ლეგიონერები/თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ჩემპიონატებში პირველი ტურის მატჩები ჩაატარეს. საკლუბო პირველობებში ქართველი ხელბურთელები ჯერ სრულად არ ჩაბმულან, თუმცა რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა მაინც შედგა.
რუმინეთი
ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის მატჩი ჩაატარეს „პოტაისა ტურდას“ ქართველმა ლეგიონერებმა — ირაკლი კბილაშვილმა და თეიმურაზ ორჯონიკიძემ. ტურდელებმა ტიმიშოარის „პოლიტექნიკას“ უმასპინძლეს და ფრედ — 21:21 ითამაშეს. მასპინძელთაგან საუკეთესო იყო კბილაშვილი, რომელმაც 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაბრუნებულმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ, რომელიც რუმინულ კლუბს ჩრდილოეთ მაკედონიის „ოჰრიდიდან“ შეუერთდა, 1 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
ამავე ტურში ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანტამ“ უმასპინძლა ბუქარესტის „დინამოს“ და დაძაბულ შეხვედრაში, ერთბურთიანი სხვაობით — 22:23 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრისთვის ბუქარესტელებთან შეხვედრა შედეგიანობით გამორჩეული არ ყოფილა.
საფრანგეთი
„სტარლიგის“ პირველ ტურში ითამაშა ნიკოლოზ კალანდაძის „ექს-ან-პროვანსმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სელესტა“ მიიღო და 34:32 დაამარცხა. მასპინძელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 2 ბურთი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ერეკლე არსენაშვილი. მისმა „ტრამბლემ“ „ნანტს“ უმასპინძლა და 28:38 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე დაახლოებით 17 წუთი ითამაშა.

პოლონეთი
სუპერლიგის პირველ ტურში ითამაშა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ“. საქართველოს ნაკრების მეკარეს გასვლითი შეხვედრა ჰქონდა გდანსკის „ვიბჟეჟესთან“. მატჩში, რომელიც სტუმართა გამარჯვებით (34:33) დასრულდა, ცინცაძემ 7 ბურთი მოიგერია და 2 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა.
ლიეტუვა
კლაიპედის „დრაგუნასის“ ქართველმა ხელბურთელებმა — თემურ ქამადაძემ და ვახტანგ ხარებაშვილმა — ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყეს. კლაიპედელებმა სუპერთასის მატჩში ვილნიუსის „შვიესას“ დამაჯერებლად მოუგეს (33:26) და თასი ზედიზედ მესამედ მოიპოვეს. ხარებაშვილმა 1 გოლი გაიტანა.
