ოცდაოთხივე გუნდი გარკვეულია

გაირკვა ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი. ტურნირი 2017 წლის 8-20 აგვისტოს გაიმართება თბილისის ოლიმპიური სასახლეში. ამერიკის კონფედერაციიდან 5 საგზური მოიპოვეს არგენტინის, ბრაზილიის, ჩილეს, ვენესუელისა და მექსიკის გუნდებმა. 

შეჯიბრების წილისყრა გაიმართება 11 მაისს, ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფისში. უკვე ცნობილია განთესვაც. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მესამე კალათაშია სერბეთის, ბრაზილიისა და შვედეთთან ერთად. ამ ოთხ გუნდს ბოლოს უყრიან წილს და მასპინძელ ფედერაციას ჯგუფის არჩევის საშუალება ექნება.

სრული განთესვა ასეთია:

1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია

2 კალათი: დანია, ესპანეთი, ისლანდია, არგენტინა

3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი

4 კალათი: პორტუგალია, ჩილე, ბაჰრეინი, ტუნისი

5 კალათი: რუსეთი, ვენესუელა, იაპონია, ეგვიპტე, 

6 კალათი: ნორვეგია, მექსიკა, კორეა, ალჟირი

4-5-6 კალათებიდან ერთი კონტინენტის 2 ან 3 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ერთ ჯგუფში ვერ მოხვდება.

ამერიკის ჭაბუკთა ჩემპიონატი ამ უქმეებზე დასრულდა სანტიაგოში, ჩილე. მსოფლიო ჩემპიონატის 4 მონაწილე უკვე ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაირკვა – მას შემდეგ, რაც არგენტინა, ბრაზილია, ჩილე და ვენესუელა ნახევარფინალში გავიდნენ. მეხუთე საგზურისთვის გამართულ პლეიოფში მექსიკამ მოუგო კანადას  (28-25), ურუგვაიმ – პარაგვაის (28-25), ხოლო გადამწყვეტ მატჩში მექსიკამ დაამარცხა ურუგვაი (25-15) და მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საგზური მოიპოვა. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ კანადა, პარაგვაი, კოსტა რიკა, პუერტო  რიკო და აშშ. ამერიკის ჩემპიონი გახდა არგენტინა, ვინც ფინალში 22-21 მოუგო ბრაზილიას, მესამე ადგილისთვის ჩილემ დაამარცხა ვენესუელაა, 35-20.

5 ამერიკული გუნდის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით მიიღო 11 ქვეყანამ, აფრიკისა და აზიის სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა. ოკეანიის წარმომადგენლის ადგილი ერგო ევროპის მეთორმეტე გუნდს, ნორვეგიას, ხოლო ტურნირის 24-ე მონაწილეა მასპინძელი, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა 2013 წელს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) კონგრესზე, დოჰაში. შეჯიბრება ორ წელიწადში ერთხელ ეწყობა და ფორმატით ზუსტად ემთხვევა მსოფლიოს ჩემპიონატს ქალთა და კაცთა გუნდებს შორის. მოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდულ, 21-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში, ივლისში გაიმართება ალჟირში.

მთელი ტურნირი, 92 მატჩი გაიმართება  თბილისის ოლიმპიური სასახლის ორ დარბაზში. სავარჯიშო არენებია: სპორტკომპლექს არენას 2 დარბაზი, ფრენბურთის ოლიმპიური არენის ორი კორტი, სპორტის სამინისტროს დარბაზი და დინამოს საკალათბურთო ბაზა. მსოფლიო ჩემპონატის ოფიციალური სასტუმრო იქნება რედისონ ბლუ, სადაც იცხოვრებს ასამდე მსაჯი, დელეგატი და ყველა ოფიციალური პირი. ხუთასზე მეტ სპორტსმენსა და მწვრთნელს მიიღებენ სასტუმრო ჰუალინგი (12 გუნდი), ბომონდ გარდენი (4), გოლდენ პალასი (4) და კრუიზი (4).

18-20 აგვისტოს, ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების დროს, თბილისში გაიმართება IHF საბჭოს სხდომაც.

მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში (19წ). 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

8-14 აგვისტო – ჯგუფური ტურნირი (4 ჯგუფი 6-6 გუნდით)

15 აგვისტო – დასვენების დღე

16, 17 აგვისტო – მერვედფინალი, მეოთხედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები

20 აგვისტო, ფინალები 1, 3, 5, 7 ადგილებისთვის

წილისყრა: 11 მაისს ბაზელში, შვეიცარია

Leave a Reply