gnhf-rrr

ლეგიონერები სანაკრებო სეზონის წინ

2 და 6 ნოემბერს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევრო-2020 შესარჩევი ტურნირის მატჩები აქვს იტალიასთან – სირაკუზასა და თბილისში. იქამდე, ნაკრების ლიდერები აგრძელებენ საკლუბო სეზონს ევროპულ კლუბებში.

მაკედონიაში, 5 ტურის შემდეგ, ქართველების ორივე კლუბი პირველ ოთხეულშია. 12 ქულით ლიდერობს რევაზ ჭანტურიას პელისტერი, რომელმაც ბოლო ორ მატჩში დიდი უპირატესობით დაამარცხა რადოვიში, 25-14 და რაბოტნიჩკი – 32-21. 9 ქულით მეოთხეა თეიმურაზ ორჯონიკიძის პრილეპი. თეიმურაზმა 9 გოლი გაიტანა პროლეტთან მოგებულ მატჩში (27-26), ხოლო რადოვიშთან პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო, 3 გოლს დასჯერდა და აღარ უთამაშია – პრილეპმა 22-26 წააგო, ხოლო ორჯონიკიძეს საშუალოდ შვიდჯერ გააქვს თამაშში – 5 მატჩი, 35 გოლი.

რუმინეთში 8 ტურია ნათამაშები და ჯერჯერობით ჩვენიანების ორივე გუნდი პლეიოფში გამსვლელი მერვე ადგილის ქვემოთაა. 7 ქულით მეთორმეტეა შოთა თევზაძის რეშიცა, რომელიც ორჯერ დამარცხდა – ფოჩანისთან 20-27 და სტიაუასთან – 25-28. 9 ქულით მე-11 პოზიციაზეა დუნარეა კელერაში, რომლის ლიდერს, ირაკლი ჩიქოვანს უკვე 40 გოლი დაუგროვდა. კელერაში შინ 24-25 დამარცხდა ოდორჰეისთან, შემდეგ კი 34-32 მოუგო ვასლუის. ორივე მატჩში ქართველმა ინსაიდმა 6-6 გოლი გაიტანა.

უცხოურ კლუბებში კიდევ რამდენიმე ქართველი თამაშობს. ქუთაისისა და ახალგაზრდული ნაკრების ხელბურთელი, ირაკლი კბილაშვილი გადავიდა საბერძნეთის რიგით მეორე დივიზიონის კლუბ აიიოს სერიფატოში, რომელსაც 3 ტურის შემდეგ 1 მოგება აქვს. კბილაშვილმა 2 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ირანის ზედა დივიზიონში გააგრძელებს კარიერას რატი მსხვილიძე, რომელიც ქალაქ ურმიის გუნდში ჩაირიცხა. ვეტერანმა სერგო დათუკაშვილმა სეზონი სერბეთის ვოივოდინაში დაიწყო, ხოლო ირლანდიის ლიგაში თამაშობს რობერტ ბეჟანიშვილი. ჯერჯერობით უკლუბოდაა ვლადიმერ რუსია, რომელიც ტრავმირებულია და ვერ ვარჯიშობს.

25 ოქტომბრიდან საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატი თბილისში შეიკრიბება და იტალიასთან მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. ჯგუფის მესამე წევრია ლუქსემბურგი. გამარჯვებული მთავარ შესარჩევ რაუნდში გადის.

ხელბურთიევრო 2020, კაცები

პირველი შესარჩევი ეტაპი. ნოემბერი 2016- იანვარი 2017

ჯგუფიიტალიალუქსემბურგისაქართველო

2 ნოემბერი, სირაკუზა. იტალია-საქართველო

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე. საქართველო-იტალია

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი

7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია

14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო – ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები

თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე

Leave a Reply