gnhf-rrr

ლიტვასთან ლატვიის სცენარი განმეორდა

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები კლაიპედაში დამარცხდა მასპინძელ ლიტვასთან, 20-24. ლატვიამ ბოლო წამზე მოუგო ისრაელს, 29-28 და კვირას ლიტვას შეხვდება ჯგუფში პირველობისთვის და პლეიოფში გასასვლელად. მესამე ადგილისთვის საქართველო და ისრაელი ითამაშებენ.

თამაში: https://www.facebook.com/lturankinis/videos/2144740439145600/

ლატვიასთან წაგების შემდეგ (21-24) ჩვენმა ნაკრებმა კარგი შეფასება დაიმსახურა ლიტვურ და ლატვიურ მედიაში – ყველგან დაიწერა რომ კარგად მოტივირებული და შემართული ქართველები ბოლო წუთამდე ეომნენ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს. იგივე განმეორდა მეორე მატჩშიც.

საქართველოს ნაკრები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ლიდერობდა, მაქსიმალურ სხვაობას კი იმ მონაკვეთში მიაღწია, როცა მსხვილიძემ შეაგდო 9 მეტრიდან, დათუკაშვილმა მეტოქის დარტყმა დაბლოკა, რიცხვობრივი ნაკლებობისას რუსტამოვმა გადაცემა ჩაჭრა და ჭანტურია გაუშვა გარღვევაში, ბოლოს კი მსხვილიძემ 6 მეტრიდან, მეტოქესთან ბრძოლაში, ხელუკუღმა გაიტანა – 10-7. ჩვენ მინიმუმ 3 ბურთით მოგება გვჭირდებოდა ჯგუფიდან გასასვლელი შანსის შესანარჩუნებლად.

მეტოქემ დაცვაში საგანგებო ყურადღება დაუთმო ჩვენს ჭაბუკ ვარსკვლავს ცხოვრებაძეს, ლიდერობა, რა თქმა უნდა, ჩიქოვანმა იტვირთა, ხოლო მსხვილიძემ თამაში ხაზზე დაიწყო, მაგრამ შორიდანაც მშვენივრად გაიტანა და ამის შემდეგ მწვრთნელი ბოშკოვსკი მას ჩვეულ, მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზეც იყენებდა.

სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ლიტვამ მობილიზაცია გამოაცხადა, 3-2-1 დაცვაზე გადავიდა, რამდენიმე ბურთი მეკარე მორკუნასმაც მოიგერია და ანგარიში 10-10 გახდა. ორჯონიკიძემ კიდევ დაგვაწინაურა, მაგრამ ლიტვა წინ პირველად გავიდა ზედ ბოლო წუთზე, როდესაც მათმა 130-კილოგრამიანმა პივოტმა, ციბულსკისმა გაგვიტანა – 11-12 შესვენებაზე.

მეორე ტაიმში ჯერ ცხოვრებაძემ გაათანაბრა, მერე, მისივე პასით, რუსტამოვმა, ჩიქოვანმა ბოლოჯერ დაგვაწინაურა (14-13), ამის შემდეგ კი ზედიზედ დავკარგეთ 3 ბურთი და გავუშვით ამდენივე გოლი, წითელიშვილმა კი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა: 15-16, 43-ე წუთი. 47-ე წუთზე ციბულსკიმ ლიტვა ოთხით დააწინაურა (19-15) და თითქოს გარდატეხის მომენტი დადგა, მაგრამ ჩიქოვანმა შვიდმეტრიანი გამოიმუშავა, მეტოქე ორწუთიანში გაუშვა, პენალტი თავად დაარტყა, შემდეგ კი, როდესაც რიცხვნაკლული ლიტვა იძულებული გახდა, შეტევაში მეკარე მოეხსნა, მან და დიხამინჯიამ ცარიელ კარში გაიტანეს – 18-19.

რჩებოდა 10 წუთი, თევზაძემ (სულ 11 მოგერიება) ზედიზედ აიღო ორი დარტყმა და ანგარიშის გასათანაბრებლადაც წავედით, მაგრამ წითელიშვილმა შორიდან ძელს მოარტყა და საბედისწერო კრიზისი მაინც დაგვიდგა: მეტოქემ ისევ ამოსწია დაცვა, მორკუნასმა ყველა ჩვენი შორეული დარტყმული მოიგერია, თავის მხრივ ლიტვამ ზედიზედ ხუთჯერ გაიტანა და თამაშის ბედი დასრულებამდე 3-4 წუთით ადრე გადაწყვეტილი იყო (18-24), ბოლოს კი ორი გოლი ჩაიწერა ორჯონიკიძემ – 20-24.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში)

ევროპა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ჯგუფების თითო გამარჯვებული გადის პლეიოფში

2 ჯგუფი: ლიტვა 4, ლატვია 4, საქართველო 0, ისრაელი 0

13 იანვარი. კლაიპედა, შვიტურიო არენა

ისრაელი-ლატვია 28-29

ისრ: შიკლოში, ტუტკენიცი – გერერა 6, პომერანცი 6, შტელმანი 6, ლევი 5, კოფმანი 2, გერა 1, სეგალი 1, ფრიდმანი 1, დავდა, შკალიმი, ჰერშკოვიცი, აპო, კუშმარო, ტეპერი

ლატ: კუკსა, პურინში – იურძსი 9, კრიშტოპანსი 8, დუდე 4, ლიელაისი 4, პოლიტერსი 2, ტუმინსკისი 1, ვერშაკოვსი 1, კრეიცბერგსი, პანჩენკო, ბოროდოვსკისი, გორბუნოვსი, ლეგანოვკისი, ლეია, პილპუკსი

მსაჯებიმარკო ბორიჩიჩი – დეიან მარკოვიჩი (სრბ)

საქართველო-ლიტვა 20-24

საქ: თევზაძე, ხანდოლიშვილი – ჩიქოვანი 6, მსხვილიძე 3, წითელიშვილი 3, ორჯონიკიძე 3, ჭანტურია 2, ცხოვრებაძე 1, რუსტამოვი 1, დიხამინჯია 1, დათუკაშვილი, სტურუა, ლაპიაშვილი, გრიშიკაშვილი, აბრამიშვილი – მწვ. ბოშკოვსკი, კალანდაძე

ლიტ: რაშიმასი, მორკუნასი – დუმჩუსი 4, პალევიჩუსი 4, ბერნატონისი 3, ციბულსკისი 3, მალაშინსკასი 3, ურბონასი 3, იუსკენასი 1, შტროპუსი 1, პლეტა 1, ტარციონასი 1, გრიგასი, სტანკევიჩუსი, ვირბაუსკასი, გროსასი

მსაჯები: ბოგდან კალუჯეროვიჩი – ივან ვუიაჩიჩი (მნტ)

დელეგატები: კალევ ვენცლი (ესტ), იან რუდინსკი (სლკ)

12 იანვარი. ლატვია-საქართველო 24-21, ლიტვა-ისრაელი 36-20

14 იანვარი. 16:30 ისრაელი-საქართველო, 19:00 ლიტვა-ლატვია

Leave a Reply