ლეგიონერები/კბილაშვილის ბენეფისი. გავაშელიშვილი ფლეი ოფს გამოეთიშა
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, თუმცა მოთამაშეთა რიცხვი, ტრავმიანობის გამო, მნიშვნელოვნად მცირე იყო. ტრავმებს იშუშებენ: თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი“), ერეკლე არსენაშვილი („ტრამბლე“), გიორგი დიხამინჯია („აკიურეირი“) და ზურაბ გოგავა („აუგუსტდორფი“).
რუმინეთი
ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებისა და „პოტაისა ტურდას“ მოთამაშე ირაკლი კბილაშვილმა. ქართველი ლეგიონერის კლუბმა „მინორ ბაია მარესთან“ 21-ე ტურის გასვლით შეხვედრაში 30:28 გაიმარჯვა; 10 გოლი კი კბილაშვილის ანგარიშზეა.
ამავე ტურში ითამაშა ხაზეინ რუსტამოვმაც. მისმა „კონსტანტამ“ კლუჟის „უნივერსიტატეასთან“ გასვლით მატჩში 27:24 გაიმარჯვა. რუსტამოვმა მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა.
პოლონეთი
სუპერლიგის საპლეიოფო ეტაპის მეორე ნახევარფინალური მატჩი წარუმატებელი გამოდგა მირიან გავაშელიშვილისთვის. მისი „ოსტროვია“ „კიელცესთან“ განმეორებით შეხვედრაშიც დამარცხდა (23:30) და გათამაშებას გამოეთიშა. ქართველმა ლეგიონერმა ამ მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ზურაბ ცინცაძე და მისი „ლეგიონოვო“ პოლონეთის სუპერლიგაში დასარჩენად ბრძოლას წარმატებით აგრძელებენ. „ლეგიონოვომ“ მიმდინარე კვირას ჯერ „პიოტრკოვიანინს“ მოუგო (36:20), შემდეგ კი „გვარდია“ დაამარცხა (28:24). პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების მეკარემ 5 ბურთი მოიგერია, მეორეში კი – 6.
საფრანგეთი
სტარლიგის 27-ე ტურში ქართული დერბი უნდა შემდგარიყო: ნიკოლოზ კალანდაძის „ექს-ან-პროვანსი“ ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლეს“ წინააღმდეგ, თუმცა, ამ უკანასკნელის სარეაბილიტაციო პერიოდის გამო, სრულფასოვანი დაპირისპირება არ შედგა.
„ექს-ან-პროვანსმა“ მინიმალური სხვაობით, 30:31 წააგო. კალანდაძემ 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.