსიადაზე გამარჯვება, ჩელენჯ-ტროფის ორი ფინალი და ერთი მოგება, კარგი სეზონი გვქონდა 2013-14 წლებში, როცა სპორტის სასახლეში ფინეთი, თურქეთი და ლიტვა დავამარცხეთ. ძლიერი შემადგენლობა გვყავდა: უკანა ხაზში ოთხი ორმეტრიანი მოთამაშე – ვლადიმერ რუსია, სერგო დათუკაშვილი, რატი მსხვილიძე, ირაკლი ჩიქოვანი. ამათ დაუმატეთ კარში შოთა თევზაძე – მეტოქე შეტევაში რომ იყო, ჩვენი კარი არც ჩანდა ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შარშანდელი გამარჯვება ერთა თასზე, როცა შვიდივე თამაში მოვიგეთ.

ახლა ნაკრებში ორი ვეტერანი, მე და შოთა თევზაძე დავრჩით და ძალიან კარგი თაობა მოვიდა – ცხოვრებაძე, კალანდაძე, ორჯონიკიძე, კბილაშვილი, არსენაშვილი, დიხამინჯია, რუსტამოვი, გოგოლაძე… საშუალო თაობიდან ლექსო წითელიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც კიდევ კარგახანს დაგვეხმარება. ერთადერთი, მეკარის საკითხი მაფიქრებს – რა იქნება, როდესაც შოთა თევზაძე დაასრულებს კარიერას? თუმცა, ძალიან კარგი მეკარეები არიან ზურაბ ცინცაძე, გიგა ტორონჯაძე…

– რეზო, მაკედონიის ნაკრებიდან თუ გქონია შემოთავაზება?

– დიახ, 2007 წელს. ძალიან გაკვირვებული სახე მივიღე, მაგრამ მითხრეს – ახლა არ გვინდა პასუხი, მოიფიქრეო. ჩემი მთავარი მრჩეველი მამა იყო და ვკითხე. ვიცოდი მისი აზრი, მაგრამ მაინც მე მომანდო გადაწყვეტილების მიღება – პროფესიონალი ხარ და თავად მოიფიქრეო. მაკედონიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს და შეიძლება კარიერულ წინსვლაში დამხმარებოდა იქ გამოსვლა, მაგრამ მე ქართველი ვარ და არაფერს არ ვნანობ. 2013 წელს უკვე პრესიდან გავიგე, რომ ჩემი მოწვევის საკითხი ისევ იდგა, ბოლოს კი მაკედონიელმა ჟურნალისტებმა იხუმრეს – რა კარგი იქნებოდა, რომ  მაკედონიელთა ყველა სიძე მაკედონიის ნაკრებში თამაშობდესო. ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდი პატივი იყო მაკედონიის ნაკრებში მიწვევა.

ახალგაზრდებს ერთადერთი რჩევა მინდა, მივცე. ნაკრებში ხშირად ისე მოდიან, თითქოს რომელიმე, მორიგ, ახალ კლუბში მიიწვიეს. და ამ დროს ეროვნულ გუნდში მოხვედრა სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებული მოვლენა უნდა იყოს ყველა სპორტსმენის კარიერაში. ნაკრების წევრობა ძალიან საამაყოა, მაგრამ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ითხოვს!

ბოლოს, წარმატებები მინდა ვუსურვო, ქართულ სპორტსა და ხელბურთს, ჩვენს ფედერაციასა და მის ხელმძღვანელებს, საქართველოს ნაკრებებს, ქართულ კლუბებს. მინდა, რომ სპორტის სასახლე ისევ გაივსოს ჩვენი ეროვნული გუნდის მატჩებზე და დიდი გამარჯვებებიც ვიხილოთ. მეც, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. არა აქვს მნიშვნელობა – მოთამაშის, მწვრთნელისა თუ უბრალო გულშემატკივრის როლში.

რევაზ ჭანტურია: დაიბადა 1982 წლის 31 მაისს თბილისში. ხელბურთშია 12 წლიდან. კარიერა: სტუ – ზაპოროჟიე (უკრ) – 2004 წლიდან მაკედონიაშია: მეტალურგი, ვარდარი, სტრუმიცა, პელისტერი;  საქართველოს ნაკრებში თამაშობს 2002 წლიდან. მეუღლე: ბილიანა ჭანტურია-პეტკოვსკა, შვილი: ირინა ჭანტურია, 10 წლის

Leave a Reply